მუცელზე თამაშის დროს ვითარდება ჩვილის კუნთები, რაც ეხმარება თავის დაჭერის, წამოჯდომის, ხოხვის და სიარულის სწავლაში. გახსოვდეთ „ზურგი ძილისთვის, მუცელი თამაშისთვის“ – ძილის დროს ბავშვი დააწვინეთ აუცილებლად ზურგზე, მუცელზე კი მხოლოდ მაშინ, როცა ღვიძავს და თქვენი მეთვალყურეობის ქვეშაა.
როდის უნდა დავაწყებინო ბავშვს მუცელზე თამაში?
ამერიკის პედიატრთა ასოციაცია გირჩევთ, რომ ბავშვი მუცელზე ათამაშოთ სამშობიაროდან სახლში მოყვანის დღიდანვე.
როგორ ვათამაშო ბავშვი მუცელზე?
მუცელზე თამაშისთვის იდეალური დროა ბავშვის გაღვიძების ან საფენის გამოცვლის შემდეგ. დააწვინეთ ის მუცელზე იატაკზე დაგებულ სათამაშო ხალიჩაზე. დაუდეთ შორიახლოს მისი საყვარელი სათამაშოები. თავდაპირველად, სცადეთ, ათამაშოთ მუცელზე 3-5 წუთით 2-3-ჯერ დღეში. როდესაც ბავშვი შეეჩვევა და ესიამოვნება ეს თამაში, უფრო ხშირად და ხანგრძლივად ათამაშეთ ასე.
არასდროს დააწვინოთ პატარა მუცელზე ძილის დროს, რადგან ეს პოზიცია ზრდის ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკს. თუ ღელავთ იმის გამო, რომ ზურგზე წოლისგან ჩვილს თავი მიუბრტყელდა, ის ბავშვის ზრდასთან ერთად მომრგვალდება. სიფხიზლის დროს მუცელზე წოლა ამცირებს პლაგიოცეფალიის რისკს, ასევე შეგიძლიათ 1 კვირა საწოლში ფეხების მხარეს ჩააწვინოთ, მეორე კვირა მეორე მხარეს. თავი აარიდეთ დიდი ხნით ბაუნსერის, საქანელას, ქარსითის (შორ მანძილებზე მგზავრობის დროს გააკეთეთ შესვენებები, ამოიყვანეთ სავარძლიდან, გაიარ-გამოიარეთ და ისევ ჩააწვინეთ) და კენგურუს გამოყენებას.
როგორ გავზარდო მუცელზე თამაშის დრო?
ზოგიერთ ბავშვს ნაკლებად სიამოვნებს მუცელზე წოლა, ამიტომ განსაკუთრებული გართობა სჭირდება, რათა ცოტა ხანს მაინც გაჩერდეს ამ პოზიციაში. გთავაზობთ რამდენიმე ნაცად ხერხს:
- მიუწექით ბავშვს იატაკზე წინ ან გვერდით. ელაპარაკეთ და შესთავაზეთ სპეციალური სათამაშო.
- წინ დაუდეთ უტეხი სარკე და ყველა მხრიდან დაანახეთ, რომ საკუთარი თავი აღმოაჩინოს შიგნით.
- საინტერესო ნივთები დაუდეთ შორიახლოს, რათა მოინდომოს მათი ჩაბღუჯვა.
- თუ აპროტესტებს მუცელზე წოლას, შესაჩვევად დააწვინეთ ლაქტაციის ბალიშზე.
- დაწექით ზურგზე და პატარა დაიწვინეთ მუცელზე. არ დაგავიწყდეთ სულელური ხმების გამოცემა და კოცნები.
რა სარგებელი მოაქვს მუცელზე თამაშს და რატომ არის ის ასე მნიშვნელოვანი?
მუცელზე თამაში:
- ხელს უშლის ბავშვის თავის გაბრტყელებას.
- უვითარებს ბავშვს მხრების, მკლავების, ზურგის ზედა ნაწილის და კისრის კუნთებს, რათა დაეხმაროს თავის დაჭერის სწავლაში.
- ხელს უწყობს მოტორული უნარების განვითარებას, რომელიც საჭიროა გაჭიმვის, გადაბრუნების, დაჯდომის და ხოხვის სწავლისთვის.
რა უნდა ვქნა, თუ ჩემი ბავშვი ვერ იტანს მუცელზე თამაშს?
- სცადეთ ხშირად და ხანმოკლე დროით, 1-2 წუთით გააჩეროთ მუცელზე და თანდათან გაზარდოთ დრო.
- შეცვალეთ სათამაშო ადგილი.
- გაუკეთეთ ტერფების მასაჟი.
- მოიწვიეთ ხალიჩაზე უფროსი და-ძმა.
მუცელზე თამაში თქვენს პატარას ამზადებს განვითარების ახალი ეტაპებისთვის. თუ იატაკზე საჭირო დროს გაატარებენ, 3 თვისთვის, ბავშვების უმრავლესობას შეუძლია 45 გრადუსით წამოწიოს თავი, 1 თვის შემდეგ კი საკუთარ ხელებზე დაყრდნობით – 90 გრადუსით. დაახლოებით 9 თვის ასაკში იწყებენ ხოხვას (უფრო ადრე და უფრო გვიანაც ნორმალურია).
წყარო: www.whattoexpect.com