“დედამიცისს” ესაუბრება ფსიქოლოგი ნათია მალანია.
“ჯიუტი ბავშვია, თავის ჭკუაზე გვატარებს” – ხშირად ისმის ბავშვის ქცევასთან დაკავშირებით. რას გამოხატავს ბავშვის სიჯიუტე და როგორ უნდა გავიგოთ მშობლებმა მისი ასეთი ქცევა?
ნებისმიერი ქცევა, რომელსაც ბავშვი ახორციელებს, არის გარემოსთან ინტერაქციის ერთ-ერთი ფორმა. არასასურველი ქცევაც არის კომუნიკაციის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ბავშვი რაღაცას გვეუბნება. ის არასასურველი ქცევებით საუბრობს, რადგან გარკვეულწილად გარემოს მხრიდან განმტკიცებული აქვს ასეთი კომუნიკაცია – რამდენჯერაც იტირა, იყვირა – მიიღო სასურველი, რაც მას უნდოდა. შესაძლებელია ასევე, რომ ბავშვს სოციალურად მისაღები ქცევების და უნარების დეფიციტი აქვს და უბრალოდ არ იცის, როგორ მოითხოვოს სწორად. როდესაც ქცევის ფუნქციებზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ მისი მეშვეობით ბავშვი რაღაც სასურველის მოპოვებას ცდილობს, ან არასასურველის თავიდან არიდებას, ან ყურადღების მიღებას მშობლისგან.
ნაცვლად იმისა, რომ არასასურველი ქცევები განვაზოგადოთ, ბავშვის პიროვნულ თვისებებად მივიჩნიოთ და ხმამაღლა გავაჟღეროთ, აქცენტი უნდა გაკეთდეს კონკრეტულად იმ საქციელზე, რაც მან განახორციელა. სჯობს, თავი შევიკავოთ, ისეთი იარლიყების მიწებებისგან, როგორიც არის „ჯიუტი“, „ცელქი“, უზრდელი“ ბავშვი, რადგან თითოეული ეს მახასიათებელი განსხვავებულად შეიძლება ინტერპრეტირდეს და განიმარტოს სხვადასხვა ადამიანის მიერ. ამავე დროს, 3-4 წლის ასაკში, როდესაც იწყება თვითშეფასების ფორმირება, ბავშვი საკუთარ თავს აღიქვამს ისეთად, როგორადაც ხედავენ მას მისთვის ავტორიტეტი უფროსები. თუკი ის „დაიჯერებს“, რომ ჯიუტი და ცელქია, შესაძლოა „გაამართლოს მოლოდინები“ და არასასურველი ქცევები განახორციელოს.
რა შეიძლება იყოს ბავშვის ასეთი ქცევის მიზეზი?
თუ ბავშვი გვეურჩება, ტანტრუმს აწყობს, გვეწინააღმდეგება და გვიჭირს მისი მართვა, მნიშვნელოვანია, დავფიქრდეთ რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და რატომ აკეთებს ამას. შესაძლებელია, მას რაღაცა სტკივა, რაღაცა აწუხებს, საკმარისად არ ეძინა, საკმარისად დანაყრებული არ არის, და ა.შ. შესაძლებელია გარემო ფაქტორები ახდენენ გავლენას – აწუხებს ხმაური, განათება, ტემპერატურა, ტანსაცმლის ფაქტურა ან შესაძლებელია მისი კოგნიტური თუ ფსიქო-სოციალური განვითარება განაპირობებს ამას. სანამ მოხდება ჩარევის სტრატეგიების გამოყენება, აუცილებელია ვიკვლიოთ წინაპირობა, მიზეზები, რის გამოც ავლენს ბავშვი არასასურველ ქცევებს.
მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ ყველა ასაკს განვითარების თავისი მახასიათებლები აქვს, ის რაც შეიძლება სამი წლის ასაკში იყოს ნორმა, 5 წლის ასაკში აღარ იყოს მისაღები. რაც უფრო ადრეულ ასაკში გამოვიყენებთ ქცევის მართვის სწორ სტრატეგიებს, მით მეტია ალბათობა, მაღალ ასაკში ავირიდოთ არასასურველი ქცევები ბავშვის მხრიდან. თუმცა, უნდა გვახსოვდეს ასევე, რომ ბავშვს მოვთხოვოთ მხოლოდ იმდენი, რისი რესურსიც მას გააჩნია. მაგალითად, ერთ წლამდე ბავშვებს თავიანთი ქცევა გააზრებული და განზრახული არ აქვთ, ისინი სპონტანურად ამყარებენ კომუნიკაციას სამყაროსთან და ამ ეტაპზე იწყება ნდობის განვითარება, როგორც ადამიანების, ასევე სამყაროს მიმართ – რამდენად ზრუნავენ მასზე, როგორ უვლიან, რამდენად ითვალისწინებენ ბავშვის საჭიროებებს და შემდეგ უკვე გააზრებულად იქცევიან. 3 წლამდე ასაკს თავისი მახასიათებლები აქვს, 6-7 წლამდე პერიოდში სხვადასხვა სირთულეები ვლინდება და ა.შ.
გვესაუბრეთ 1-დან 3 წლამდე ასაკის პერიოდზე, რომელიც ერთ–ერთ კრიზისულ პერიოდად ითვლება ბავშვის განვითარებაში?
1-დან 3 წლამდე პერიოდი საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპია ბავშვის როგორც ფიზიკური და კოგნიტური, ასევე სოციალურ-ემოციური განვითარების თვალსაზრისით. ამ პერიოდს სამი წლის კრიზისსაც ეძახიან ე.წ. “სიჯიუტის პიკს”. ბავშვი ბოლომდე ვერ იაზრებს მის საქციელს და შესაძლო შედეგებს. ამ ასაკში წესების დამახსოვრება რთულია, რაც აბსოლუტურად ნორმალურია. სამი წლის ასაკის ბავშვის კოგნიტური განვითარების თავისებურებებს თუ გადავხედავთ (მცირეა მეხსიერების მოცულობა, ყურადღების მდგრადობა, არ არის ფორმირებული ბოლომდე აზროვნების ოპერაციები, აზროვნებს „აქ“ და „ამჟამად“), 1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვები კვლევის სტადიაზე არიან, მათ აინტერესებთ სამყარო როგორ არის მოწყობილი, მათ აინტერესებთ როგორ მუშაობს ნივთები, ამიტომ შეიძლება შლიდეს/ამტვრევდეს სათამაშოს, რაც უფროსის მხრიდან აღიქმება როგორც „ცუდი ქცევა“, სინამდვილეში კი ბავშვი საკუთარი ბუნებრივი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას ცდილობდა. მათ აინტერესებთ, რა მოჰყვება წესების დარღვევას, ამიტომაც საზღვრების მოსინჯვის მეთოდებიც არის მათი მხრიდან, შესაძლებელია მათ ის აკრძალვები აინტერესებდეთ და ის შეზღუდვები იყოს მათთვის მიმზიდველი, რომელსაც გარემო, სამყარო და ოჯახი უწესებს.
წლინახევრის-ორი წლის ასაკიდან დამოუკიდებლობის სტადიაში არიან ბავშვები ფსიქოსოციალური განვითარების თვალსაზრისით, რაც ნიშნავს, რომ მათ სურთ თავად გაუმკლავდნენ გამოწვევებს: ისინი იწყებენ სიარულს, დამოუკიდებლად კვებას, ჩაცმას, საპირფარეშოთი სარგებლობას და ა.შ. ამ ასაკის ბავშვებს მეტი მოტორული რესურსი გააჩნიათ, რომ ის გარემო იკვლიონ, რომელსაც აქამდე ვერ სწვდებოდნენ. ყოველი მცირე „გამარჯვება“ მათი თვითშეფასების მშენებლობაზე დადებული აგურია, ამიტომაც თუ ბავშვი გვეჯიუტება და უნდა თვითონ გააკეთოს რაღაც, აუცილებლად მიეცით მას ამის საშუალება, თუნდაც არასწორად აკეთებდეს, ამ ასაკში ისინი ცდისა და შეცდომის გზით შეიმეცნებენ ახალ ინფორმაციას, თუნდაც ისვრებოდნენ პროცესში, თუნდაც მეტ დროს კარგავდნენ და თქვენ უფრო მალე მოუგვარებდით, უმჯობესია ვაცადოთ, ამით მათ განვითარებას შევუწყობთ ხელს.
ზედმეტი აკრძალვებით ხომ არ მცირდება ბავშვის განვითარების არეალი და უფრო რთულდება ქცევა?
