ჩვილის ტირილის მიზეზებზე და რეალურ საჭიროებებზე პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება პედიატრი ეკა კუცია.
მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფს არც სცივა, არც სცხელა, არც შია, არც სწყურია, არც ჩახუტება უნდა, რადგან ეს ყველაფერი აქვს დედის მუცელში. ნაყოფი გარშემორტყმულია სპეციფიკური ხმაურით – დედის გულისცემით და სუნთქვით, რასაც თან ერთვის ნაწლავთა მუშაობა, გარე ხმები – დედის ხმა, ოჯახის წევრების ხმები, მუსიკა და სხვა ხმაური. ნაყოფი ნაზად ირწევა მუდმივად დედის მოძრაობით ან უბრალოდ დედის სუნთქვითი მოძრაობის შედეგად, მუდმივად ელამუნება და ეფერება ამნიონური სითხე. მუცლადყოფნისას ნაყოფს სრული კომფორტი აქვს 24/7-ზე. დაბადების მომენტიდან ირღვევა ეს იდილია და ბავშვს უწევს მთელი რიგი დისკომფორტის შეგრძნება: მას შია, სწყურია, სცივა, სცხელა, დასვრილი საფენი აწუხებს, დაბოყინება უნდა და ვერ… ის ტირის…დედა მოდის და ყველაფერს აკეთებს, რომ მოაგვაროს ეს პრობლემები. ბავშვს უჩნდება ნდობის გრძნობა სამყაროს მიმართ.
რას ემსახურება ჩვილის ტირილი და რა სჭირდება ახალშობილს დასაწყნარებლად?
ტირილი არის ბავშვის კომუნიკაციის პირველი საშუალება, ერთგვარი კოდი.
ახალშობილის ტვინი ძალიან პრიმიტიულია. პრიმიტიული რეფლექსები და საჭიროებები აქვს და სჭირდება: საკვები, სითბო, კომფორტი და სიყვარული. ჩვილი ყველა მოთხოვნას სხვადასხვანაირი ტირილით გამოხატავს. თუ მშობელი დააკვირდება და შეისწავლის ჩვილის ტირილს, მალე გაარჩევს როდის და რისთვის ტირის ის. მშობლის ადეკვატური ყურადღება და ჩვილის საჭიროებების დაკმაყოფილება ჩვილში მშობლის მიმართ ნდობას და უსაფრთხოების განცდას იწვევს. არ ვსაუბრობ ისტერიულ ტირილზე, რომელიც ჩვენი დაგვიანებული პასუხის ანუ ჩვილის საჭიროების უპასუხოდ დატოვების შემდეგი ეტაპია. ყურადღებას გავამახვილებ პრე-ტირილზე (ტირილისწინა) ანუ ისტერიული ტირილის წინა ხმოვან სიგნალებზე, (რაც ხშირად ასევე ტირილად მოიხსენიება) ანუ რეფლექსის ბგერაზე, რაც უნივერსალურია, ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი ჩვილი ერთნაირი ხმოვანი კოდებით გამოხატავს თავის საჭიროებას. ტირილი არ არის კაპრიზი, ეს არის ჩვილის ფიზიოლოგიური რეფლექსების ბგერით გამოხატვა. ქართველი თუ ამერიკელი ბავშვი ერთნაირად ტირის, როცა შია ან სცივა. პრისცილა დანსტანი ავსტრალიელი დედაა, ყოფილი მეცო-სოპრანო, რომელმაც დაწერა წიგნი “ის ტირის, რას ამბობს ის “, რომელიც 13 წლიან 30 სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულ სამეცნიერო კვლევებს ეფუძნება. საბოლოო ჯამში პრისცილამ და მისმა კოლეგებმა განასხვავეს ჩვილების ტირილისწინა 10 სხვადასხვა ბგერა, აქედან 3-ს პატარები დაბადებისთანავე “წარმოთქვამენ”.
რა არის ის ხმოვანი კოდები, ბგერები, რომლებსაც გამოსცემენ პატარები?
ეს კოდები, სიგნალები ეხება 0-დან 3-თვემდე ასაკის ჩვილებს. 3 თვის შემდეგ ისინი იწყებენ უკვე რეალურ “კომუნიკაციას “, ახალი ბგერების წარმოთქმას და პრიმიტიული რეფლექსები ნელ-ნელა უკან იხევს. იმისათვის, რომ გაუგოთ პატარას, უნდა იცოდეთ იმ რამდენიმე ბგერის შინაარსი, რომელსაც ისინი გადმოსცემენ.
1. ნეჰ – წოვის რეფლექსის ხმოვანი გამოხატულებაა – ენა ებჯინება სასას, შემდეგ ქვემოთ ჩამოდის და ქმნის ამ ბგერას. არ უნდა დაელოდოთ “ნეჰ“-ს ისტერიულ ტირილში გადასვლას და ამ დროს მიაწოდოთ საკვები.
2. ეჰ – როდესაც ბავშვს დაბოყინება ჭირდება და მარტო ვერ ახერხებს, დაგროვილი ჰაერი აწუხებს, რეფლექსურად ცდილობს ამ ჰაერის გამოდევნას და წარმოიქმნება ეს ბგერა.
