პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება კლინიკური ფსიქოლოგი კესო ჭურღულია.
როგორ ვიქცევით მშობლები, როდესაც ბავშვი სკოლაში წასვლაზე უარს ამბობს?
გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ერთხელ მაინც ყველა მშობელი აღმოჩენილა იმ ფაქტის წინაშე, როდესაც ბავშვი/მოზარდი სკოლაში წასვლაზე უარს ამბობს. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია, მშობელმა ადეკვატურად უპასუხოს შვილის ქცევას და უნებლიეთ არ წაახალისოს მისი სკოლაში არყოფნა ან უარყოფითი დამოკიდებულება არ განუმტკიცოს სკოლისადმი.
თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა ასაკში სკოლისთვის თავის არიდებას განსხვავებული მიზეზები აქვს და არც ის იქნება სიახლე, თუ ვიტყვით, რომ პრობლემის მოგვარება მისი რეალური მიზეზების იდენტიფიცირებით უნდა დავიწყოთ. ასევე, სკოლის უარყოფა, შესაძლოა, გამოიხატებოდეს მთელი დღის ან ზოგიერთი გაკვეთილის გაცდენით, დაგვიანებით ან სკოლაში წასვლაზე სრული უარით. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ რაც უფრო დიდხანს აცდენს ბავშვი სკოლას, მით უფრო რთულია შემდეგ მისი სკოლაში დაბრუნება. ამიტომ, როდესაც ამ სირთულის წინაშე დავდგებით, ერთ-ერთი, რაზეც ორიენტირებული უნდა ვიყოთ, არის ბავშვის მალევე დაბრუნება სკოლაში.
როგორც წესი, დაწყებით კლასებში ბავშვების მოტივაცია სწავლისადმი მაღალი უნდა იყოს, თუმცა, როდესაც ამ ასაკში ბავშვი სკოლაში თავს კარგად არ გრძნობს, მიზეზი შეიძლება იყოს მისი არასათანადო სასკოლო მზაობა (მაგალითად, როდესაც ბავშვს არ აქვს ბაღში სიარულის გამოცდილება და სკოლაში მოხვედრა მისთვის მყისიერი ცვლილებაა) ან პირიქით, შესაძლოა, გარკვეული უნარების განვითარების დონით ან ინფორმაციის ფლობით კლასელებს უსწრებდეს, რის გამოც მისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო აღარაა. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სასკოლო მზაობაში არ იგულისხმება მხოლოდ კონკრეტული აკადემიური უნარების ფლობა. იმისათვის, რომ მოსწავლეს სკოლასთან ადაპტაცია გაუადვილდეს, შემეცნებითთან ერთად, სჭირდება ემოციური და ქცევითი მზაობა, რისი ნაკლებობაც გამოიხატება მშობელთან განშორების შფოთვით, დამოუკიდებლობის უნარების არასათანადო განვითარებით, თანატოლებთან კომუნიკაციის დამყარების სირთულეებით. როდესაც ზუსტი მიზეზი ცნობილია, საჭიროა მშობელმა და სკოლამ ერთობლივად იმოქმედოს პრობლემის მოსაგვარებლად, რადგან ხშირია შემთხვევები, როდესაც რომელიმე მხარე პასუხისმგებლობას ირიდებს და მშობელი პრობლემის სათავეს არასათანადო სასკოლო გარემოში ეძებს, რომელიც მისი შვილისთვის დისკომფორტის მომგვრელია, ხოლო სკოლა ბავშვის სკოლაში არყოფნას მისი კაპრიზებით ან საკითხისადმი მშობლის გულგრილობით ხსნის.
უფროსი ასაკის მოსწავლეების შემთხვევაში, ინტერესებიცა და პრიორიტეტებიც იცვლება, მათ უჩნდებათ უფრო მეტი შეკითხვა, რომლებზეც უფროსების პასუხი, შესაძლოა, მათთვის არადამაკმაყოფილებელი და არადამაჯერებელი იყოს. ერთ-ერთი ასეთი კითხვაა, თუ რაში სჭირდება მას იმ საგნების სწავლა და იმ ცოდნის შეძენა, რომელსაც მომავალ ცხოვრებაში ვერაფერში გამოიყენებს. ზოგჯერ, ამას არც აქვს შეკითხვის ფორმა და პირდაპირ მტკიცებითი ფორმით ჟღერდება ხოლმე მოზარდებისგან, რომ მათი ცხოვრებისეული გეგმები არის ესა და ეს, რომ იქნებიან ამა და ამ პროფესიის და მათ ამისთვის არ სჭირდებათ არც სკოლაში სიარული და არც ეგ საგნები. აქაც იკვეთება, ერთი მხრივ, სასწავლო დაწესებულების, მასწავლებლების შეცდომა, რომ ისინი სათანადოდ ვერ აწვდიან მოსწავლეებს კონკრეტული საგნის ცოდნის საჭიროებასა და მნიშვნელობას და, მეორე მხრივ, ის მოსწავლეები, ვისგანაც ზემოაღნიშნულს ვისმენთ, ხშირად თავად ისმენენ ამას პირდაპირ თუ ირიბად ოჯახის უფროსი წევრებისგან. ასეთ დროს, როცა ოჯახი მოსწავლეს პრიორიტეტად სწავლას არ უსახავს (აქ არ არის საუბარი მაღალ აკადემიურ მოთხოვნებზე) და პირიქით, აკნინებს კიდეც მის აუცილებლობას, ბუნებრივია, რომ მოზარდისთვის ეს დამაბნეველთან ერთად პროტესტის მიზეზიცაა, რადგან სკოლისა და ოჯახის ღირებულებები არ ემთხვევა ერთმანეთს და მიუხედავად ამისა, მშობლები მას მაინც აიძულებენ სკოლაში სიარულს, სადაც გარკვეული აკადემიური მინიმუმი უნდა შეასრულოს, რომ მომდევნო კლასში გადავიდეს.
