Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ჩვილისთვის ტაშის დაკვრა მხოლოდ გართობა არ არის, ეს განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია. იგივე ეხება ხელების დაქნევას, ამ ჟესტებით ბავშვი ამეტყველებამდე გვეუბნება: „გამარჯობა“, „ნახვამდის“.

ტაშის დაკვრას  ჩვეულებრივ სწავლობენ 9 თვის ასაკში, მას შემდეგ, რაც დახელოვნდებიან წამოჯდომასა და ხოხვის წინა მოძრაობებში (ეს უნარები აძლევს მათ ტაშის დაკვრის შესაძლებლობას). თუმცა, შესაძლოა ზოგმა უფრო ადრე ან გვიან მოახერხოს. თავდაპირველად, თქვენი ბავშვი ტაშს უკრავს, რომ მიბაძოს თქვენს მოძრაობებს. თუ თქვენ სიხარულის ან სიმღერის მოსმენის დროს უკავთ ტაშს, ისიც გაიმეორებს.

2013 წლის კვლევის თანახმად, ჩვილების ტვინი აქტიურდება, როდესაც უყურებენ ზრდასრული ადამიანის ფიზიკურ აქტივობას. ეს ეხმარება მათ დასწავლაში.

იმისთვის, რომ ტაშის დაკვრა შეძლონ, ჩვილებს უნდა ჰქონდეთ კარგად განვითარებული თვალისა და ხელის შეთანხმებული მოძრაობა, რაც მნიშვნელოვანი უნარია შემდგომში წერის სასწავლად.

ეს მნიშვნელოვანია ბავშვის სოციალური უნარებისთვისაც. შესაძლოა, ჩვილმა სიტყვიერად ვერ გითხრათ, რომ მოსწონს ბანანის პიურე, მაგრამ ტაში დაუკრას მის დანახვაზე, რაც განიშნებთ, რომ მან მოგიწონათ წასახემსებელი

დაახლოებით 1 წლის ასაკში, თქვენმა ბავშვმა შეიძლება გაარკვიოს, რომ ტაშის დაკვრა კომუნიკაციის საშუალებაა და დაიწყებს ტაშს სიხარულის ან აპლოდისმენტების გამოსახატავად და არა მხოლოდ თქვენი მიბაძვისთვის.

როგორ წავუხალისოთ ჩვილებს ტაშის დაკვრა?

ჩართეთ სიმღერა ან უმღერეთ და რიტმს აჰყევით ტაშით. შეგიძლიათ ჩაისვათ ბავშვი კალთაში და დაეხმაროთ ტაშის დაკვრაში.

მიანიშნეთ  ტაშისთვის შესაფერისი დრო. მაგალითად, როცა ბებია აქრობს სანთლებს დაბადების დღის ტორტზე, წაახალისეთ ბავშვი: „აბა, ტაში დავუკრათ ბებოს“ და მიეცით მაგალითი.

ცვალეთ ტაშის სიჩქარეები. ბავშვებს უყვართ მრავალფეროვნება, ამიტომ დაიწყეთ ნელი ტაშით და გადადით ჩქარზე ან პირიქით.

ხშირად ეთამაშეთ „დაჰკა, ცაცი“. ეს ეხმარება მას თვალისა და ხელის კოორდინაციის განვითარებაში და ამზადებს მის ხელისგულებს ტაშისთვის.

ტაშის დაკვრა, ხელის დაქნევა და თითით მინიშნება ზოგჯერ ჯგუფდება, როგორც ერთი ეტაპი, რადგან ეს ყველაფერი ხელის მოძრაობებია, რომლებიც ფიზიკური და გონებრივი კოორდინაციის საერთო ელემენტებს მოითხოვს. ხელის დაქნევა ჩვეულებრივ იწყება ოდნავ ადრე (6-7 თვე) და თითით მითითება უფრო გვიან (12 თვისკენ). ამასთანავე, ერთი უნარის სწავლა თქვენს ბავშვს აძლევს საფუძველს, რომ შემდეგი ისწავლოს.

როდის მივმართოთ სპეციალისტს?

თუ თქვენი შვილი 1 წლის ასაკში არ უკრავს ტაშს, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მაგალითს აძლევთ, შესაძლოა  ჰქონდეს მოტორულ ან სოციალურ უნარებთან დაკავშირებული განვითარების შეფერხება.

წყარო: www.healthline.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5