3. აოჰ – მთქნარების რეფლექსის თანმხლები ხმოვანება.
4. ეეღჰ – როდესაც ჩვილს გაზები აწუხებს, ნაწლავებში დაგროვილი გაზი კუჭს აწვება, ნაწლავების ირგვლივ კუნთები იკუმშება.ამ დროს ბავშვი ხშირად ფეხებს სწევს მუცლისკენ.
5. ჰეჰ – გამოხატავს ბავშვის სტრესს დისკომფორტს. რეფლექსის გამომწვევია კანის ნებისმიერი გამაღიზიანებელი ( სიცივე, სიცხე, სისველე, ქავილი ).
სხვა ბგერებია.
აქვე ორიოდე სიტყვით შევეხები განტვირთვის ტირილს, რომელიც მშობლებისთვის კარგად ცნობილი და მტანჯველი ტირილია. ასეთი ტირილი როგორც წესი საღამოს იწყება, ძილის წინ, დაახლ 1 თვის ბოლოს, 1.5 თვისას მაქსიმუმს აღწევს და პროგრესულად მცირდება 3 თვისას. ასეთ ტირილს ხშირად “საღამოს ტირილს” ვუწოდებთ, ადრე კი ჩვილის კოლიკას მიაწერდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ ნაწლავური დისკომფორტის ბრალი იყო. მოგვიანებით ეს დისკომფორტი გამოირიცხა და აღმოჩნდა, რომ ეს ტირილი არის დღის განმავლობაში დაგროვილი ემოციების, მოვლენების, ინფორმაციისგან განტვირთვა. ჩვილის დასამშვიდებლად ამ დროს მშობელმა სასურველია სცადოს კანით კანთან კონტაქტი, ატაროს ხელით, მიიკრას გულმკერდზე, ჩაეხუტოს, ეტლით ან მანქანით გაასეირნოს. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ტირილი გარდამავალია, 6 კვირის ასაკში არის, როგორც წესი, პიკი და 3 თვის ასაკში ქრება.
ძალიან მნიშვნელოვანია, არ დავტოვოთ ჩვილის ტირილი უპასუხოდ, არამედ ვეცადოთ გავიგოთ მიზეზი და შესაბამისად ვიმოქმედოთ, რადგან ჩვილი ტირილით გამოხატავს მის საჭიროებას. ჩვილს ბევრი რამე სჭირდება და ის აბსოლუტურად უფროსებზეა დამოკიდებული, რადგან არ არის ავტონომიური, ფაქტობრივად არაფრის კეთება არ შეუძლია მარტო, ტირილი კი გამოხატვის და გარესამყაროსთან კომუნიკაციის ერთადერთი საშუალებაა. ასე რომ, ნუ აღვიქვამთ ტირილს ყოველთვის უარყოფითად. ყველაფერი ზემოთ აღნიშნული ეხება ჯანმრთელი ბავშვის ჩვეულ ტირილს, არსებობს რა თქმა უნდა პათოლოგიის, ტკივილის თანმხლები ტკივილი, რაც უნდა შეფასდეს ექიმის მიერ.
რა იქნება თქვენი რჩევა მშობლებისთვის და მომვლელებისთვის, იმისათვის, რომ სწორად გაშიფრონ ბავშვის ტირილი და ამოიცნონ მისი რეალური საჭიროება?
პირველ რიგში, ნუ მიეძალებით ბავშვების ტირილის გამშიფრავ აპლიკაციებს, არამედ:
1. ზემოთჩამოთვლილი ბგერები და რეფლექსები თქვენს თავზე გამოცადეთ – დიახ დასხედით სარკის წინ და წარმოიდგინეთ, რომ ახალშობილი ხართ და წოვთ, განასახიერეთ წოვა უხეშად და ხმაც დაამატეთ.
წარმოიდგინეთ, რომ ჰაერი გაქვთ ყელში გაჩხერილი და ცდილობთ ამოაბოყინოთ, მაგრამ ვერ ახერხებთ, გაახმოვანეთ.
წარმოიდგინეთ, რომ გეძინებათ, დაამთქნარეთ და ხმაც დააყოლეთ.
წარმოიდგინეთ, რომ გაზები გაწუხებთ და ცდილობთ გამოდევნას, მაგრამ ვერ ახერხებთ, გაახმოვანეთ.
სახალისო დავალებაა, არა?
მას შემდეგ, როცა რეფლექსის თითოეულ მექანიზმს გაითავისებთ, დააკვირდით და უსმინეთ თქვენს ბავშვს, ნახავთ როგორ დაიჭერთ აქ ნანახ და გაგონილ ბგერებს და გაშიფრავთ თქვენი პატარების ტირილს და მათ საჭიროებებს. ძუძუს ან საწოვარას მაშინ მიაწოდებთ, როცა შია და არა მაშინ, როცა საფენის გამოცვლა უნდა თქვენს პატარას, ამით მის ნდობას დაიმსახურებთ და კომფორტულ და მშვიდ გარემოს შეუქმნით ჰარმონიული განვითარებისთვის.