იცოდით, რომ 7 წლამდე ასაკის ბავშვების დაახლოებით 65 % -ს წარმოსახვითი მეგობარი ჰყავს და ეს უჩვეულო რამ სულაც არ არის?! წარმოსახვითი მეგობრის შეძენა ბავშვის განვითარების ნორმალური მოვლენაა და მის კარგად განვითარებულ ფანტაზიაზე მიუთითებს. ი.ციციშვილის ბავშვთა ფსიქოლოგიური სამსახურის ფსიქოდიაგნოსტი ზანდა ჩეჩელაშვილი გვესაუბრება წარმოსახვითი მეგობრების ფენომენზე, როდემდე რჩებიან ბავშვებთან გამოგონილი მეგობრები და როდის არის სპეციალისტის ჩარევა სასურველი.
როდის ჩნდებიან ბავშვებთან წარმოსახვითი მეგობრები და რაზე მიუთითებს ეს ფენომენი?
წარმოსახვითი მეგობრის ფორმირება წარმოსახვითი თამაშის ტიპური, გავრცელებული და აბსოლუტურად ჯანსაღი ფორმაა, რაც 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საკმაოდ დამახასიათებელია. ყველაზე ხშირად გამოგონილი მეგობარი 2-დან 4 წლამდე ასაკში ჩნდება და ადრეულ სასკოლო ასაკში, დაახლოებით 9 წლის ასაკისთვის ქრება.
წარმოიდგინეთ, ერთ საღამოს ბავშვთან თამაშობთ, გარკვეული პერიოდი მშვენივრად ერთობით, მეორე წუთს კი ბავშვი გთხოვთ, რომ გაიწიოთ და ადგილი გაუთავისუფლოთ „ რუ“- ს, მის წარმოსახვით მეგობარს, რომელიც დელფინია, მაგრამ მთლიანად ვარსკვლავებითაა დაფარული, მთვარეზე ცხოვრობს, ცხოველები და ტკბილეული უყვარს, ძალიან ძალიან ძალიან სწრაფია, ფრენაც შეუძლია, ლაპარაკიც და ურჩევნია მშობლების გარეშე თამაშობდეს.
მშობლების უმრავლესობას ეს აფრთხობს. თუმცა, 7 წლამდე ასაკში ბავშვების დაახლოებით 65 %-ს წარმოსახვითი მეგობარი ჰყავს და ეს აბსოლუტური ნორმაა.
ბავშვების ფანტაზია განვითარებას დაახლოებით 2 წლის ასაკიდან იწყებს, 2-3 წლის ასაკში ბავშვები უკვე თამაშობენ სიმბოლურად, თამაშობენ წარმოსახვით თამაშებს. ამ პროცესში ისინი ესაუბრებიან სათამაშოებს, ცხოველებს, მულტფილმის პერსონაჟებს ისე, თითქოს რეალურები იყვნენ, რაც განვითარების ერთ-ერთ საფეხურს წარმოადგენს.
წარმოსახვითი მეგობრების არსებობა მეტყველებს ბავშვის სოციო-ემოციურ განვითარებაზე. ის, რომ ბავშვს შეუძლია მისგან განსხვავებული არსების შექმნა, მისი პერსპექტივის გათვალისწინება, იმის წარმოსახვა, რომ სხვას შეიძლება მისგან განსხვავებული შესაძლებლობები, სურვილები, ფიქრები თუ ქცევა ჰქონდეს, იცოდეს ის, რაც შენ არ იცი, ნამდვილად მეტყველებს ბავშვის განვითარებაზე.
ვინ შეიძლება იყოს ბავშვის წარმოსახვითი მეგობარი?
წარმოსახვითი მეგობარი ბავშვის ფანტაზიის ნაყოფია, შესაბამისად, ის შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, ფორმის, ან ასაკის, შეიძლება იყოს რეალური ადამიანის პროტოტიპი, ან გაცოცხლებული სათამაშო, მულტფილმის გმირი, რამე არარსებული, ან თუნდაც არსებული ცხოველი. თუმცა, როგორც წესი წარმოსახვით მეგობრებს, როგორებიც უნდა იყონ ისინი, რაღაც განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვთ, ან ადამიანებივით საუბრობენ და იქცევიან კიდეც. ამასთან, ეს მეგობარი, შესაძლოა ყოველთვის ბავშვის გვერდით იყოს, ან ჩნდებოდეს და ქრებოდეს, როცა ეს მას სჭირდება. არსებობდეს მხოლოდ ერთ კონკრეტულ სიტუაციაში, ან რამდენიმეშიც.
