Skip to content Skip to sidebar Skip to footer

თქვენ ალბათ იცით დედის რძის დადებითი თვისებების შესახებ. იგი შეიცავს ანტისხეულებს, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვის იმუნური სისტემის განმტკიცებას და ახალშობილების უმრავლესობა უფრო მარტივად ინელებს დედის რძეს, ვიდრე მის შემცვლელ ადაპტირებულ ნარევს (ფორმულას).

მაგრამ თუ ახალბედა მეძუძური ხართ,  შესაძლოა არ იცოდეთ დედის რძის სხვადასხვა ფერის შესახებ და გეგონოთ, რომ დედის რძე იმავე ფერის უნდა იყოს, როგორც ფორმულა ან ძროხის რძე. ეს ასე არ არის. დედის რძის შემადგენლობა ყოველი კვებისას იცვლება და შესაბამისად,  მისი ფერიც. ნუ შეშფოთდებით, თუ თქვენი რძე შეფერილობას შეიცვლის. თუმცა, გაიგეთ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი.

როგორია დედის რძის „ნორმალური“ ფერი?

ერთი დედისთვის ნორმალური ფერი შეიძლება სხვისთვის ნორმალური არ იყოს – ასე რომ,  ნუ შეადარებთ თქვენს რძეს სხვა ქალების რძეს. უმეტეს შემთხვევაში, დედის რძე ჩვეულებრივ თეთრია, თუმცა მას შეიძლება ჰქონდეს ოდნავ მოყვითალო ან მოლურჯო ელფერი.

რა აყვითლებს დედის რძეს?

ხსენი

თუ თქვენ ახლახან იმშობიარეთ, შეიძლება გაგიკვირდეთ რომ თეთრი რძე კი არა, სქელი ყვითელი სითხე გაქვთ. ეს სრულიად ნორმალურია. მას ხსენი ჰქვია, მდიდარია ანტისხეულებით, რის გამოც ბავშვის „პირველ აცრასაც“ უწოდებენ. ის მაღალკალორიულია, ახალშობილის კუჭი ძალიან პატარაა და მისი მცირე რაოდენობაც საკმარისია პირველ დღეებში. მშობიარობიდან მაქსიმუმ 5 დღეში ის ნელ-ნელა გარდაიქმნება რძედ.

თქვენი მენიუ

თქვენმა რძემაც შესაძლოა მიიღოს მოყვითალო ფერი, თუ მიირთმევთ ყვითელ ან ნარინჯისფერ პროდუქტებს, მაგალითად სტაფილოს ან ტკბილ კარტოფილს.

გაყინვა

დედის რძეს შესაძლოა ფერი შეეცვალოს გაყინვის შემდეგ, თუმცა ეს ნორმალურია და არ ნიშნავს, რომ რამე პრობლემა აქვს.

რა ათეთრებს დედის რძეს?

მშობიარობიდან დაახლოებით 5 დღეში დედის რძე იღებს თეთრ შეფერილობას, თუმცა ის  შეიძლება გადავიდეს მუქი ყვითელიდან ღია ყვითელზე, ან მოყვითალო ფერიდან მთლიანად თეთრზე. ამ დროს ორგანიზმი აწარმოებს იმაზე მეტ რძეს, ვიდრე ბავშვს სჭირდება და დაახლოებით 2 კვირიდან დარეგულირდება მისი რაოდენობა ბავშვის წოვის მიხედვით.

რა აცისფრებს დედის რძეს?

მოცისფრო რძეც ნორმალურია და მას  ხშირად შენიშნავთ გამოწველის ან კვების დასაწყისში. ის ე.წ. „წინა რძეა“, უფრო თხელია, შეიცავს ნაკლებ ცხიმს და მეტ ელექტროლიტებს. კვების ან გამოწველის ბოლოში რძე სქელდება, იღებს კრემისებრ თეთრ ან მოყვითალო შეფერილობას და უფრო კალორიულია, ამიტომ არის საჭირო, რომ ბავშვმა ბოლომდე დაცალოს ძუძუ.

რა ამწვანებს დედის რძეს?

აბა, გაიხსენეთ, რა მიირთვით? შესაძლოა, მწვანე ფერის ბოსტნეული. გაითვალისწინეთ, რომ რძე დაუბრუნდება თავის ფერს და  ეს არ ნიშნავს, რომ  „გაფუჭდა“ და ეს პროდუქტი აღარ უნდა ჭამოთ.

რა ავარდისფრებს ან აწითლებს დედის რძეს?

თქვენი მენიუ

მოწითალო საჭმელმა ან სასმელმა შესაძლოა შეუცვალოს ფერი რძეს.

სისხლი

სისხლის მცირე რაოდენობამაც შეიძლება გააწითლოს რძის ფერი, თუმცა ეს ყოველთვის სერიოზულ პრობლემას არ ნიშნავს, შესაძლოა ძუძუსთავები გქონდეთ დახეთქილი ან კაპილარი გამწყდარი. ამ დროს თქვენ არ უნდა შეწყვიტოთ ძუძუთი კვება ან გამოწველა, საჭიროა შეასწოროთ მოჭიდება, რათა თავიდან აირიდოთ ძუძუსთავების პრობლემები. თუ რამდენიმე დღეში რძე არ დაუბრუნდა თავის ფერს, მიმართეთ მამოლოგს, რადგან შესაძლოა ეს ძუძუს ინფექციის ნიშანი იყოს.

რა აშავებს დედის რძეს?

მედიკამენტების, მაგალითად ანტიბიოტიკ მინოციკლინის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს რძის გაყავისფრება ან გაშავება.

გაითვალისწინეთ, რომ დედის რძის ფერის შეცვლა ასევე მოქმედებს ბავშვის განავალზე და ნუ გაგიკვირდებათ და შეშინდებით, თუ საფენის გამოცვლისას იქ ცისარტყელა დაგხვდებათ.

როდის მივმართოთ ექიმს?

– თუ მიუხედავად ძუძუსთავების მორჩენისა, დედის რძე მაინც მოწითალო ფერისაა.

– თუ იღებთ წამლებს და დედის რძეს მოშავო ფერი აქვს, მიმართეთ ექიმს, რათა დარწმუნდეთ, რომ ამ მედიკამენტების მიღება უსაფრთხოა.

წყარო: www.healthline.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5