რკინა აუცილებელია ჰემოგლობინის წარმოსაქმნელად. ჰემოგლობინი კი უზრუნველყოფს სისხლის წითელი უჯრედებით ჟანგბადის გადატანას სხეულის ყველა ნაწილში. რკინა ასევე მნიშვნელოვანია ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის ჩვილობისა და ადრეული ბავშვობის ასაკში.
იღებენ ჩვილები საკმარის რკინას დედის რძისაგან?
ახალშობილთა უმეტესობას აქვს რკინის საკმარისი მარაგი სხეულში სულ ცოტა სიცოცხლის პირველი 4 თვისათვის. დედის რძე შეიცავს ძალიან მცირე რაოდენობით რკინას. ამიტომ, ამერიკის პედიატრთა ასოციაციის ახალი რეკომენდაციით, მხოლოდ ძუძუთი კვებაზე მყოფ (ექსკლუზიური ძუძუთი კვება) ბავშვებს 4 თვიდან სჭირდებათ რკინის შემცველი დანამატი ყოველდღიურად 1 მილიგრამი სხეულის ყოველ კილოგრამზე.
შერეული კვების დროს, მშობლებმა უნდა ჰკითხონ პედიატრს, სჭირდება თუ არა მათ შვილს რკინის დანამატი. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენ გრამ დედის რძესა და ადაპტირებულ ნარევს (ფორმულას) მიირთმევს ბავშვი.
თუ მყარი კვების დაწყებამდე ჩვილი იკვებება მხოლოდ რკინით გამდიდრებული ფორმულით, მას დამატებით აღარ სჭირდება რკინის შემცელი პრეპარატის მიღება.
დაახლოებით, 6 თვისთვის, ჩვილის რკინის საჭიროებას დააკმაყოფილებს რკინით მდიდარი საკვები, ბურღულეული ან რკინის შემცველი წვეთები.
6-დან 12 თვემდე ჩვილებმა ყოველდღიურად 11 მგ რკინა უნდა მიიღონ. ბოსტნეული და წითელი ხორცი შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას და ამიტომ უმჯობესია, მათი დამატებითი კვების მენიუში ადრე შეტანა.
1-დან 3 წლამდე ბავშვებს სჭირდებათ 7 მგ რკინა დღეში. ეს კარგად მიიღწევა წითელი ხორცის, რკინით გამდიდრებული ბურღულეულის, რკინის შემცველი ბოსტნეულისა და C ვიტამინის შემცველი ხილის მიღებით. თუკი ბავშვი არასაკმარის რკინას იღებს, 12 თვის ასაკიდან დასაშვებია თხევადი დანამატებიც.