Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება მეტყველების თერაპევტი სოფიო ქურასბედიანი.

გვესაუბრეთ, რა არის რეცეპტული მეტყველება?

რეცეპტული მეტყველება არის უნარი გავიგოთ სიტყვები და მეტყველება. მისი საშუალებით ჩვენ ვიგებთ მიღებულ ინფორმაციას  ჩვენი ყოველდღიური რუტინიდან (მაგ.  ჩვენ დავამთავრეთ თამაში, დროა ავალაგოთ), ვიზუალურ ინფორმაციას გარემოდან (მაგ. ავიღე პულტი ე. ი. ტელევიზორი უნდა ჩავრთო, ჭიქა ავიღე ე. ი. წყალი უნდა დავლიო….)  ხმების და სიტყვების მნიშვნელობას  (მაგ.  კარზე ზარის ხმაა ე. ი. ვიღაც მოვიდა,  სიტყვა „მანქანა“ აღნიშნავს საგანს, რომლის საშუალებითაც ვთამაშობთ, და ის დადის…), ისეთ ცნებებს, როგორიცაა ფორმა, ზომა, ფერი და დრო, გრამატიკა (მაგ. მრავლობითი რიცხვი – კატა/ კატები, წარსული დრო და ა.შ.) და წერილობით ინფორმაციას (მაგ. ნიშნები გარემოში, მაგ. გასვლა არ შეიძლება, დაწერილი ამბები). 

რას არის რეცეპტული მეტყველების დარღვევა და როგორ გამოიხატება ის ბავშვებში? 

რეცეპტული მეტყველების დარღვევა განვითარების სპეციფიკური დარღვევაა, რომლის დროსაც მიმართული მეტყველების გაგების უნარი ჩამორჩება ბავშვის გონებრივ ასაკს. თითქმის ყველა შემთხვევაში ექსპრესიული მეტყველებაც დარღვეულია. ხშირად აღინიშნება სიტყვებისა და ბგერების წარმოთქმის სირთულე .

რა ნიშნებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, თუ ეჭვი გვაქვს რეცეპტული მეტყველების დარღვევაზე?

თუ ბავშვი 18 თვის ასაკში არ რეაგირებს ნაცნობ რამდენიმე საგანზე, 2 წლის ასაკში კი არ ასრულებს მარტივ საყოფაცხოვრებო ინსტრუქციებს, სახეზეა მეტყველების განვითარების შეფერხების არსებითი ნიშნები. 

  • ყურადღებისა და კონცენტრაციის – უჭირთ დავალებაზე კონცენტრაცია და ბოლომდე დასრულება.
  • ქცევითი – ბავშვის ქცევა, გარემოსთან მიმართებაში იცვლება (მაგ. კლასში ბავშვის ქცევა იცვლება, რადგან  არ ესმის მასწავლებელი რას ეუბნება ან ზოგადად რაზე ლაპარაკობს). 
  • წიგნიერება – წერის და კითხვის პრობლემები, რადგანაც სწორედ მეტყველებითაა გაშუალებული სიმბოლური ფუნქციების განვითარება ადრეულ სასკოლო ასაკში.
  • სოციალური უნარები – სოციალურ აქტივობებში ჩართვა.
  • აღმასრულებელი ფუნქცია – აზროვნებისა და ფიქრის უნარი. 
  • დაგეგმვა და დაყოფა – რამდენიმე საფეხურიანი დავალების  დაყოფა და შესრულება. 
  • გრამატიკული სტრუქტურების (უარყოფა, შეკითხვა, შედარება და ა.შ.) გაგების უუნარობას,
  •  მეტყველების სხვადასხვა ასპექტების (მაგ: ხმის ტონი) გაგების სირთულეებს.  
  • თითქმის ყველა შემთხვევაში ექსპრესიული მეტყველების განვითარებაც მნიშვნელოვნად ფერხდება, ხშირად აღინიშნება სიტყვებისა და ბგერების წარმოთქმის პრობლემები.

რეცეპტული მეტყველების დარღვევისას ასევე ხშირია ჰიპერაქტივობა და უყურადღებობა, სოციალური შეუგუებლობა და თანატოლებისაგან იზოლაცია, შფოთვა, ან ზედმეტი სიმორცხვე. 

რაზე შეიძლება იქონიოს გავლენა  რეცეფტული მეტყველების დარღვევამ? 

