Skip to content Skip to sidebar Skip to footer

რატომ ისვრიან ბავშვები ნივთებს?

ნივთების სროლა  ახალი და სახალისო უნარია 18 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვების უმრავლესობისთვის. თითების გასახსნელად და საგნის გასათავისუფლებლად საჭიროა წვრილი მოტორული უნარ-ჩვევები, ასევე თვალისა და ხელის შეთანხმებული მუშაობა. გასაკვირი არ არის, რომ თქვენს ახლად ფეხადგმულ ბავშვს  სურს გამოიყენოს ეს საინტერესო უნარი.

რაც შემდეგ ხდება, ასევე საგანმანათლებლოა: თქვენი პატარა აღმოაჩენს, რომ ხელს თუ გაუშვებს საგანს, ის ძირს ეცემა. მას არ შეუძლია თქვას “გრავიტაცია”, მაგრამ, რა თქმა უნდა, შეუძლია დააკვირდეს მის შედეგებს. ბურთი სროლის შედეგად ახტება, ქლიავი დაიჭყლიტება.

რასაკვირველია, თქვენთვის საშინელი სანახავია,  როდესაც სპაგეტი ვარდება სამზარეულოს იატაკზე, რომელიც ახლახან მოაპრიალეთ  ან ბავშვის მატყუარა  ეშვება ბინძურ ტროტუარზე, მაგრამ თქვენი ბავშვისთვის ეს ყველაფერი ძალიან სახალისო და საგანმანათლებლოა.

რა გავაკეთოთ, როცა ბავშვი ნივთებს ისვრის?

სროლის აკრძალვის ან ამისთვის შერცხვენის  ნაცვლად აუხსენით, რისი სროლა შეუძლია და სად.

აჩვენეთ, რისი გადაგდება შეუძლია. თქვენი ახლად ფეხადგმული ბავშვი უფრო სწრაფად გაიგებს, რა არ უნდა გადააგდოს,  თუ არსებობს უამრავი რამ, რისი გადაგდების უფლებაც კი აქვს და წახალისებაც. მაგალითად, ბურთების.

ბავშვს უნდა გააგებინოთ, რომ ნივთების გადაგდება შესანიშნავია, თუ ის სწორ დროს სწორ ნივთებს გადააგდებს სწორ ადგილას. „როდესაც ის გადააგდებს რამე შეუსაბამოს, მაგალითად ფეხსაცმელს, მშვიდად გამოართვით მას და უთხარით: ფეხსაცმელი არ უნდა ვისროლოთ, რადგან შეიძლება ვინმეს მოხვდეს და ეტკინოს ან თვითონ დაზიანდეს. შეგიძლია ისროლო ბურთი“.

უპასუხეთ აგრესიულ სროლას. თუ ბავშვი ისვრის ნივთებს სხვისთვის ზიანის მისაყენებლად, აუცილებლად ჩაერიეთ და უთხარით: „არა, ეს მტკივნეულია“. რამდენიმე წუთით მოაცილეთ სიტუაციას, რათა გაიგოს, რომ ეს ქცევა მისაღები არ არის. თუ სიბრაზის გამო აკეთებს ასე, აუხსენით, რომ სიტყვებით გამოხატოს მისი ემოციები. არ უყვიროთ და არ დაარტყათ მას ამის გამო, თუნდაც მხოლოდ ხელზე, რადგან ამით აჩვენებთ მას, რომ აგრესია დასაშვებია.

მიამაგრეთ სათამაშოები მის ეტლზე ან სკამზე. პატარა მალე აღმოაჩენს, რომ შეუძლია აიღოს, რაც გადააგდო.

ერთად შეაგროვეთ გადაგდებული ნივთები. ნუ სთხოვთ თქვენს პატარას, აიღოს ყველაფერი, რასაც ის აგდებს. ეს რთული იქნება მისი ასაკისთვის. ამის ნაცვლად დაეშვით იატაკზე და სთხოვეთ დახმარება: მოდი, ვნახოთ, რამდენად სწრაფად შევაგროვებთ კუბიკებს?

მიეცით კარგი მაგალითი. მაგალითად, გამოყენებული ხელსახოცები მის თვალწინ გადააგდეთ ნაგვის ყუთში, გასარეცხი ტანსაცმელი ჩადეთ სარეცხის ყუთში და ა.შ.

წყარო: www.babycenter.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5