ამერიკის პედიატრიის აკადემიის თანახმად, ჩვილების უმეტესობას პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში სცვივა თმა. და ეს ნორმალურია.
ამ თმის ცვენას ალოპეცია ეწოდება და ჩვილებში მას შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე გამომწვევი მიზეზი, ჰორმონებიდან დაწყებული ძილის პოზიციით დასრულებული. კარგი ამბავი ის არის, რომ ძალზე იშვიათია ჩვილების თმის ცვენა რაიმე სამედიცინო პრობლემის შედეგი იყოს.
თმის ცვენა უმეტესად პირველ 6 თვეშია მოსალოდნელი და პიკს აღწევს დაახლოებით 3 თვეში. ზოგიერთი ჩვილის შემთხვევაში თმა გაცვენის პარალელურად აღდგება, ასე რომ თქვენ ვერ შეამჩნევთ განსხვავებას. თუ ასე არ მოხდება, ესეც ნორმალურია.
დააკვირდით შემდეგს:
- ბავშვის თმაზე ხელის გადასმის შემდეგ, მოგყვათ თმის ღერები.
- აბაზანაში ან პირსახოცში შეამჩნიეთ თმის ღერები, პატარას ბანაობის შემდეგ.
- თმის ღერები შეამჩნიეთ იმ ადგილებში, სადაც პატარას თავი უდევს, მაგალითად საწოლში ან ეტლში.
მიზეზები:
ბავშვის თმის ცვენის უმეტესი მიზეზი საკმაოდ უვნებელია და მოიცავს:
ტელოგენ ეფლუვიუმი (Telogen effluvium)
თმის ფოლიკული არის კანის ნაწილი, საიდანაც თმის ღერები იზრდება. ახალშობილს დაბადებისას უკვე აქვს ყველა თმის ფოლიკული, რომელიც მას ცხოვრების განმავლობაში ექნება. თავიდან ფოლიკულების ნაწილი, ჩვეულებრივ, დასვენების (ე.წ. ტელოგენის ფაზა), ზოგი კი ზრდის ფაზაშია. მაგრამ გარკვეულმა ფაქტორებმა შეიძლება დააჩქაროს ტელოგენური ფაზა, რაც იწვევს თმის ცვენას.
ჰორმონების წყალობით ორსულობის დროს შესაძლოა თქვენი თმა არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. ჭიპლარის მეშვეობით ეს ჰორმონები პატარასთანაც აღწევდა. ხოლო დაბადების შემდეგ მათი დონე ეცემა, რაც იწვევს თმის ცვენას, როგორც თქვენი, ასევე ბავშვის შემთხვევაშიც.
მშობიარობა და დაბადება სტრესული მოვლენაა თქვენთვისაც და ბავშვისთვისაც. ეს სტრესი კი ხელს უწყობს ტელოგენის გააქტიურებას და თმის ცვენას.
მექანიკური ზემოქმედება
ექსპერტები გვირჩევენ, ზურგზე დავაწვინოთ ჩვილი ძილის დროს, ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკის შესამცირებლად. საწოლზე თავის ხახუნის შედეგად შესაძლოა ბავშვს თმა გასცვივდეს. ამ მოვლენას ახალშობილთა კეფის ალოპეციას უწოდებენ. თმის შეთხელებული მონაკვეთების შევსება დაიწყება, როდესაც ჩვილები სრულყოფილად შეძლებენ გადაბრუნებას, ჩვეულებრივ, მეშვიდე თვის ბოლოს.
საინტერესოა, რომ 2011 წელს ჩატარდა კვლევა, რომელმაც შემოგვთავაზა კიდევ ერთი ახსნა. მკვლევრებმა თქვეს, რომ ახალშობილთა თმის ცვენაზე ხშირად ახდენს გავლენას:
- დედის ასაკი (თუ 34 წელზე ნაკლებია მშობიარობის მომენტისთვის)
- ფიზიოლოგიური მშობიარობა
- 40 კვირაზე მშობიარობა
ფუფხები თავზე (გნეისი)
ბევრ ახალშობილს თავზე უჩნდება მოყვითალო ფერის ფუფხები. მის მიზეზად ჰორმონალურ ცვლილებებს განიხილავენ, რომელთა გამოც სკალპი უფრო მეტ ზეთს აწარმოებს. ის ბავშვს არ სტკივა, არ აწუხებს, არ ექავება და რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში გაივლის. პირდაპირ კავშირში არ არის თმის ცვენასთან, თუმცა შესაძლოა მისი მოშორების მცდელობების დროს თმის ღერებიც მიაყოლოთ.
თავის თმიანი არის მიკოზი (tinea capitas)
სოკომ შესაძლოა გამოიწვიოს წითელი, ქერცლიანი, ბეჭდის მსგავსი გამონაყარი თავზე. ის იშვიათია 2 წლამდე ბავშვებში, თუმცა თუ ოჯახში ვინმეს აქვს, შესაძლოა ბავშვს გადაედოს საერთო სავარცხლით.
თმის ბუდობრივი ცვენა (Alopecia areata)
ბუდობრივი ალოპეცია კანის მდგომარეობაა, როცა თავზე ჩნდება მრგვალი, მკვეთრი საზღვრების მქონე თმაგაცვენილი კერები. ეს არ არის სიცოცხლისათვის საშიში ან გადამდები. მისი მიზეზია იმუნური სისტემის დეფექტი, რაც იწვევს თმის ჯანმრთელ უჯრედებზე შეტევას და განადგურებას. იშვიათია 6 თვემდე ბავშვებში.
მკურნალობა
ექსპერტები თანხმდებიან, რომ მკურნალობა არ არის საჭირო და ჩვილის თმის ღერების უმეტესობა, რომელიც დაკარგა სიცოცხლის პირველ თვეებში, 6–12 თვის განმავლობაში აღდგება.
თუ ეჭვი გაქვთ მიკოზზე ან ბუდობრივ ცვენაზე, მიმართეთ ექიმს დიაგნოზისა და მკურნალობისთვის.
თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ თმის ცვენის შემცირებას, თუ ბავშვს ათამაშებთ მუცელზე, როცა ღვიძავს.
თმის ამოსვლის შემდეგ…
ბევრ მშობელს უკვირს ის, რომ ახალი თმა შეიძლება განსხვავებულად გამოიყურებოდეს, ვიდრე ბავშვის პირველი თმის ღერი. იშვიათი არ არის, მაგალითად, თმის გახშირება ან დახუჭუჭება-გასწორება. ეს გამოწვეულია გენეტიკით და თქვენი პატარას საკუთარი ჰორმონებით.
მიმართეთ ექიმს, თუ ბავშვს 1 წლისთვის ისევ სცვივა თმა.
წყარო: www.healthline.com