არსებობს მოსაზრებები, რომ წარმოსახვითი მეგობრები, ყოველთვის დადებითი პერსონაჟები არიან. ყოველთვის უსმენენ ბავშვს, იმას აკეთებენ რაც ბავშვს სურს, ინახავენ საიდუმლოს, არიან კეთილები, გულისხმიერები და მხარდამჭერები. თუმცა, პრაქტიკაში, თავად ბავშვების მონაყოლიდან გამომდინარე, მთლად ასეც არ ხდება. წარმოსახვითი მეგობარი, ისევე როგორც რეალური, შესაძლოა კარგად ეწყობოდეს ბავშვს, თუმცა, შესაძლოა იყოს კონფლიქტებიც. მაგ. არსებობს შემთხვევები, როცა ბავშვი ჩივის, რომ მისი წარმოსახვითი მეგობარი ყოველთვის არ მოდის როცა ეძახიან, ან არ ქრება, როცა ეუბნებიან რომ წავიდეს, ან ცუდად იქცევა, მაგ. სათამაშოებს ართმევს მას.
მშობლები საკმაოდ შფოთავენ ამ საკითხზე, მიაჩნიათ, რომ რაღაც რიგზე ვერ არის, როდესაც ბავშვი წარმოსახვით მეგობარს იჩენს…
ხშირად, როცა ბავშვს წარმოსახვითი მეგობარი ჰყავს ჩნდება კითხვები : „რატომ? რაშია პრობლემა? ხომ არ უჭირს ბავშვს რეალური მეგობრების შეძენა? ხომ არ არის ეს რამე ფსიქოლოგიური ტრავმის, ან აშლილობის შედეგი?“
არსებობს მრავალი სტერეოტიპიც ბავშვების მიმართ, რომლებსაც გამოგონილი მეგობრები ჰყავთ, კერძოდ, რომ არიან მორიდებულები, მორცხვები, შებოჭილები, უჭირთ გარემოსთან ადაპტაცია და ა.შ. ერთი შეხედვით, ეს მოსაზრებები ლოგიკურია.
რეალურად, შესაძლოა ბავშვმა მართლაც გამოიყენოს გამოგონილი არსებები პრობლემებთან გამკლავების პროცესში, შიშის დაძლევაში, იმ საიდუმლოებებზე საუბარში, რასაც სხვებს ვერ გაუზიარებს. თუ ბავშვს არ ეძლევა შესაძლებლობა ისე ითამაშოს როგორც თავად სურს, ან ის აკეთოს რაც თავად სურს, ყოველთვის შეუძლია ეს გააკეთოს გამოგონილ არსებასთან. ან მაგ. თუ ჩემი ოჯახის წევრები ჩხუბობენ და ამაზე მათ ვერ ვესაუბრები, ყოველთვის შემიძლია ჩემი განცდები ჩემ მეგობარს მოვუყვე და ზუსტად ვიცოდე რომ ამას არავის ეტყვის. ან რატომ უნდა შემეშინდეს ეზოში დიდი ძაღლების, როცა ზურგს ჩემი დიდი დათვი მიმაგრებს?
თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, წარმოსახვითი მეგობრები ბავშვს იმიტომ ჰყავს, რომ მათთან თამაში სახალისოა. კვლევებითაც დასტურდება, რომ გამოგონილი მეგობრები უფრო ხშირად ჰყავთ ბავშვებს, რომლებსაც ძალიან მოსწონთ სხვებთან კონტაქტი და სოციალურად აქტიურები არიან, არ არიან მორცხვები და შებოჭილები. ასე ისინი ახერხებენ მუდმივად ჰქონდეთ კომუნიკაცია სხვებთან, თუნდაც გამოგონილ არსებებთან.
გამოგონილი მეგობრების არსებობა არაა იმის მტკიცებულება, რომ ბავშვს რამე უჭირს და დახმარება სჭირდება. უმეტეს შემთხვევაში ეს ერთგვარი კომფორტის ზონის შექმნაა, ამასთან კვლევები იმასაც ადასტურებს რომ წარმოსახვითი მეგობრები ეხმარება ბავშვს სტრესის დაძლევაში, უკეთესი სოციალური უნარების შეძენაში, გამკლავების სტრატეგიების შემუშავებაში, დამოუკიდებლობის თუ საკუთარი მნიშვნელოვნების განცდის ფორმირებაში.
როდის ხდება წარმოსახვითი მეგობარი პრობლემა და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს?
თუ ბავშვს წარმოსახვითი მეგობარი ჰყავს, ეს ნამდვილად არ არის შიშის საფუძველი. ეს ბევრ რამეს გეტყვით ბავშვის შინაგან მდგომარეობაზე, თუ მას კარგად მოუსმენთ. შეეცადეთ აღაწერინოთ მას მისი მეგობარი, რას აკეთებს, რა უნარები აქვს, რა უყვარს, რა არ გამოსდის. ბავშვის მონათხრობით ბევრ რამეს სწორედ თქვენ შვილზე გაიგებთ, მის ფიქრებზე, სურვილებზე თუ სირთულეებზე.
