Skip to content Skip to sidebar Skip to footer

რა არის ბავშვის შენჯღრევის სინდრომი?

ბავშვის შენჯღრევის სინდრომი არის ტვინის სერიოზული დაზიანება, რომელიც ჩვილ ან მცირეწლოვან ბავშვებს ემართებათ, შეჯანჯღარების შემდეგ. შერხევის ძალა კლავს ბავშვის ტვინის უჯრედებს და იწვევს  ჟანგბადის ნაკლებობას ტვინში.

ბავშვის შენჯღრევის სინდრომი აღიარებულია ბავშვზე ძალადობის ფორმად.

მიზეზები

ჩვილებს დრო სჭირდებათ თავის დაჭერის სწავლისთვის, რადგან მათი კისრის კუნთები სუსტია და ბავშვების ზრდასთან ერთად ძლიერდება. იგივე ეხება მათ ტვინს, რომელიც მუდმივად ვითარდება.

თუ ბავშვს ძლიერად შევარხევთ, მისი ტვინი თავის ქალაში  წინ და უკან იმოძრავებს, რაც იწვევს სისხლდენას, სისხლჩაქცევას და შეშუპებას. ამას მხოლოდ რამდენიმეწამიანი აგრესიული შენჯღრევა სჭირდება.

რისკ-ფაქტორები

ჩვილებს დიდი სიხარული მოაქვთ, მაგრამ იმედგაცრუების მომენტებიც შეიძლება გქონდეთ, თუ იგრძნობთ, რომ მათ ტირილს ვერ უმკლავდებით. შესაძლოა, ბავშვის დამშვიდებაში ხელი შეგიშალოთ შემდეგმა მოვლენებმა:

  • ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ნივთიერებების ბოროტად გამოყენება;
  • არასტაბილური ოჯახური ურთიერთობები
  • დეპრესია

შედეგები

როდესაც ბავშვს ძლიერად იქნევენ მკლავებით, ხელებით ან ფეხებით, შესაძლებელია ამან შემდგომში გამოიწვიოს:

  • სწავლის უნარის შეზღუდვა,
  • ქცევის დარღვევა,
  • მხედველობის პრობლემები ან სიბრმავე,
  • სმენისა და მეტყველების პრობლემები,
  • კრუნჩხვები,
  • ცერებრალური დამბლა,
  • ტვინის სერიოზული დაზიანება და მუდმივი ქმედუუნარობა.
  • ზოგიერთ შემთხვევაში, ეს შეიძლება სიკვდილით დასრულდეს.

სიმპტომები

ბავშვის შენჯღრევის სინდრომი ჩვილებში სხვადასხვა გზით ვლინდება, მათ შორისაა:

  • ღებინება
  • კანის გალურჯება
  • კანკალი
  • სუნთქვის გაძნელება
  • ძილიანობა
  • უმადობა
  • წოვის გაძნელება
  • ღიმილის ან მეტყველების შეწყვეტა

თქვენ შესაძლოა შეამჩნიოთ სისხლჩაქცევები მკლავებზე ან გულ-მკერდზე იმ ადგილებზე, სადაც ხელი ჩაავლეს. სხვა ფიზიკური ნიშნები:

  • ჩვეულებრივზე დიდი თავი ან შუბლი
  • სხვადასხვა ზომის გუგები
  • ერთი ხელის ან ფეხის უფრო მეტად გამოყენება

ამ სინდრომის მქონე ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ ისეთი სიმპტომებიც, რომელთა შემჩნევა სპეციალური აპარატურის გარეშე შეუძლებელია, მაგალითად:

  • გატეხილი ნეკნები ან სხვა ძვლები
  • ზურგის ან კისრის დაზიანება
  • ტვინში სისხლდენა
  • მსუბუქ შემთხვევებში, ქცევის, ჯანმრთელობის ან სწავლის პრობლემები მოგვიანებით გამოჩნდება.

დიაგნოზი

იმის გამო, რომ  ბავშვის შენჯღრევის   სინდრომმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ბავშვის ჯანმრთელობის სხვადასხვა ნაწილზე, დიაგნოზში შეიძლება ერთზე მეტი ექიმი ან სპეციალისტი იყოს ჩართული. შესაძლებელია საჭირო გახდეს შემდეგი კვლევები: მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, რენტგენი, სისხლის ანალიზი, თვალის გამოკვლევა.

მკურნალობა და პრევენცია

ზემოხსენებული სინდრომის მკურნალობა დამოკიდებულია ტრავმის ხარისხზე. შესაძლებელია, საჭირო გახდეს გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა. ზოგიერთ ბავშვს კი შესაძლოა დასჭირდეს მოვლა მთელი ცხოვრების მანძილზე.

ბავშვის შენჯღრევის სინდრომის თავიდან არიდება 100%-ით შეიძლება. ეს იწყება იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვის ყველა აღმზრდელს – მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს, ძიძებს და ა.შ. – ორი რამ ესმით:

1. ბავშვის შენჯღრევის საფრთხეები, თუნდაც რამდენიმე წამით.

2. ჩვილები ბევრს ტირიან. განსაკუთრებით, 2-3 თვის ასაკში. ტირილი იწყება და წყდება მიზეზის გარეშე. მას არაფერი აჩერებს. როდესაც ჩვილები ტირიან, შესაძლოა გამოიყურებოდნენ ისე, თითქოს ტკივილი აწუხებთ, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. მათ შეუძლიათ გაუჩერებლივ ტირილი რამდენიმე საათის განმავლობაში. განსაკუთრებით, ნაშუადღევის ან საღამოს საათებში.

უკონტროლო ტირილის დროს ჩვილის დამშვიდების მეთოდებზე წაიკითხეთ ჩვენს სტატიაში. თუმცა, ზოგჯერ არაფერი მუშაობს და ამ დროს თქვენ განსაკუთრებით გჭირდებათ თქვენი განცდების მართვა. თუ გრძნობთ, რომ ზღვარზე ხართ და შეიძლება პატარას რამე დაუშავოთ, დააწვინეთ ზურგზე უსაფრთხო ადგილას, დაურეკეთ ახლობელ ადამიანს და დაელაპარაკეთ თქვენს იმედგაცრუებაზე. საუბრისას შეამოწმეთ ბავშვი ყოველ 5 ან 10 წუთში. სთხოვეთ ვინმეს, დარჩეს მასთან ნახევარი საათის განმავლობაში, სანამ გაისეირნებთ ან შხაპს მიიღებთ  და დამშვიდდებით.

თუ შეამჩნევთ, რომ ძიძა ან მეორე მშობელია გადაწვის ზღვარზე, ანუგეშეთ და მიუთითეთ უსაფრთხო ადგილი, სადაც შეეძლებათ ბავშვის დატოვება, სანამ დაისვენებენ. ჩვილების მსგავსად, ზოგჯერ მშობლებსა და აღმზრდელებს უბრალოდ სჭირდებათ ტირილი და ნუგეშისცემა.

თუ შეამჩნევთ, რომ ბავშვს ანჯღრევენ ან ძლიერად იქნევენ მკლავებით, ხელებით ან ფეხებით, აუცილებლად მიუთითეთ და მოუყევით ბავშვის შენჯღრევის სინდრომზე, რადგან შესაძლოა მათ არ ჰქონდეთ ინფორმაცია ამის შესახებ.

წყარო: www.webmd.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5