როდის ვუთხრა ბავშვს, რომ ორსულად ვარ?
კარგი იქნება, თუ დაელოდებით პირველი ტრიმესტრის დასრულებას, სანამ თქვენი ორსულობის შესახებ უფროს შვილს გაუმხელთ. რადგან ამ დროს სპონტანური აბორტის რისკი მცირდება. ამავდროულად, მუცელი უფრო დაგეტყობათ და ბავშვი უფრო შეძლებს იმის მიხვედრას, რომ თქვენს სხეულში პატარა იზრდება.
გაუმხილეთ შვილს ორსულობის შესახებ მანამ, სანამ სხვა ადამიანებს ეტყვით. რადგან, თუ ბავშვს ეცოდინება, რომ და ან ძმა ეყოლება, ის მოინდომებს, სხვასაც გააგებინოს ამის შესახებ. ხოლო თუ სხვებს ეტყვით მასზე წინ, შესაძლოა, რომ მისგან ვეღარ დამალოთ, რადგან მეგობრებს მოუნდებათ, მოგილოცონ და გესაუბრონ ორსულობის მიმდინარეობაზე. რა თქმა უნდა, აჯობებს თუ ბავშვი თქვენგან გაიგებს ამ მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ, ვიდრე გარეშე პირებისგან.
თუ არ ხართ მზად თქვენი ორსულობის შესახებ სალაპარაკოდ და ბავშვმა გკითხათ თქვენი გულისრევების ან დაღლილობის მიზეზზე, უთხარით, რომ უბრალოდ დაიღალეთ ან თავს ცუდად გრძნობთ. თუ მზად იქნებით კითხვებზე პასუხის გასაცემად, შეარჩიეთ ისეთი დრო, როცა მას არსად ეჩქარება და მშვიდადაა. გადადეთ საუბარი, თუ ის ავადაა ან გაღიზიანებულია. სასურველია, თუ ორივე მშობელი ერთად დაელაპარაკებით.
როგორ ვუთხრა ორსულობის შესახებ?
დაგეგმეთ, რას ეტყვით. შესაძლოა, წინასწარ წაუკითხოთ წიგნები დედმამიშვილობაზე ან ყურადღება გაუმახვილოთ მათ მეგობრებზე, რომლებსაც ჰყავთ და ან ძმა. შეგიძლიათ მოუყვეთ საკუთარი გამოცდილება, თუ გყავთ დედმამიშვილი.
მოუყევით ორსულობის შესახებ პოზიტიური, მარტივი და გასაგები ენით. მაგალითად, „ზუსტად ახლა, დედიკოს მუცელში იზრდება პატარა. შენ გეყოლება პატარა დაიკო (ან ძამიკო) მომავალ გაზაფხულზე.“
ბავშვს დააინტერესებს, რამდენი ხანში დაიბადება პატარა. დააკავშირეთ ბავშვის დაბადება რომელიმე სეზონთან, დღესასწაულთან ან რამე სხვა მოვლენის თარიღთან.
როგორი რეაქცია ექნება მას?
ეს ინდივიდუალურია. შეიძლება მან დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭოს ამ ამბავს ან ძალიან აღელვებული ან შეშფოთებული იყოს. თუ ის აღელვებული იქნება, სთხოვეთ, რომ ბებიას ან ბაბუას შეატყობინოს ეს ამბავი (თუნდაც მათ უკვე იცოდნენ), რათა მან იგრძნოს, რომ მნიშვნელოვან როლს თამაშობს სამყაროსთვის მისი ძმის (ან დის) ამბის გაგებაში.
თუ შეატყობთ, რომ ბავშვი ახალი ამბის გაგების შემდეგ დაბნეული ან განაწყენებულია, ჰკითხეთ მას: „დაბნეული/განაწყენებული ჩანხარ. გინდა, მომიყვე რას გრძნობ?“
მოუყევით მას, რომ ადამიანები შეიძლება სევდიანები და ბედნიერი ერთდროულად იყონ ბავშვის დაბადების გამო. აღიარეთ მისი განცდები და ის უკეთ იგრძნობს თავს.
ნუ გადაღლით ბავშვს მეტისმეტი ინფორმაციით, თუ შეატყობთ, რომ აღარ აინტერესებს. ჰკითხეთ, ხომ არ აქვს კითხვები. შეიძლება მან მოინდომოს იმის გაგება, როგორ მოხვდა ბავშვი მუცელში. შემდეგ სტატიებში ჩვენ ამ თემასაც შევეხებით და ასევე მოგიყვებით, როგორ მოამზადოთ უფროსი ბავშვები (ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით) პატარა და-ძმისთვის.
რა მოხდება, თუ მუცელი მომეშლება მას შემდეგ, რაც ბავშვს ეცოდინება ჩემი ორსულობის შესახებ?
თუ ეს მაინც მოხდა, თქვენ შეგიძლიათ აუხსნათ ბავშვს, რომ მუცელში მყოფი პატარა ვერ გაიზარდა იმდენად დიდი, რომ დაბადებულიყო. ნორმალურია, თუ დაინახავს, რომ ტირით ან მოწყენილი ხართ. და ასევე, მოსალოდნელია, რომ თვითონაც მოიწყინოს. დაეხმარეთ მას საკუთარ განცდების გარკვევაში მოსმენით და იზრუნეთ საკუთარ თავზე, ემოციურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, რათა მან დაინახოს, რომ უკეთ გრძნობთ თავს.
წყარო: www.babycenter.com