ამასთან, გახსოვდეთ, რომ წარმოსახვითი მეგობარი ისაა, ვინც:
- ბავშვს უსმენს და მხარს უჭერს
- ეთამაშება
- შეუძლია ისეთი რამეების კეთება, რაც ბავშვს არ გამოსდის
- განსაკუთრებულია და მხოლოდ ბავშვს ეკუთვნის, არავის სხვას.
- არ კიცხავს, არ ადანაშაულებს მას.
თუმცა, გარკვეულ სიტუაციებში მისი არსებობა ნამდვილად პრობლემური ხდება.
- როცა ბავშვი მოითხოვს მისი წარმოსახვითი მეგობრისთვის ცალკე პირობებს. მაგ. მისთვის ცალკე თეფშის დადებას მაგიდასთან, ცალკე საწოლის გაშლას, სხვა სათამაშოებს. რაღაც დოზით ამას არაუშავს, თუმცა მნიშვნელოვანია დავაწესოთ საზღვრები. მაგ. ცალკე თეფშის დადება მაგიდასთან არაფერია, აი მთლიანად ახალი სადილის მომზადება მისთვის უკვე მეტისმეტია. ამასთან, თუ ბავშვი ითხოვს განსაკუთრებულ წესრიგს მისი მეგობრისთვის, შეეცადეთ ბავშვმა ეს თავად გააკეთოს. თავად დაალაგოს საწოლი, ტანსაცმელი, გამოუყოს მეგობარს მისი სათამაშოებიდან რომელიმე. ნუ გააკეთებთ ყველაფერს ბავშვის ნაცვლად. წაახალისეთ, მეგობარზე ზრუნვის პასუხისმგებლობა თავად აიღოს.
- როცა ბავშვი მეგობრის შუამავლობით გესაუბრებათ. მაგ. ამბობს, რომ „რუს“ უნდა ჰკითხოს შეჭამს თუ არა, ან უნდა თუ არა ბაღში წასვლა. ან შესაძლოა გთხოვოთ თქვენ თვითონაც ესაუბროთ მის მეგობარს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ბავშვს ვუთხრათ, რომ ჩვენ მისი აზრი გვაინტერესებს და არა მისი მეგობრის. რომ ჩვენთვის სწორედ მისი მოსაზრებაა მნიშვნელოვანი. ამასთან, აქაც მნიშვნელოვანია ბავშვს შევახსენოთ რომ ჩვენ ოჯახში გარკვეული წესები გვაქვს რომლის დაცვაც აუცილებელია, როგორც თავად ბავშვისთვის ისე მისი მეგობრისთვისაც, იმის მიუხედავად რომ შეიძლება ეს დიდად არ მოსწონდეთ და უნდოდეთ.
- როცა ბავშვი წარმოსახვით მეგობარს მიაწერს ცუდ საქციელს. ამბობს, რომ თეფში “რუმ”“ გატეხა. ამ შემთხვევაში ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ ეს შეუძლებელია, “რუ” ვერ გატეხდა. ასევე აუცილებელია ბავშვს დავეხმაროთ თავის ქცევაზე პასუხისმგებლობის აღებასა და ცუდი საქციელის გაცნობიერებაში.
როდის ქრებიან წარმოსახვითი მეგობრები?
გამოგონილი მეგობრები მოზარდობის დაწყებამდე ნელ-ნელა ქრებიან. ან ქრებიან მაშინ, როცა ბავშვი რეალურ მეგობრებთან ბევრად უფრო კომფორტულად და აქტიურად თამაშობს და არსებების გამოგონების საჭიროება აღარ არის. თუმცა, არის შემთხვევები, როცა ისინი ბავშვის ცხოვრებაში ბევრად უფრო ხანგრძლივი პერიოდით რჩებიან. ამ დროს შესაძლოა ბავშვი აღარც საუბრობდეს მათზე, გაკიცხვის ან დაცინვის შიშით. თუმცა, ჩვენ ვამჩნევდეთ რომ ისინი არსად წასულან.
ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა მივაქციოთ ბავშვის ფუნქციონირებას ყოველდღიურ ცხოვრებაში. თუ ბავშვს ექმნება სირთულეები რეალური მეგობრების შეძენაში, სწავლაში, გარემოსთან ადაპტაციაში. თუ აქვს შესაძლებლობა თანატოლებთან ურთიერთობის, მაგრამ ურჩევნია გამოგონილ მეგობართან გაატაროს დრო, ამასთან, თუ უჭირს განასხვავოს რეალური და წარმოსახული მეგობრები, სასურველია მივმართოთ სპეციალისტს და კარგად გავარკვიოთ, რატომ გახანგრძლივდა წარმოსახვთი მეგობრების არსებობის საჭიროება.