მეტყველების განვითარების პირველადი დარღვევები გავლენას ახდენს ბავშვის სხვა ფსიქიკური ფუნქციების განვითარებაზეც. ასეთ ბავშვებში ხშირია ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, რეცეპტული მეტყველების დარღვევის  მძიმე ფორმების მქონე ბავშვები შეიძლება ძალიან ჩამორჩნენ სოციალურ განვითარებაში, შესაძლებელია ბავშვს შეეძლოს მიბაძვით მეტყველება (ამ დროს არ ესმის წარმოთქმულის აზრი) და ინტერესების წრის შეზღუდვა. რეცეპტული მეტყველების დარღვევა მძიმე შემთხვევებში  ვლინდება მარტივი სიტყვებისა და წინადადებების გაგების დარღვევაში. იოლ შემთხვევებში შეიძლება ადგილი ჰქონდეს გარკვეული ტიპის სიტყვების, სპეციალური ტერმინების გაგების გაძნელებას, ან რთული წინადადების გაგების გაძნელებას.

რა უნარები, გვჭირდება რეცეპტული მეტყველების განსავითარებლად?

  • ყურადღება და კონცენტრაცია – უნარი, შეძლოს აქტივობების შესრულება, ისე, რომ არ გაეფანტოს ყურადღება და  შეინარჩუნოს, რათა დაასრულოს დავალება. 
  • წინა სამეტყველო უნარები – არავერბალური კომუნიკაციის საშუალებები –  მოიცავს  ჟესტებს, სახის მიმიკებს, იმიტაციებს, თვალით კონტაქტს.
  • სოციალური უნარები – გვქონდეს კომუნიკაცია (ვერბალური ან არავერბალური) სხვა ადამიანებთან, მიჰყვე და ამოიცნო სოციალური ნორმები.
  • თამაშის უნარები – ჩართვა ისეთ აქტივობებში, რომლებიც ასოცირებულია სიამოვნებასა და მხიარულებასთან. აქტივობა არის, თუმცა არამიზანმიმართული.

როგორ დავეხმაროთ რეცეპტული  მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვს?

პირველ რიგში  მეტყველების პრობლემები უნდა შეფასდეს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, (ფსიქოლოგი, ლოგოპედი, ნევროლოგი, პედიატრი). ბავშვის შესაფასებლად გამოიყენება ინტერვიუ, დაკვირვება, მეტყველების შესაფასებელი სტანდარტული ტესტები, არავერბალური და ვერბალური ინტელექტის შესაფასებელი ტესტები. რაც უფრო ადრეულ ასაკში მოხდება დიაგნოსტირება, მით უფრო ეფექტური იქნება ბავშვის პრობლემაზე მუშაობა. ადეკვატური დიაგნოსტირების შემდეგ აუცილებელია შესაბამისი სპეციალისტების ბავშვთან მუშაობა. აღსანიშნავია, რომ ბავშვის პრობლემაზე მუშაობა ხანგრძლივი პროცესია და გრძელდება 1-3 წელი, შეიძლება მეტიც. სპეციალისტის პარალელურად ბავშვის მეტყველებაზე მუშაობის პროცესში აუცილებელია მშობლის აქტიური თანამონაწილეობა. ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ ბავშვი არ აიძულოთ წარმოთქვას რაიმე სიტყვა ან წინადადება, ან სწორად გაიმეოროს სიტყვა, ან ბგერები. გარშემომყოფთა დაჟინებული მოთხოვნა ბავშვს უარყოფით დამოკიდებულებას უყალიბებს თავად მეტყველების პროცესისადმი, რადგან მას გამუდმებით სთხოვენ იმის გაკეთებას, რაც მას არ შეუძლია, ან უჭირს.  ბავშვისათვის აუცილებელია სამეტყველო მასტიმულირებელი გარემოს შექმნა. კერძოდ, უნდა გაუხმოვანოთ ყველაფერი (თქვენი მოქმედებები, მისი მოქმედებები, რასაც ხედავს და ესმის), ამ დროს თქვენი მეტყველება უნდა იყოს მკაფიო, სწორი არტიკულაციით, წინადადებები უნდა იყოს მარტივი. მაგ.: სუფრას შლით და აჭმევთ, მოქმედების პარალელურად ამბობთ: „აი კოვზი, სუპი, ჭიქა დავდე, აი დანა, ტაფიდან გადმოვიღეთ კარტოფილი”; ან მაგ.: აცმევთ, პარალელურად ეუბნებით: „მომეცი ხელი, აი შარვალი, აი პერანგი, გამოსწიე ფეხი”. სეირნობთ ქუჩაში და ეუბნებით, მაგ.: „ნახე ჩიტი, გოგო მიდის, მანქანა მოდის, ბიჭი დგას, აი ხე და ა.შ.” ასეთი აქტიური მეტყველებითი სტიმულაცია ხელს შეუწყობს ბავშვის მიერ უნებლიე დონეზე სიტყვების წარმოთქმას; იგი უნებლიედ იწყებს იმის წარმოთქმას, რისი თქმაც მას ნებისმიერად არ შეეძლო. გახმოვანების დროს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ანტონიმების დასახელებას (მაგ: სპილოს მოკლე კისერი აქვს ჟირაფს  გრძელი, ეს ხე მაღალია, ეს დაბალი და ა.შ.), რაოდენობას (მაგ: ნახე 3 ბურთი ავიღე; ერთი, ორი, სამი და ა.შ.), საგნების დანიშნულების ახსნას (მაგ: საათი გვჭირდება, რომ გვაჩვენოს დრო, ტაფა გვჭირდება, რომ რაიმე შევწვათ და ა.შ). იმღერეთ მისი საყვარელი მელოდიები ერთად.  ითამაშეთ როლური თამაშები, თქვენ შორის უნდა წარიმართოს მარტივი დიალოგი. თავიდან შეიძლება ორივე როლი (ბავშვის და თქვენი) გაახმოვანოთ თქვენ თვითონ; შემდეგ როდესაც ბავშვი გაერკვევა, თუ რა ტიპის თამაშს სთხოვთ და მარტივი ფრაზებიც (მაგ: მყიდველი – „რა ღირს მანქანა?“ გამყიდველი – „ორი ლარი“ და ა.შ.) ნაცნობი გახდება, შეიძლება თვითონაც გაახმოვანოს დიალოგი. ითამაშეთ მანამ, სანამ ბავშვი თვითონ არ დაიწყებს გახმოვანებას (ამას შეიძლება დასჭირდეს 5-ჯერ, ან გაცილებით მეტჯერ თამაში).

