ლაქტაციის მრჩევლის შორენა ლაღაძის ბლოგი
შეიძლება ბოლო დროს ხშირად გსმენიათ ფრაზა ‘’ძუძუთი კვების დროს სწორი მოჭიდება მნიშვნელოვანია.’’ იმდენად ხშირადაც, რომ პასუხად გითქვამთ ‘’არ იყო ადრე კარგი მოჭიდება, მაგრამ გაიზარდნენ ბავშვები.’’
არადა, მოჭიდების პრინციპები სულ არსებობდა და სულ მნიშვნელოვანი იყო. ახალშობილი იბადება წოვის ძლიერი ინსტინქტით, თუმცა არ იბადება ცოდნით მოჭიდების შესახებ. მოჭიდების შესახებ არც ჩვენ, დედებს არ დაგვყვება ინფორმაცია აკვნიდან და თუ ძველად გლეხებს – დედები, ხოლო დედოფლებს მსახურები ასწავლიდნენ მოჭიდებას, ახლა ეს ფუნქცია სამშობიაროს პერსონალმა უნდა შეითავსოს. ყოველი შემთხვევისათვის ასე ავალდებულებთ მათ კანონი ბუნებრივი კვების შესახებ.
ძუძუზე კარგი მოჭიდების საშუალებით, თქვენი ახალშობილი უკანა, ცხიმიანი რძით იკვებება, დროულად ნაყრდება და ნორმის ფარგლებში იმატებს წონაში. ეს ბლოგი იქნება იმის შესახებ, თუ რა არის საჭირო თეორიულად კარგი მოჭიდებისათვის.
ცუდი მოჭიდებით თქვენი ბავშვი ვერ მიიღებს საკმარის რძეს, შესაბამისად ვერ მოიმატებს წონაში, დაგისკდებათ ძუძუს თავები, ხშირად გექნებათ ლაქტოსტაზი (გამაგრება) , მასტიტი, სიცხე, შეგიმცირდებათ ან გაგიშრებათ რძე.
თუ თქვენ ბავშვი არასწორად ეჭიდება, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ლაქტაციის კონსულტანტს დახმარებისთვის ან პედიატრს, რომელსაც გავლილი აქვს ძუძუთი კვების კურსები. როგორც წესი, პედიატრს არ ევალება გასწავლოთ მოჭიდება, თუმცა უნდა შეძლოს მისი შეფასება.

კარგი მოჭიდებისათვის, აუცილებლად დააწვინეთ ბავშვი კომფორტულად – სამწუხაროდ ახალშობილი ვერ გეტყვით რამდენად კომფორტულად გრძნობს თავს ამა თუ იმ პოზიციაში, ამიტომ მისთვის ერთი ოქროს წესი არსებობს – ძუძუთი კვების დროს ბავშვს დედისაკენ მთელი სხეული უნდა ჰქონდეს მოტრიალებული, მისი მუცელი უნდა ებჯინებოდეს დედის მუცელს. სასურველია თუ პატარას დასაჭერად გამოიყენებთ ლაქტაციის ბალიშს.
მიიტანეთ ძუძუსთავი ბავშვის ზედა ტუჩსა და ცხვირთან, პატარა დაიწყებს ძუძუს ძებნას. როდესაც ის მაქსიმალურად დიდ პირს გააღებს, ხელით მიიტანეთ ბავშვის თავი ძუძუსთან (არასოდეს მიიტანოთ ძუძუსთავი ბავშვის თავთან) და გეჭიროთ წოვის ბოლომდე მოხერხებულად. გასწიეთ კერტი (ძუძუს თავი ) ისე, რომ ბავშვმა არეოლას (ყავისფერი არე ძუძუსთავის ირგვლივ) დიდი ნაწილი ჩაიდოს ძუძუს თავთან ერთად. თუ პატარა მხოლოდ არეოლას ან მხოლოდ თავს მოეჭიდა, სასწრაფოდ ჩაუყავით პირში ძუძუსთან ერთად თქვენი ნეკა თითი და როდესაც იგი თითს მოეჭიდება, ამოაცალეთ ძუძუ. ამის შემდეგ სცადეთ თავიდან. თუ დიდი ზომის არეოლა გაქვთ, შეგიძლიათ ხელით ‘’მოკეცოთ’’ ის.
მნიშვნელოვანია რომ ბავშვს წოვის დაწყებისთანავე მთელი არეოლა, ძუძუსთავთან ერთად უნდა ედოს პირში. არეოლაზე ბევრი ნერვული დაბოლოება მდებარეობს. როდესაც ბავშვი ტუჩებით მსუბუქად აწვება არეოლას, ეს დაბოლოებები თავის ტვინში აგზავნიან სიგნალს ‘’ბავშვი წოვს, რძეა საჭირო’’, ტვინში ჰორმონების ჯაჭვი ირთვება და მკერდში რძე ჩნდება. ეს პროცესი ძალიან ჯადოსნური და ამაღელვებელი ჩანს, სამედიცინო თვალსაზრისით კი ერთი, საკმაოდ რთული ქიმიური რეაქციაა.
