თუ გახსოვთ, ორსულობის დროს მუცელში რეგულარ ბიძგებს რომ გრძნობდით? ეს ალბათ 21 კვირის შემდეგ ხდებოდა და სწორედ მაშინ თქვენი პატარა ასლოკინებდა.
წლამდე ბავშვები ხშირად ასლოკინებენ და ხანდახან ეს მშობლების შფოთვის მიზეზია, თუმცა არაფერია საშიში. სლოკინი უვნებელია და როგორც წესი, არ აწუხებთ ბავშვებს.
რატომ ასლოკინებენ ჩვილები?
სლოკინი ხშირად ხდება დიაფრაგმის (გულმკერდისა და მუცლის ღრუს გამყოფი კუნთი) უნებლიე შეკუმშვის გამო. ეს იწვევს ჰაერის გადასვლას ყელში, რის საპასუხოდაც ხმოვანი იოგები უეცრად იხურებიან და ისმის სლოკინის ხმა.
ზუსტად არ არის დადგენილი, რატომ ასლოკინებენ ჩვილები ასე ხშირად, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ამით ისინი ცდილობენ ზედმეტი ჰაერის ამოღებას მუცლიდან. შეიძლება ამის მიზეზი იყოს:
- ასაკობრივ ნორმაზე მეტი საკვების მიღება
- სწრაფად ჭამა
- დიდი რადენობით ჰაერის ჩაყლაპვა
როგორ დავეხმაროთ ჩვილს სლოკინის შეჩერებაში?
დაელოდეთ სლოკინის შეჩერებას. მართალია, ეს რთულია, მაგრამ ხანდახან თქვენ მხოლოდ ლოდინი შეგიძლიათ. ჩვეულებრივ, სლოკინი რამდენიმე წუთში გაივლის.
მიეცით „მატყუარა“ საწოვარა. შესაძლოა, წოვა დაეხმაროს დიაფრაგმის მოდუნებაში.
ამოაქარვებინეთ (ამოაბოყინებინეთ). როცა აჭმევთ, გააკეთეთ შესვენებები, რათა ხელი შეუშალოთ გაზების დაგროვებას პატარას მუცელში. თუ ძუძუთი კვებავთ, ამოაქარვებინეთ მეორე ძუძუზე გადასვლის დროს ან თუ ბავშვი ტირილს იწყებს კვების დროს. თუ ბოთლით კვებავთ – ყოველი 30 მლ-ის შემდეგ.
დაუზილეთ ზურგი ან მუცელი. ისევ და ისევ, დიაფრაგმის მოსადუნებლად.
აჭამეთ. ბავშვები, რომლებსაც რეფლუქსი აწუხებთ, ხანდახან ძლიერად ასლოკინებენ. მოკლე, ხშირი კვებები და ჭამის შემდეგ ვერტიკალურად დაჭერა შეიძლება შვებისმომცემი იყოს მათთვის.
არ მისცეთ ჩვილს წყალი სლოკინის შესაჩერებლად. 6 თვემდე ბავშვებს მხოლოდ დედის რძე ან ხელოვნური ნარევი სჭირდებათ, 6 თვიდან კი მცირე რაოდენობის წყალი მხოლოდ მაშინ, როცა მოსწყურდებათ.
როგორ ავირიდოთ თავიდან ჩვილის სლოკინი?
- ამოაქარვებინეთ ჭამის დროს.
- აჭამეთ, როგორც კი შეატყობთ შიმშილის ნიშნებს.
- ბოთლით კვების დროს გამოიყენეთ ზუსტი ზომის საწოვარა.
- ძუძუთი კვების დროს დარწმუნდით, რომ სწორად ეჭიდება ძუძუს.
- არ გადატვირთოთ საჭმლით.
სლოკინი საშიშია ჩვილისთვის?
როგორც წესი, სლოკინი საშიში არ არის და გრძელდება ბავშვის პირველ დაბადების დღემდე.
ამასთანავე, ხშირი სლოკინი შეიძლება გასტროეზოფაგური რეფლუქსის ნიშანი იყოს. იშვიათ შემთხვევებში, წელიწადზე მეტ ხანს გაგრძელებული სლოკინი უფრო სერიოზული დაავადების ეჭვს ბადებს.
მიმართეთ ექიმს, თუ ჩვილი:
- ხშირად ასლოკინებს,
- აღებინებს,
- ახველებს,
- ზედმეტად ჭირვეულობს,
- ასლოკინებს 48 საათზე მეტხანს,
- ხშირად ასლოკინებს 1 წლის შემდეგ.
წყარო: https://www.babycenter.com/