ჰიპერმზრუნველობით (ზემზრუნველობით) და გარკვეული შეზღუდვებით, თუ ბავშვს არ მივცემთ კვლევის საშუალებას, ამან შეიძლება გამოიწვიოს ე.წ. სიჯიუტის ქცევა, რომელსაც მშობლები ხშირად უჩივიან და შესაძლებელია ამან არამარტო ბავშვის ქცევის სირთულეები, არამედ განვითარების ხელისშემშლელი პირობებიც შექმნას. სასურველია, მშობლებმა იცოდნენ, რომ 3-4 წლამდე ბავშვებისთვის გარკვეული საზღვრების შემოწმება არის აბსოლუტური ნორმა. ამ ასაკის ბავშვებს ხშირად ეცვლებათ გუნება-განწყობა, შესაძლებელია ერთ წუთს იყოს კარგ გუნებაზე და შემდეგ გაღიზიანდეს, დამოუკიდებლად დამშვიდება უჭირდეს და ითხოვდეს დედის ჩახუტებას ამისთვის; სჭირდებათ იმწუთასვე მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც ითხოვენ, არ შეუძლიათ სასურველის გადავადება, იმპულსის კონტროლი და ემოციური კომფორტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ასეთ დროს. ამ ასაკის ბავშვებს აქვთ მოზღვავებული ენერგია, ფიზიკურად არიან აქტიურები, უჭირთ დიდხანს ჯდომა და ყურადღების კონცენტრირება ერთ აქტივობაზე და ყურადღების მდგრადობა ხანმოკლეა; შესაძლებელია უჭირდეთ ყურადღების გადანაწილება, თუ ერთდროულად თამაშობს და თან ესაუბრებით, შესაძლებელია სჭირდებოდეს ან თამაშის დაპაუზება და ისე მოსმენა ან მშობლის ნათქვამი ყურადღების მიღმა დარჩეს. ასევე სვამენ ძალიან ბევრ შეკითხვებს “რატომ”, “როგორ” და ესეც აბსოლუტურად ნორმალურია, შესაძლებელია მშობელი დაიღალოს ერთი და იგივე კითხვით, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ბოლომდე არ არის ეს საკითხი გააზრებული ბავშვისთვის, ბოლომდე ვერ შეძლო გადახარშვა ინფორმაციის და სჭირდება მას დამატებითი ინფორმაცია. ამ პერიოდში ბავშვები იმეორებენ ქცევას, იმეორებენ უფროსების სიტყვებს და ფრაზებს, ამიტომაც, თუ ბავშვი ხშირად არის გაღიზიანებული, ხშირად ჭირვეულობს და არასასურველ ქცევას ავლენს, ავლენს აგრესიულ ქცევას სათამაშოების, დედმამიშვილის, ცხოველების მიმართ, შესაძლოა მას ჰყავდეს ამის როლური მოდელი უფროსის სახით, აუცილებელი არაა სახლში, შესაძლოა ამას ხედავს ტელევიზორში, ვიდეო-თამაშებში. ჯერ უნდა დავფიქრდეთ, იქნებ გარემოც არ არის სტაბილური, არ არის გარემოში სტრუქტურა, წესები, რუტინა, სანდო და უსაფრთხო ემოციური მიჯაჭვულობა. 4-5 წლის ასაკში ხდება ბავშვის მიერ საკუთარი ქცევების და მოსალოდნელი შედეგების გააზრება და საკუთარი ინტერესები და განზრახვები უფრო გააზრებულია. ამ პერიოდში იდეებით მანიპულირებას იწყებს ბავშვი, ეს ტყუილების პერიოდია და ესეც საკმაოდ კარგია. ამ ასაკში ბავშვი უნდა იტყუებოდეს, გარკვეულ ფანტაზიას და შემოქმედებითობას უნდა რთავდეს. ასევე საკუთარ ქცევის შედეგებზე პასუხისმგებლობის აღებაც 4-5 წლის ასაკიდან ხდება და შესაბამისად, სამი წლის ასაკში ვერ მოვთხოვთ ბავშვს, რომ გაიაზროს და აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქცევებზე. 5 წლის ასაკიდან იწყება გარკვეული ლიმიტების, წესების და სტრუქტურების გააზრება და დაცვა. სხვისი პერსპექტივის დანახვა მომდევნო ეტაპია, დაახლოებით 6-7 წლის ასაკიდან, როდესაც ბავშვს არამხოლოდ საკუთარი, სხვა ადამიანის გადმოსახედიდანაც შეუძლია შეხედოს სიტუაციას.