“დედამიცისს” ესაუბრება ფსიქოლოგი, პოზიტიური და ტრანსკულტურალური ფსიქოკონსულტანტი მედეა გელდიაშვილი.
რატომ შფოთავენ დედები?
სხვადასხვა სიტუაციებში ადამიანებს ხშირად ეუფლებათ შფოთვა და ეს ბუნებრივი რეაქციაა მოვლენაზე, რომელიც პოტენციურად საშიშად, საფრთხის შემცველად აღიქმება. როდესაც შფოთვა კონტროლირებადია, ადამიანს შეუძლია მოახერხოს კონცენტრაცია გარკვეულ საკითხზე, მობილიზდეს და შეინარჩუნოს ქმედითუნარიანობა. მაგრამ ინტენსიურმა, მომატებულმა შფოთვამ შესაძლოა პიროვნება სრულიად დისფუნქციური გახადოს.
მშობელი, რომელიც მუდმივად განიცდის შფოთვას, დაძაბულია, აქვს ცრუ დანაშაულის განცდა, მოწყვლადია ნებისმიერი პრობლემური მოვლენისადმი, შესაძლოა იყოს არათანმიმდევრული, როგორც აღმზრდელი. ხშირად დედა ცდილობს შვილს გაუწიოს იდეალური მშობლობა, მინიმუმამდე დაიყვანოს შეცდომის დაშვების ალბათობა, ნებისმიერი სახის დისკომფორტი აარიდოს ბავშვს და ა.შ. ამ პროცესში მშობელი ხდება ჰიპერმზრუნველი, არაჯანსაღი კრიტიკის მქონე, უჭირს საზღვრების დაცვა. ცდილობს იდეალური მშობლის როლი მოირგოს და რეალურად გაცილებით დრამატულ შეცდომებს უშვებს. დედის შფოთვა შესაძლოა გამოწვეული იყოს ადრეულ წლებში ჩამოყალიბებული კონცეფციებით, ოჯახში არსებული მდგომარეობით. მაგალითად: როდესაც ოჯახის წევრების მხრიდან არსებობს მოთხოვნები, ხშირად ისმის კრიტიკის შინაარსის შემცველი ფრაზები, მძაფრად აღიქმება პრობლემური ვითარებები. მსგავსი სიტუაციური ფაქტორები შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ყოვლისმომცველი შფოთვის წინაპირობები.
როდისაა შფოთვა არაჯანსაღი?
თუკი საფრთხის შემცველ გარემოებებში ადამიანი შფოთავს – ეს ადეკვატური რეაქციაა. იგი არაჯანსაღად მიიჩნევა მაშინ, როდესაც შეუთავსებელია რეალობასთან და ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობს. ასეთ შემთხვევაში ადამიანს იპყრობს ცუდი წინათგრძნობა, აქვს სომატური ჩივილები, დაძაბულია, გაღიზიანებული, ფოკუსირებულია მოვლენებზე, რომლებიც მისთვის საშიშად აღიქმება, იცვლება ადამიანის ქცევა, ყოველდღიური ცხოვრების წეს-ჩვეულებანი.
როგორ დაეხმაროს დედა ასეთ დროს საკუთარ თავს?
როდესაც დედა ამჩნევს, რომ ‘’უჩვეულოდ’’ გაღიზიანებულია, უგუნებოდაა, შემაწუხებელი აზრები სიმშვიდეს ურღვევენ, აქვს სხვადასხვა სომატური სიმპტომები, მისი, როგორც მშობლის აღზრდის სტილი არათანმიმდევრულია, პირველ რიგში უნდა გააცნობიეროს არსებული მდგომარეობა. შფოთვა, როგორც სიმპტომი რამ გამოიწვია? რისი დეფიციტი არსებობს? რა აქტუალური მოთხოვნები აქვს დედას, რომლის ვერ დაკმაყოფილებაც იწვევს დისფუნქციურ მდგომარეობას? როდესაც შფოთვა დროში გახანგრძლივებულია, ინტენსიურია, მნიშვნელოვანია სპეციალისტთან მიმართვა, რათა არ შეექმნას საფრთხე დედის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას. ეს პირდაპირ აისახება ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, ახალბედა დედებს ჰქონდეთ ემოციური მხარდაჭერა და ჯანსაღი გარემო პირობები.