თუ ახლად ფეხადგმული ბავშვი გყავთ, ალბათ მთელი დღის განმავლობაში გესმით „რატომ?“. მაგალითად,
- შენ უნდა იბანაო
- რატომ?
- იმიტომ, რომ პარკში დაისვარე.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ქვიშაში ითამაშე.
- რატომ?
რა უნდა გააკეთოთ ამ დროს? ჩაიცინეთ და მოითმინეთ. მოემზადეთ პასუხებისთვის დაუსრულებელ კითხვებზე.
მართალია, რომ ეს გამუდმებული „რატომ“ მოქმედებს თქვენს ნერვებზე და სიმშვიდეზე, მაგრამ მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ის ძალით არ ცდილობს თქვენს გაგიჟებას (ამას უფრო მოგვიანებით, თინეიჯერობაში შეეცდება), უბრალოდ ასე სწავლობს. მას აინტერესებს, რასაც ხედავს, ესმის და აკეთებს. მისი კითხვების უგულებელყოფამ შეიძლება დაუკარგოს ცნობისმოყვარეობა და ცოდნის მიღების სურვილი, თქვენ კი, რა თქმა უნდა, ეს არ გინდათ.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ბავშვები მუდმივად სვამენ კითხვებს არის ის, რომ მათ აღმოაჩინეს – ეს სიტყვა ადვილად წარმოითქმის – და ყოველთვის „არას“ თქმაზე უმჯობესია, რადგან ამით შეუძლიათ მიიღონ თქვენი ყურადღება და (კიდევ უკეთესი!) პასუხი. ეს ეხმარება დამწყებ მოლაპარაკეს მეტყველების დახვეწასა და საუბარში დახელოვნებაში.
რა შეგიძლიათ გააკეთოთ, თუ “რატომის” დაუსრულებელი ციკლი ნერვებს გიშლით? შეეცადეთ შეუტრიალოთ კითხვა თქვენს შვილს. ჰკითხეთ მას, რატომ ფიქრობს, რომ ცა შეიძლება იყოს ცისფერი, ან რატომ არ შეიძლება ნაყინის ჭამა სადილის წინ. ცნობისმოყვარე ბავშვებს, რომლებსაც უყვართ შეკითხვების დასმა, მოსწონთ პასუხების მოფიქრებაც. ეს შეიძლება დაეხმაროს მას სხვანაირად იფიქროს ყველაფერზე, სხვა პერსპექტივიდან – მაგრამ ნუ დააძალებთ, თუ ხვდებით, რომ სწყინს პასუხის არგაცემა.
პასუხის გასაცემად თქვენ შესაძლოა მხოლოდ 1 წუთით დაფიქრება დაგჭირდეთ (განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ბავშვი სვამს შეკითხვებს “ზრდასრული” თემების შესახებ, მაგალითად, როდესაც თქვენი პატარა პირველად გეკითხებათ სქესის შესახებ), ბავშვისთვის კი ეს მთელი ცხოვრების სარგებელი შეიძლება აღმოჩნდეს.
წყარო: www.whattoexpect.com