“დედამიცისს” ესაუბრება ნეიროფსიქოლოგი მაია მაჭავარიანი.
გვესაუბრეთ კომუნიკაციის ფაზებზე. როდის იწყებს ბავშვი კომუნიკაციას გარესამყაროსთან და რა ეტაპებს გადის ამეტყველებამდე?
ბავშვთან კომუნიკაციას ვიწყებთ დაბადებიდან, მუცლადყოფნის პერიოდშიც კი. როდესაც ნაყოფს რაიმე დისკომფორტი აქვს – ფართხალით გამოხატავს, რეაგირებს დედის ხმაზე, სხვადასხვა ხმაურზე და მუსიკაზე. ენის ათვისების და განვითარების პროცესი კი დაბადებიდან იწყება. სამშობიაროში, ახალშობილებს უტარდებათ სმენაზე სკრინინგი, რათა გამოირიცხოს ამ მხრივ პრობლემა თავიდანვე ან/და თუ არის სმენის პრობლემის ეჭვი, მშობლებს ეუბნებიან, რომ მიაქციონ ყურადღება.
რაც შეეხება ეტაპებს, რომელსაც გადის ბავშვი ამეტყველებამდე: დაბადებიდან 3-თვემდე ბავშვი უნდა რეაგირებდეს ხმაურზე, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ სმენის დაქვეითებას არ აქვს ადგილი. ამ პერიოდში ბავშვი უნდა რეაგირებდეს დედის ხმაზე. დედის ხმის გაგონებაზე, ხშირად ატირებული პატარა მშვიდდება. სწორედ, ამ პერიოდში ჩნდება “სოციალური ღიმილი”, როდესაც ჩვილი ნაცნობ სახეს უღიმის. ძირითადად უღიმიან დედას.
4-დან 7 თვემდე განვითარების პერიოდში პატარა მუსიკაზე და მუსიკალურ სათამაშოებზე რეაგირებს, იწყებს კისკისს, სიცილს, როცა ეთამაშებიან, აცინებენ ან რაღაც სასაცილო ხდება. ეს პერიოდი მნიშვნელოვანი ეტაპია მის განვითარებაში. ამ პერიოდში იწყებს ე.წ. ტიტინს, და ეს ,,სიტყვებით“ კომუნიკაციის მცდელობაა გარესამყაროსთან, როდესაც მარტივი ბგერებით და მარცვლებით ცდილობს, რომ ეკონტაქტოს მშობლებს. ზოგიერთი მშობელი აღნიშნავს, რომ 7 თვის ასაკში მისი პატარა “დედას” ამბობდა, ეს არის ბგერების იმიტაცია და არ არის სიტყვის მიზანმიმართული გამოყენება. ამასთანავე, ეს მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც წინ უძღვის სიტყვების გააზრებულ გამოყენებას.
1 წლიდან იწყება სიტყვების მიზანმიმართული გამოყენება, ეს არის ფეხის ადგმის და ენის ადგმის პერიოდი. ბავშვი აქტიურად ჰბაძავს ცხოველებს, ჩვენს შეკითხვებზე ფისო როგორ ამბობს, ძაღლი როგორ ამბობს – ის მარტივი ბგერების იმიტაციით გვპასუხობს. ამ ეტაპზე ბავშვს უკვე აქვს რამდენიმე სიტყვა აქტიურ ლექსიკურ მარაგში, მაგალითად: “დედა”, “მამა”, “ადე”, “მომე” . ამავე პერიოდში პატარას უნდა შეეძლოს მარტივი ინსტრუქციის გაგება და შესრულება. მაგალითად: “მოდი”, “დახუჭე თვალები”, “მოიტანე ბურთი”, “მოიტანე ჭიქა”, “სად არის კოვზი?” მშობელმა უნდა მიაქციოს ყურადღება, რამდენად ესმის ბავშვს, ადეკვატურად თუ რეაგირებს მიმართულ მეტყველებაზე, თუ ეს ასე არ არის, სასურველია კონსულტაციის გავლა, მათ შორის ბავშვის სმენის შეფასება. 1 წლიდან 1.5 წლამდე ასაკში ბავშვს პასიური ლექსიკური მარაგი ბევრად დიდი აქვს, ვიდრე აქტიური. იცის ბევრი სიტყვის მნიშვნელობა, მაგრამ კომუნიკაციაში აქტიურად იყენებს რამდენიმეს.
1.5 – წლის ასაკში, ითვლება, რომ ბავშვს 10 სიტყვა უნდა ჰქონდეს აქტიურ მარაგში, და აქტიურად იყენებდეს მათ. შეიძლება ამ პერიოდში არტიკულაცია (გამოთქმა) არ იყოს ძალიან მკაფიო, ეს ჩვეულებრივი ამბავია ამ ასაკში, მაგრამ მისი მეტყველების 50% უცხო ადამიანისთვის უნდა იყოს გასაგები. თუ ბავშვი სრულიად გაუგებრად საუბრობს, ან ,,თავის ენაზე“ ლაპარაკობს, შესაძლოა იყოს ფონემატური სმენის განვითარების პრობლემა, ასეთ შემთხვევაში უნდა მივმართოთ სპეციალისტებს.
2 წლის ასაკისთვის ბავშვს უნდა ჰქონდეს ორი სიტყვის გადაბმის მცდელობები, როდესაც ამბობს: “კიდევ მინდა”, “წავიდეთ გარეთ”, “ფაფა არ მინდა” და ა.შ. ამ ასაკისთვის უნდა შეეძლოს მარტივი წინადადებების დამოუკიდებლად აგება და ფრაზების აქტიური გამოყენება. ორი წლისთვის ბავშვის აქტიური ლექსიკური მარაგი 50-მდე სიტყვას უნდა მოიცავდეს.
3-დან 5 წლამდე პერიოდში ხდება ლექსიკონის გამდიდრება, სიტყვების ათვისება, მეტყველების გაფართოება, გრამატიკული წესების სწავლა. ამ დროს ბავშვი ენის ძირითადი ასპექტების ცოდნას და გამოყენებას სწავლობს და ითვლება, რომ არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდი ენის ათვისების მხრივ საერთო ჯამში, 1-დან 5 წლამდე ასაკი ითვლება კრიტიკულ პერიოდად ენის ათვისებისთვის, თუ ამ პერიოდში არ მოხდა ბავშვის ამეტყველება, შემდგომში ენის ათვისება უფრო მეტად რთულდება და ბავშვს ექმნება პრობლემები სხვა ტიპის ვერბალური ფუნქციების განვითარებაშიც, მათ შორის, აზროვნების, წერა-კითხვის ათვისების სასკოლო ასაკში და ა.შ.