მძიმე ინფექციურ დაავადებებზე იმუნიტეტს ადამიანი მათი გადატანით ან შესაბამისი აცრის გაკეთებით იძენს. ვაქცინა ორგანიზმში შეყვანის შემდეგ ამზადებს მის იმუნურ სისტემას შესაბამის ბაქტერიასთან ან ვირუსთან საბრძოლველად და დაავადების შემთხვევაში, ამცირებს გართულებების რისკებს.
იმუნიზაცია გამოცდილი მეთოდია და მისი საშუალებით შესაძლებელი ხდება სიცოცხლისათვის საშიში ინფექციური დაავადებების მართვა და გაქრობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, აცრები ყოველწლიურად 2-3 მილიონ ადამიანს იცავს სიკვდილისგან.
საქართველოში პირველ პროფილაქტიკურ აცრას ახალშობილს სამშობიაროშივე უკეთებენ (ტუბერკულოზისა და ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა), ხოლო მომავალი აცრების შესახებ ინფორმაციის მიღება მშობლებს შეუძლიათ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მობილური აპლიკაციით, რომელიც მისაწვდომია როგორც Android-ის , ასევე IOS-ის მომხმარებლებისთვის. მას „Immunization/იმუნიზაციის აპლიკაცია” სახელწოდებით იპოვით.
თქვენ შეგიძლიათ აპლიკაციაში მიუთითოთ პირადი ნომერი და მიიღოთ ინფორმაცია მასზე რეგისტრირებული ბავშვების აცრის
სტატუსების შესახებ, რა აცრები აქვს ჩატარებული და რა უნდა ჩაუტარდეს მომავალში.
ასევე, აპლიკაციაში შეგიძლიათ გაეცნოთ ქვეყანაში გავრცელებული ინფექციური დაავადებების აღწერებს, მათ წინააღმდეგ არსებული ვაქცინების სრულ დასახელებებს, დოზებს, აცრის ნამდვილ და ცრუ უკუჩვენებებს და გვერდით მოვლენებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, “წელიწადში ათასი ადამიანი ტვირთავს აღნიშნულ აპლიკაციას, მაშინ როდესაც, 50-55 ათასი ქალი მშობიარობს”. მან დედებს მოუწოდა, სამშობიაროშივე ჩამოტვირთონ იმუნიზაციის აპლიკაცია.
შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში გეგმიური აცრების დროულად ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ავცრათ თუ არა ბავშვები გეგმიური კალენდრით ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს?