Skip to content Skip to sidebar Skip to footer

რინოვირუსული ინფექციები იწვევს  გაციებას (common cold), ყელის ტკივილს, ყურის და ცხვირის ღრუსთან დაკავშირებული წიაღების (სინუსების) ინფექციებს (სინუსიტს).  იშვიათად, მას  ასევე შეუძლია გამოიწვიოს პნევმონია (ფილტვების ანთება) და ბრონქიოლიტი (ქვედა სასუნთქი გზების  ინფექცია).

ბავშვების უმრავლესობას სიცოცხლის პირველი 2 წლის განმავლობაში აღენიშნება 8–10 გაციება. თუ ბავშვი დადის ბაღში, ეს რიცხვი იზრდება.

რინოვირუსები ადვილად გადადის ერთი ადამიანიდან მეორეზე. როდესაც ბავშვს ამ ინფექციის გამო ცხვირიდან გამონადენი აქვს, შეიძლება მისი ხელიდან ვირუსი აღმოჩნდეს მაგიდაზე, სათამაშოებსა და სხვა ნივთებზე და გადაედოს სხვა ბავშვებსაც.  ასევე ის ვრცელდება ჰაერშიც, როცა დაავადებული ახველებს ან აცემინებს.  

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი შეიძლება გაცივდეს წელიწადის ნებისმიერ დროს, ეს ინფექციები უფრო გავრცელებულია შემოდგომასა და გაზაფხულზე.

ბავშვს გაციება შეიძლება დაეწყოს ცხვირიდან გამჭვირვალე გამონადენით, რომელიც შემდეგ გასქელდება და შეიძლება მიიღოს მოყავისფრო, ნაცრისფერი ან მომწვანო შეფერილობა. ეს ფერები ნორმალურია და არ ნიშნავს, რომ ავადმყოფს აუცილებლად ბაქტერიული ინფექცია აქვს.

სხვა სიმპტომები:

  • ტემპერატურა – 38.3-39°;
  • თავის ტკივილი;
  • ყელის ტკივილი;
  • კუნთების ტკივილი;
  • ხველა;
  • მადის დაქვეითება;

ზოგიერთ ბავშვს შეიძლება გლანდებზე შეამჩნიოთ ჩირქი (მოთეთრო ლორწოვანი ნადები),  რაც შეიძლება იყოს ბაქტერიით გამოწვეული ინფექციის ნიშანი (სტრეპტოკოკი) და ამ შემთხვევაში პედიატრი ანტიბიოტიკს დანიშნავს.

ჩვეულებრივ, ბავშვს, რომელსაც აქვს რინოვირუსული ინფექცია, არ აღენიშნება რაიმე ნიშანი და სიმპტომი პირველი 2-3 დღის განმავლობაში, თუმცა ის გადამდებია მის გამოვლენამდე 2-3 დღით ადრეც. სიმპტომები 10-14 დღემდე გრძელდება, მაგრამ ზოგჯერ ბავშვი უფრო სწრაფად გამოჯანმრთელდება.

როდესაც თქვენი შვილი გაციებულია, დარწმუნდით, რომ ის სვამს საკმარისი რაოდენობის სითხეს, განსაკუთრებით, თუ მას აქვს სიცხე. ნუ მისცემთ გაციების და ხველის წამლებს ექიმთან გადამოწმების გარეშე. ურეცეპტო მედიკამენტები არ ებრძვის ვირუსს და, უმეტეს შემთხვევაში, ვერ დაეხმარება თქვენს შვილს უკეთესად იგრძნოს თავი.

როდის მივმართოთ პედიატრს?

თუ თქვენი ბავშვი არის 3 თვემდე ასაკის და აქვს გაციების სიმპტომები, გაესაუბრეთ თქვენი შვილის ექიმს. მცირეწლოვან ბავშვებს უფრო მეტად ურთულდებათ გაციება, მათ შორის პნევმონიით ან ბრონქიოლიტით. უფროსი ასაკის ბავშვებს, როგორც წესი, არ სჭირდებათ ექიმთან ვიზიტი გაციების  დროს.

მიმართეთ ექიმს, თუ ბავშვს შეამჩნიეთ

  • ტუჩებისა ან ფრჩხილების გალურჯება;
  • ხმაურიანი ან გაძნელებული სუნთქვა;
  • ხველა, რომელიც არ უმჯობესდება;
  • გადაღლილობა;
  • ყურის ტკივილი.

როგორ ვუმკურნალო ჩემს შვილს რინოვირუსული ინფექციის დროს?

რინოვირუსული ინფექციების უმეტესობა მსუბუქია და მედიკამენტები არ არის საჭირო. ანტიბიოტიკები არ მოქმედებს  გაციებისა და ვირუსებით გამოწვეული სხვა ინფექციების დროს.

როგორ ავარიდო ჩემს შვილს რინოვირუსული ინფექცია?

  • მოარიდეთ ადამიანებს, რომლებიც გაციებულები არიან.
  • ასწავლეთ ხელების სწორად და ხშირად დაბანა.

წყარო: www.healthychildren.org

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5