Skip to content Skip to sidebar Skip to footer

მიუხედავად იმისა, ცდილობთ დაორსულებას, ორსულად ხართ თუ მშობიარობის შემდგომი პერიოდი გაქვთ, მნიშვნელოვანია გაარკვიოთ, ხომ არ გაკლიათ რკინა ორგანიზმში. განსაკუთრებით, თუ თქვენ გაქვთ  ანემიის ყველაზე გავრცელებული ტიპის, რკინადეფიციტური ანემიის განვითარების რისკი.

რა არის რკინადეფიციტური ანემია?

რკინადეფიციტური ანემია არის სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია თქვენს ორგანიზმში რკინის დაბალი შემცველობით. ეს ხდება მაშინ, როდესაც თქვენი სხეული არ აწარმოებს საკმარის ჯანსაღ წითელ უჯრედებს ან როცა ეს სისხლის უჯრედები სწორად არ მუშაობს.

რკინადეფიციტური ანემიის სიმპტომები:

  • დაღლილობა;
  • ცივი ხელები და ფეხები;
  • თავბრუსხვევა;
  • სისუსტე;
  • ტკივილი მკერდის არეში;
  • მტვრევადი ფრჩხილები და ფერმკრთალი კანი;
  • არარეგულარული გულისცემა;
  • თავის ტკივილი;
  • სხეულის დაბალი ტემპერატურა;
  • ჰაერის უკმარისობა.

რა იწვევს რკინადეფიციტურ ანემიას?

  • საკვებიდან არასაკმარისი რკინის მიღება;
  • სისხლის დაკარგვა;
  • ჯანმრთელობის ზოგიერთი მდგომარეობა, მაგალითად ცელიაკია ან კრონის დაავადება.

გარდა ამისა, ეს მდგომარეობა უფრო მეტ ქალს ემართება, ვიდრე მამაკაცს და, როგორც წესი, რისკჯგუფში არიან რეპროდუქციული ასაკის ან ორსული ქალები.

როგორ მოქმედებს ორსულობა რკინადეფიციტურ ანემიაზე?

ორსულობა მოითხოვს რკინის დიდ რაოდენობას ნორმალური განვითარებისა და ზრდისთვის, განსაკუთრებით ორსულობის მეორე ნახევარში.

რკინადეფიციტური ანემია  ორსულობის დროს ყველაზე ხშირად  ორი მიზეზის გამო ვითარდება:

  • სისხლის მოცულობა მნიშვნელოვნად იზრდება და ეს ამცირებს რკინის დონეს;
  • როდესაც ქალს ორსულობის დასაწყისში უკვე აქვს ანემია, ის უფრო მძაფრდება.

რატომ არის რკინა ასე მნიშვნელოვანი ორსულობის დროს?

ორსულობის დროს აუცილებელია საკმარისი რკინის მიღება საკვების ან დანამატების საშუალებით. თქვენს სხეულს დამატებითი სისხლის გამომუშავება სჭირდება პლაცენტისთვის ყველა სასარგებლო ნივთიერების გასაგზავნად და ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობების თავიდან ასაცილებლად, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენზე და ნაყოფზე.

ორსულობის დროს რკინის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგი მიზეზების გამო:

  • ანემიის მკურნალობა  მშობიარობამდე ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს მოსალოდნელი სისხლის დანაკარგის შევსებისთვის.
  • ანემია მშობიარობის წინ არის რისკფაქტორი, რომ საჭირო გახდება სისხლის გადასხმა.
  • გარდა ამისა, არსებობს კავშირი ანემიასა და დაბალ წონას, ნაადრევ მშობიარობას, პრეეკლამპსიას და  დედათა და პერინატალურ სიკვდილიანობას შორის.
  • ძუძუთი კვება შეიძლება უფრო რთული იყოს ანემიის მქონე დედისთვის და იზრდება მშობიარობის შემდგომი დეპრესიის რისკიც.

რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა ორსულობამდე

თუ ანემია დადგინდა ორსულობამდე, მნიშვნელოვანია მისი ტიპის გარკვევა. მაგალითად,  ვიტამინი B12-ის ან ფოლიუმის მჟავის დეფიციტი, სისხლის წითელი უჯრედების მუტაციები – ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია ან თალასემია.

ძლიერმა მენსტრუალურმა სისხლდენამ შეიძლება გამოიწვიოს რკინადეფიციტური ანემია რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რომლებიც არ არიან ორსულად. ორსულობამდე ანემიის მკურნალობა იგივეა, რაც ორსულობისას, დიეტით და რკინის დანამატებით.

რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა ორსულობის დროს

კარგი ეფექტის მისაღებად, მიირთვით რკინით მდიდარი საკვები C ვიტამინით მდიდარ პროდუქტებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ რკინა უკეთ შეიწოვება ცხოველური საკვებიდან, მაგალითად წითელი ხორცი, თევზი, ფრინველი.

ანალიზის პასუხის მიხედვით, ექიმი დაგინიშნავთ პრენატალურ ვიტამინებს ან სხვა დანამატებს.

რკინადეფიციტური ანემია მშობიარობის შემდგომ პერიოდში

მშობიარობის შემდგომი პერიოდის პირველი რამდენიმე კვირისა და თვის განმავლობაში, ბევრი ქალი აღნიშნავს რკინადეფიციტური ანემიის სიმპტომების გაუმჯობესებას. ეს იმის დამსახურებაა, რომ ძუძუთი კვება თრგუნავს მენსტრუალურ სისხლდენას.

ზოგიერთ ქალს მშობიარობის შემდეგ კვლავ შეიძლება ჰქონდეს რკინადეფიციტური ანემია. ეს ჩვეულებრივ გამოწვეულია ორსულობის დროს რკინის არასაკმარისი მიღებით, მშობიარობის დროს სისხლის დაკარგვით ან არაბალანსირებული კვებით.

მშობიარობის შემდგომმა ანემიამ შეიძლება ხელი შეუწყოს ისეთი სიმპტომების განვითარებას, რომელიც დაკავშირებულია შფოთვასთან, სტრესთან და დეპრესიასთან. მას ასევე შეუძლია შეამციროს დედა-შვილის მიჯაჭვულობა.

ახლად ნამშობიარებ ქალებს სჭირდებათ ანემიის გამოკვლევა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მათ სისხლი ჭარბად დაკარგეს მშობიარობის დროს ან ჰქონდათ ანემია ორსულობისას. ეს მნიშვნელოვანია დედის ჯანმრთელობისა და ენერგიისთვის, ძუძუთი კვების მხარდაჭერისა და მშობიარობის შემდგომი დეპრესიის რისკის შესამცირებლად.

წყარო: www.verywellfamily.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5