რა მნიშვნელოვანი ფაქტორებია გასათვალისწინებელი სახლში მუშაობის დროს? 

ერთსა და იმავე კითხვას ერთ ჯერზე ბევრჯერ ნუ გაუმეორებთ და მაშინვე პასუხს ნუ მოსთხოვთ. ჯერ თქვენ ეკითხებით, თუ ბავშვი არ უპასუხებს – თქვენვე უპასუხებთ კითხვას და აგრძელებთ მოქმედებას. აარჩიეთ სურათი, რომელზეც გაშლილია მოქმედება, აღუწერეთ ბავშვს სურათი და მიუთითეთ თითით, სთხოვეთ გიპოვოთ თქვენ მიერ დასახელებული ობიექტები, ამ ობიექტების ნაწილები.  ბავშვის მეტყველების განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული ბავშვის ნატიფი მოტორიკის განვითარებასთან, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით მუშაობაც. 

რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს მშობელს თერაპიის პროცესში?

იმისთვის რომ უფრო ნათელი იყოს, თუ რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს თერაპიის პროცესში, გაგაცნობთ კვლევის შედეგებს: კვლევების მიხედვით სკოლამდელ ასაკში გამოვლენილი მეტყველების განვითარების სპეციფიკური დარღვევები ბავშვების 40-60%-ს შემდგომშიც აღენიშნებათ. ბავშვების 40%-ს, რომელთაც მეტყველების დარღვევა დაუდგინდათ 3 წლის ასაკში, იგივე დარღვევები 5 წლის ასაკშიც გამოუვლინდათ, ხოლო 5 წლის ასაკში მეტყველების დარღვევების მქონე ბავშვების 31%- ს იგივე პრობლემები აქვთ 7 წლის ასაკშიც. მეტყველების სპეციფიკურ დარღვევებთან შედარებით მეტყველების ზოგადი დარღვევები უფრო მდგრადია და შემდგომშიც გრძელდება. მეტყველების დარღვევის მქონე 7 წლის ბავშვების 51%-ს 16 წლის ასაკშიც აქვთ მეტყველების რეზიდუალური პრობლემები. მნიშვნელოვანი საკითხია, თუ რამდენადაა შესაძლებელი ბავშვის მეტყველების პრობლემების დაძლევის წინასწარმეტყველება. კვლევებმა აჩვენა, რომ 3 წლის ბავშვებში, რომლებიც მეტყველების თერაპიაზე დადიოდნენ, 90%-მდე სიზუსტით შეიძლებოდა ბავშვის მეტყველების განვითარების დონის პროგნოზირება 18 წლის ასაკისათვის.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5