პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება პედიატრი მარიამ ღუღუნიშვილი.
რამდენად ხშირია ბავშვთა ასაკში კუჭ-ნაწლავის პათოლოგიები და რა გასტროენტეროლოგიური პრობლემებით მოგმართავენ ყველაზე ხშირად?
ბავშვთა ასაკში კუჭ-ნაწლავის პრობლემები და პათოლოგიები საკმაოდ ხშირია და მოიცავს ზოგად პედიატრთან ვიზიტის 31 %-ს, ხოლო ამ შემთხვევების დაახლოებით 68% საჭიროებს პაციენტის პედიატრ-გასტროენტეროლოგთან გადამისამართებას.
ყველაზე ხშირი ჩივილი მუცლის ტკივილია, რომლის მიზეზის დადგენა ასაკის მიხედვით გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს. როდესაც პატარა ამბობს, რომ სტკივა მუცელი, ის შეიძლება სულაც შეიგრძნობდეს ნაწლავის მოძრაობას და მოსალოდნელ ნაწლავთა მოქმედებას. ამრიგად, მშობელმა ექიმის დახმარებით უნდა შეძლოს ტკივილის სიმძიმის და სირთულის შეფასება.
აგრეთვე პაციენტები ხშირად მოგვმართავენ ყაბზობის, ფაღარათის, გულისრევა/ღებინების, გულძმარვის, შებერილობის, უმადობისა და კვების პროცესის სხვადასხვა დარღვევის გამო.
რა იწვევს მუცლის ხშირ ტკივილს ბავშვებში ?
მუცლის ტკივილის მიზეზი მრავალია და საჭიროა პაციენტთან ინდივიდუალური მიდგომა და ანამნეზის დეტალური შეგროვება.
ხშირად ტკივილის ლოკალიზაციამ შეიძლება მინიშნება მოგვცეს, თუ რა პრობლემასთან გვაქვს საქმე. მაგალითად: როდესაც გასინჯვისას მტკივნეულია მუცლის ქვედა კვადრატი (მარცხენა და მარჯვენა ქვედა ნაწილი), უფრო სავარაუდოა ბავშვს აწუხებდეს ყაბზობა (შეკრულობა).
თუ ტკივილი კუჭის მიდამოშია, ის მიგვანიშნებს გასტრიტის (კუჭის ლორწოვანის ანთებაზე) არსებობაზე, თუ ამას თან ახლავს გულძმარვა, გულისრევის შეგრძნება/ღებინება, დიდი ალბათობით შეიძლება იყოს გასტრო-ეზოფაგალური რეფლუქსი (საკვების მასის ამოსვლა კუჭიდან საყლაპავის მიმართულებით) და სხვა დისპეფსიური პრობლემები.
ჭიპის ირგვლივ ტკივილის მიზეზი კი შეიძლება იყოს ფუნქციონალური მუცლის ტკივილი, აბდომინალური შაკიკი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და ა.შ.
მუცლის ტკივილი აგრეთვე ისეთი დაავადებების მანიშნებელია, როგორიცაა: ცელიაკია, ნახშირწყლების აუტანლობა, გარკვეული საკვების მიმართ ალერგია, საშარდე გზების ინფექცია.
როგორ მკურნალობენ გასტროენტეროლოგიურ პრობლემებს?
გასტროენტეროლოგიური პრობლემების მკურნალობა და მართვის ტაქტიკა დამოკიდებულია დიაგნოზზე.
შესაძლებელია, ზოგჯერ საკმარისი იყოს მხოლოდ კვებითი რეჟიმის შეცვლა და ჯანსაღი საკვების მენიუს შემუშავება. ზოგჯერ კი საჭიროა მედიკამენტოზური მკურნალობა სხვადასხვა პრეპარატებით: ლაქსატივები (განავლის მასის დამარბილებელი – ყაბზობის შემთხვევაში), პროტონის-ტუმბოს ინჰიბიტორები (კუჭის სიმჟავის დამაქვეითებელი – გასტრიტის შემთხვევაში), ანტისპაზმური საშუალებები (ტკივილის, სპაზმის მოსახსნელად), სიმეტიკონი (ნაწლავებში აირწარმოქმნის შემამცირებელი – მეტეორიზმისას), პრობიოტიკები (ნაწლავის დისბიოზის აღსადგენად), დომპერიდონი (ღებინების საწინააღმდეგო საშუალება) და ა.შ.
თუმცა, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენება ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ შეიძლება. არასწორმა და თვითნებურმა მკურნალობამ შეიძლება გააღრმაოს გარკვეული პრობლემა და აგრეთვე წაშალოს რეალურად არსებული მდგომარეობა, რაც ხელს შეუშლის მომავალში ექიმს დიაგნოსტირებასა და დაავადების მართვაში.
ზოგიერთ შეთხვევაში გასტროენტეროლოგიური პრობლემა შეიძლება საჭიროებდეს ქირურგიულ ჩარევას – როგორიცაა აპენდიციტი, ნაწლავის მალროტაცია (შემოგრეხვა), გაუვალობა, მეკელის დივერტიკული, პეპიური წყლული, ჰირშპრუნგის დაავადება და ა.შ.
როგორ და რა რეჟიმით უნდა იკვებებოდეს ბავშვი, კუჭ-ნაწლავის პრობლემების პრევენციისთვის?
ბავშვის საკვები უნდა იყოს მომზადებული ასაკისთვის შესაბამისი პროდუქტებით, ჯერადობით, ხანგრძლივობით.
ჩვილობის ასაკში, რა თქმა უნდა მოწოდებულია ძუძუთი კვება. ეს არის ჯანმრთელი ბავშვის კვების ყველაზე ბუნებრივი გზა. იგი იცავს ბავშვს სხვადასხვა ინფექციური დაავადებებისგან, ეხმარება ნაწლავური მიკროფლორის ჩამოყალიბებას, ხელს უწყობს ბავშვის სრულყოფილ განვითარებას. ძუძუთი კვება სასურველია გაგრძელდეს 6 თვის ასაკამდე, თუმცა, მისი გახანგრძლივება შესაძლებელია მანამ, სანამ დედა და ბავშვი თავს კომფორტულად გრძნობენ.
დამატებითი კვების დაწყება ხდება ეტაპობრივად არა უადრეს 4 თვემდე და არა უგვიანეს 6 თვის ასაკამდე. პირველი საკვები სასურველია იყოს ბოსტნეულის ან მარცვლეულის ფაფა. მას პერიოდულად ემატება სხვადასხვა პროდუქტები. 1 წლის ასაკის შემდგომ კვება 4 ჯერადია, შუალედებში 2-ჯერ წახემსებით. 2 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისთვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებულია კვების პირამიდა, რომელიც ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას ემსახურება და შეიცავს ინფორმაციას, თუ რომელი საკვების და რა რაოდენობით მიღება არის მიზანშეწონილი დღის განმავლობაში.
პროდუქტები იყოფა ძირითადად 4 ჯგუფად:
I ჯგუფი – მარცვლეული კულტურები და მათი ნაწარმი (პური, ორცხობილა, მარცვლეული, ბრინჯი, მაკარონი). ეს პროდუქტები ენერგიის წყაროა. პური და ფქვილი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით და მიკროელემენტებით.
II ჯგუფი – ბოსტნეული და ხილი. ეს პროდუქტები ვიტამინების და მინერალური ნივთიერებების წყაროა. თუმცა ხანგრძლივი (5-10 წთ-ზე მეტი) ხარშვისას ვიტამინების უმეტესი ნაწილი იშლება. მნიშვნელოვანია აგრეთვე უმი ხილის, ბოსტნეულის, ხილის ჩირის მიღება.
III ჯგუფი – რძე და რძის პროდუქტები. ისინი მდიდარია კალციუმით, ცილებითა და ვიტამინებით.
IV ჯგუფი – ხორცი, თევზი, პარკოსნები (ლობიო, ბარდა, მუხუდო, სოიო), ნიგოზი, მიწის თხილი. ეს პროდუქტები ცილის და რკინის ძირითადი წყაროა.
არ არის მიზანშეწონილი
- ცხიმის, ტკბილეულის, მარილის დიდი რაოდენობით მიღება.
- ბავშვის კვება თამაშის, სირბილის დროს
- ჭამის დროს ბავშვის ყურადღების გაფანტვა (გაჯეტებით, ტელევიზორით)
- დაუშვებელია ბავშვის ძალით კვება – ის იწვევს უარყოფით ემოციას საკვებზე და მადის დაქვეითებას