ზოგჯერ სკოლისგან თავის არიდების მიზეზი არა სკოლაში, არამედ მის მიღმა – სახლში ან სხვა გარემოშია, რომელიც მოსწავლეს სკოლაზე საინტერესოდ ესახება. დღეისათვის გაცილებით მეტი დისტრაქტორი და საცდური არსებობს მოზარდებისთვის, რომლებიც მათ სკოლისგან ყურადღებას გადაატანინებს, ვიდრე მათივე მშობლების ბავშვობაში. ამ დისტრაქტორებში ინტერნეტი და მასზე დამოკიდებულება, ალბათ, პირველ ადგილზეა. შესაბამისად, თუ მოზარდი იმ მიზეზით აცდენს სკოლას, რომ დრო კომპიუტერთან გაატაროს, მშობლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ სახლში ყოფნა დამაჯილდოებელი ეფექტის არც ერთ შემთხვევაში და არც ერთ ასაკში არ უნდა იყოს მოსწავლისთვის.
აუცილებლად უნდა შევეხოთ ბულინგის საკითხს, რომელიც თავისთავად ვრცელია და აქ სათანადოდ ვერ ამოვწურავთ, თუმცა, რაც უნდა ვიცოდეთ არის ის, რომ ჩაგვრის, დაცინვის, დამცირების ან ზოგადად, არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი ნებისმიერ ასაკში შეიძლება გახდეს მოსწავლე როგორც სხვა მოსწავლეების, ასევე, მასწავლებლების მხრიდან. ეს განსაკუთრებით ფაქიზი თემაა და ხშირ შემთხვევაში, დიდი ხნის განმავლობაში ფარულად მიმდინარე, ან მშობლის ყურამდე აღწევს გვიან. ამ დროს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს მშობელს, რომ იმპულსური გადაწყვეტილებებით მდგომარეობა კიდევ უფრო არ გააუარესოს. ზოგადად, როდესაც მოზარდები მშობლებთან ნაკლებად გულწრფელები არიან ან გარკვეულ ინფორმაციას მალავენ, ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი უფრთხიან მშობლების მძაფრ რეაქციას, არ ენდობიან ან მათი დახმარების იმედი არ აქვთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ნდობაზე დამყარებული ურთიერთობის უზრუნველყოფა შვილთან სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. თუ მშობლისთვის ბულინგის ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი, აუცილებელია სკოლამ მიიღოს შესაბამისი ზომები და ჩარიოს შესაბამისი სპეციალისტები საჭიროების მიხედვით, რის შემდეგაც მუშაობა კომპლექსურად წარიმართება.
როდესაც საქმე გვაქვს გადატვირთულ გრაფიკთან, სასკოლო მასალის მოცულობასთან, როდესაც სკოლის შემდეგ მოსწავლე რამდენიმე წრეზე ან რეპეტიტორთან მიდის, რუტინა ერთფეროვანია – ამ ყველაფრის ფონზე, ბუნებრივია, მას შესაძლოა, რაღაც ეტაპზე რესურსები აღარ ეყოს და გადაიღალოს როგორც ფიზიკურად, ასევე, ფსიქიკურად. ამ დროს, მნიშვნელოვანია ეს მშობლის მხრიდან სიზარმაცედ არ იქნას აღქმული და ბავშვს/მოზარდს მიეცეს გარკვეული პერიოდი ძალების აღსადგენად. გარდა ამისა, აუცილებელია, გადაიხედოს მისი დღის რუტინა და შეიცვალოს ისე, რომ მოერგოს მოსწავლის უნარებსა და შესაძლებლობებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ე.წ. „გადაწვის“ მდგომარეობა გახდება ნორმა, რაც პროდუქტიულობას თავისთავად აქვეითებს და, ამასთანავე, დამაზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს მოსწავლის ჯანმრთელობისთვის, როდესაც მას არ აქვს დასვენების საშუალება.
არსებობს ისეთი მდგომარეობები, როდესაც სკოლისგან თავის არიდება, შესაძლოა, ერთ-ერთ ნიშნად თუ სიმპტომად ვლინდებოდეს. ძირითადად, ესენია შფოთვასთან დაკავშირებული მდგომარეობები (გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა, სოციალური შფოთვა, განშორების შფოთვა), ოპოზიციურ-დევიანტური ან ქცევითი აშლილობა და/ან დეპრესია. ზემოთ თუ ვილაპარაკეთ ისეთ მოცემულობებზე, რომლებთანაც გამკლავება შესაძლებელია, მაგალითად, სკოლის ფსიქოლოგის ჩარევითა და მისი რეკომენდაციებით, აქ უკვე საჭიროა დახმარება სკოლის მიღმა ეძიოს მშობელმა და დროულად მიმართოს კლინიკურ ფსიქოლოგს ან ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტს, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრს, რომ ბავშვთან/მოზარდთან მუშაობის მეთოდები სწორად შეირჩეს, დაიგეგმოს და წარიმართოს.