ექიმი-პედიატრი ეკა უბერი “დედამიცის” ესაუბრება წლამდე ასაკის ბავშვებში მუცლის ტკივილის გამომწვევ მიზეზებზე.
გვესაუბრეთ წლამდე ასაკის ბავშვებში მუცლის ტკივილის შესახებ. როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, ეს არის კოლიკა თუ რაიმე საფრთხის შემცველია?
ჩვილებში მუცლის ტკივილი შეიძლება იყოს აბსოლუტურად უსაფრთხო, ახალშობილთა ფიზიოლოგიური კოლიკა ან პირიქით, იყოს საფრთხის შემცველი; ეს მდგომარეობა უნდა შეაფასოს მხოლოდ პედიატრმა და ამ სიტუაციაში, დედის სუბიექტური შეფასება ვერ დაგვეხმარება. შემდეგ, როცა ექიმი გასინჯავს ბავშვს და შეაგროვებს ანამნეზს დედის ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის ცხოვრების ანამნეზიდან, ტკივილის ისტორიიდან, ბავშვის ტირილის, გაღიზიანებადობის და ჭირვეულობიდან გამომდინარე, გადაწყვეტს, არის ეს ახალშობილთა კოლიკა, რომელიც ფიზიოლოგიურ კოლიკად შეიძლება იყოს მიჩნეული, თუ ეს არის პათოლოგიური მდგომარეობა და საჭიროებს გამოკვლევას. რაც შეეხება, ინფანტილურ, ახალშობილთა კოლიკას, ის შესაძლებელია იყოს ფიზიოლოგიური, თუმცა ამისთვის არის გარკვეული კრიტერიუმები მოწოდებული და ესეც, ექიმის პრეროგატივაა, რომ შეაფასოს. არსებობს “რომის მეოთხე გადახედვის კრიტერიუმი”, რომელიც განასხვავებს ფიზიოლოგიურ ტკივილს პათოლოგიური ტკივილისგან.
რა შეიძლება იყოს მუცლის ტკივილის ძირითადი მიზეზი და უკაშირდება თუ არა ეს ლაქტოზის აუტანლობას?
ერთ-ერთი ხშირი მიზეზი, რომლის დროსაც შესაძლებელია ახალშობილს უფრო მეტად ჰქონდეს გაძლიერებული ტკივილი, (მას შემდეგ, რაც გამოირიცხება სხვა ქირურგიული მიზეზები მუცლის ტკივილის თუ ჭირვეულობის) შეიძლება განხილულ იქნას კვებითი აუტანლობა და კერძოდ, ძროხის რძის ცილის აუტანლობა, რასაც ხშირად მშობლები “ლაქტოზის აუტანლობას” უწოდებენ. ლაქტოზა არის რძის შაქარი და მისი აუტანლობა, ახალშობილობის პერიოდში, როგორც თანდაყოლილი პრობლემა ქართულ პოპულაციაში არ გვხვდება, იმიტომ რომ ეს არის გენეტიკურად დეტერმინირებული და ჩვენთან, ლაქტოზის თანდაყოლილი აუტანლობა ქართულ გენში და ქართულ პოპულაციაში არ დევს. თუმცა, შესაძლებელია, სხვადასხვა მიზეზებით, ცოტა მოგვიანებით განვითარდეს ლაქტოზის აუტანლობა, მაგ. ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპიის, ან რაიმე მწვავე ნაწლავური, ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციების შემდგომ. ამიტომ, როდესაც ბავშვი პრაქტიკულად ჯანმრთელია და მაინც, მუცლის მწვავე ტკივილები აწუხებს, ექიმი ამას აფასებს, როგორც კვებით აუტანლობას და ძროხის რძის აუტანლობას, აქ ლაპარაკია პირველ რიგში ძროხის რძის ცილის აუტანლობაზე და არა, ლაქტოზის აუტანლობაზე. ეს ის ცილებია, რომლითაც განსხვავდება დედის რძე ხელოვნური ნარევისგან და მისი მონელება გაცილებით მეტად უჭირს ბავშვს, ვიდრე ბუნებრივი კვების შემთხვევაში.
რა კლინიკური ნიშებით შეიძლება გამოვლინდეს ძროხის რძის ცილის აუტანლობა?
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც კვებით აუტანლობაზე და ძროხის რძის ცილის აუტანლობაზეა საუბარი, ის კლინიკურად შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა-ღებინებით, დიარეით, ყაბზობით, კანზე სპეციფიკური გამონაყრით, უძილობით, ჭირვეულობით, გახანგრძლივებული ტირილებით, წონის ნამატის არარსებობით, ასევე შესაძლოა არასპეციფიური გამოვლინებაც ჰქონდეს, როგორიცაა – უმადობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ბავშვი უარს ამბობობს რძის მიღებაზე და ასე იცავს თავს, არასასურველი კვებისგან.
ხშირ შემთხვევაში ბავშვებში უმადობა პრაქტიკულად უმიზეზოდ არ არის და ეს პირველადი ჩივილი შესაძლებელია სხვა უფრო სერიოზული პრობლემის წინამორბედი იყოს. ამიტომ უმადობა, განსაკუთრებით ჩვილ ბავშვებთან მიმართებაში უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ.
რას გვეტყვით ძროხის რძის ცილის სადიაგნოსტიკო საშუალებებზე და როგორ ხდება ამ პრობლემის გადაწყვეტა?
სადიაგნოსტიკო საშუალებები და დიაგნოზი ძროხის რძის ცილის აუტანლობის ემპირიულად იცვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ლაბორატორიული დასტური ხშირ შემთხვევაში არ აქვთ. ძალიან ხშირად დედები მომმართავენ და სურთ რაიმე ლაბორატორიული კვლევით დადასტურდეს ძროხის რძის აუტანლობა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ვიტყვი, რომ ეს დიაგნოზი სპეციფიურია და მხოლოდ სწორი კვების ჩანაცვლების შემთხვევაში დასრულდება დიაგნოზი. მას შემდეგ, რაც სპეციფიურ საკვებზე იქნება გადაყვანილი ბავშვი და სიმპტომები, რის გამოც მოხდა ამ კვების ცვლილება, მკვეთრად შემცირდება , ეს ადასტურებს დიაგნოზის სისწორეს. ძროხის რძის ცილის აუტანლობის საწინააღმდეგოდ მიმართული მედიკამენტოზური თერაპია პრაქტიკულად არ არსებობს. ეს არის მხოლოდ იმ სპეციფიკური, სამკურნალო კვების მიცემა, რომელიც არ შეიცავს იმ კონკრეტულ ცილებს, რომელიც შესაძლებელია იყოს ძროხის რძის ცილის აუტანლობის მიზეზი.