როდესაც თქვენი ჩვილი მოეჭიდება, ჯერ მისი ნიკაპი უნდა შეეხოს მკერდს, ხოლო შემდეგ, ზედა ტუჩი უნდა გადაეფაროს არეოლას. პირველ რიგში დააკვირდით თქვენი არეოლის ქვედა ნაწილს, სწორი მოჭიდების დროს ის თითქმის არ უნდა მოჩანდეს, რაც შეეხება არეოლას ზედა ნაწილს, ის შეიძლება მოჩანდეს უფრო მეტად, ვიდრე ქვედა. ბავშვს ზედა და ქვედა ტუჩი თევზის ტუჩების მსგავსად უნდა ჰქონდეს ამოტრიალებული, პირი მაქსიმალურად გაღებული, ნიკაპი ძუძუზე მჭიდროდ მიდებული, ხოლო ცხვირი ძუძუდან მაქსიმალურად შორს.
თუ მოჭიდება საკმარისად ღრმა არ არის, თქვენ დიდი ალბათობით ძუძუს თავის ტკივილს იგრძნობთ. გამოაცალეთ ბავშვს ძუძუ და სცადეთ თავიდან.
სწორი მოჭიდების დროს თქვენ იგრძნობთ, როგორ ებჯინება ბავშვის ენა მკერდის ქვედა ნაწილს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბავშვის ორივე ტუჩი ამოტრიალებული უნდა იყოს ისე, რომ მოსჩანდეს ლორწოვანი გარსი, თუმცა ჯდომითი პოზიციის დროს შეიძლება ვერ დაინახოთ ამოტრიალებული ქვედა ტუჩი.
როდესაც ბავშვი კარგად ეჭიდება, უნდა გაიგონოთ რძის ყლაპვის ხმა. მნიშვნელოვანია მოძრაობდეს მხოლოდ ბავშვის ყბა და ყელი და არა – ლოყები. წოვის დროს მკერდზე მჭიდროდ მიბჯენილი ბავშვის ენა ‘’ამასაჟებს’’ მკერდს და კიდევ უფრო ააქტიურებს რძის წარმოქმნას.
თუ მოჭიდება მტკივნეულია, აუცილებლად გამოართვით ბავშვს ძუძუ და სცადეთ თავიდან, მიუხედავად მისი წუწუნისა. თუ ძუძუს გამორთმევის შემდეგ ჩვილი ტირის, დაამშვიდეთ ის თქვენი თითის შეთავაზებით.
შეგიძლიათ, სცადოთ სხვადასხვა პოზიციები და ნახოთ, როგორ გრძნობს ჩვილი თავს უფრო კომფორტულად – დაწოლილ თუ წამომჯდარ პოზიციაში.
ოთხი წლის წინ, როდესაც ჩემი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი შვილი დაიბადა, აცრისა და შესაბამისი პროცედურების შემდეგ ის პალატაში მომიყვანეს. დიდი, შავი თვალებით მიყურებდა, გაოცებული და შეშინებული იყო მისთვის ახალი, უცხო სამყაროთი. პირველი, რაც სამშობიაროს მედდას ვთხოვე, მოჭიდებაში დახმარება იყო, თუმცა მისგან უარი მივიღე. მერე, როგორღაც, წაკითხული, ინგლისურენოვანი სტატიების დახმარებით (მაშინ ქართულად ამ თემაზე ინფორმაცია არ არსებობდა, ძუძუთი კვება არ იყო ‘’მოდაში’’) დამოუკიდებლად გამოგვივიდა, იმდენად კარგად, რომ ხსენით დანაყრებულს მთელი ღამე მშვიდად ეძინა. იმისათვის, რომ სამშობიარო სახლში თქვენც ჩემსავით ხახამშრალნი, დახმარების გარეშე არ დარჩეთ, ლაქტაციის მთელი სირთულეები მარტოდმარტომ, ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე არ გაიაროთ, აუცილებლად მოემზადეთ ბავშვის გაჩენამდე ინფორმაციულად და მტკიცედ გადაწყვიტეთ – რას აჭმევთ მას. თქვენი შვილის კვება, ისევე როგორც მისი სახელის არჩევა (და სახელზე უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი) თქვენი არჩევანია და არა სხვა, მესამე პირის გადასაწყვეტი.