Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფსიქოლოგი ნუცა გულდედავა.

გვესაუბრეთ იმ განსხვავებებზე, რომელიც არსებობს ნევროლოგს, ფსიქიატრსა და ფსიქოთერაპევტს შორისროდის რომელ სპეციალისტს უნდა მიმართოს პაციენტმა საჭიროების შემთხვევაში?

ჩვენს რეალობაში, ხშირად ვხვდებით შემთხვევებს, როცა ადამიანი ფსიქიკური პრობლემის გამო მიმართავს ნევროლოგს და არა ფსიქიატრს  ან ფსიქოთერაპევტს. ამის ყველაზე საფუძვლიან მიზეზად შეგვიძლია დავასახელოთ მენტალური ჯანმრთელობის ირგვლივ არსებული სტიგმები. დღესდღეობით ჩემთვის, როგორც ამ სფეროს წარმომადგენლისთვის, მნიშვნელოვანია ფსიქოგანათლებას დიდი დრო დავუთმო და ადამიანებამდე მივიტანო ხმა,  არასამედიცინო, მათთვის გასაგებ ენაზე, თუ რა განსხვავებაა ნევროლოგს, ფსიქიატრსა ფსიქოთერაპევტს შორის.  

რა კომპეტენცია აქვს ნევროლოგს

ნევროლოგია სამედიცინო სპეციალიზაციაა და შეისწავლის  ნერვული სისტემის სტრუქტურასა და ფუნქციას. ნევროლოგი  განათლებით ექიმია, რომელიც ფოკუსირებულია ნერვული სისტემის ისეთ დარღვევებზე, რომლებსაც გამოხატული ბიოლოგიური საფუძველი აქვთ და  მკურნალობს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ინსულტი, პარკინსონის დაავადება, გაფანტული სკლეროზი, ეპილეფსია და ა.შ.

რა კომპეტენცია აქვს ფსიქიატრს?

ფსიქიატრია სამედიცინო დარგია. იგი ფსიქიკურ დაავადებათა გამოვლინებებს, მიმდინარეობას, წარმოშობის მიზეზებს, განვითარების მექანიზმებს, მკურნალობასა და პროფილაქტიკას შეისწავლის. შესაბამისად, ფსიქიატრები განათლებით ექიმები არიან. ისინი მკურნალობენ ისეთ დაავადებებს, როგორიცაა გენერალიზირებული შფოთვითი აშლილობა, ბიპოლარული აშლილობა, გენერალიზირებული შფოთვითი აშლილობა, პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD) და. ა.შ.

ფსიქიატრის საქმიანობის მთავარი და განუყოფელი ნაწილია მედიკამენტების დანიშვნა, რაც მას საშუალებას აძლევს პაციენტის მდგომარეობა ჯეროვნად მართოს.

რა განსხვავებაა ფსიქიატრსა და ნევროლოგს შორის

ნევროლოგი და ფსიქიატრი, ორივე განათლებით არიან ექიმები და მათ შორის განსხვავება ისაა, რომ ნევროლოგი  შეისწავლის ტვინს და ნერვულ სისტემას, ხოლო ფსიქიატრი – გონებას, ანუ ადამიანის აზროვნებას, ემოციას ფიქრს და ქცევას. ამ ორივე ექიმს აქვთ განსხვავებული დიაგნოსტიკური მეთოდები და ხელსაწყოები.

რა კომპეტენცია აქვს ფსიქოთერაპევტს?

ფსიქოთერაპია დამოუკიდებელი სამეცნიერო დისციპლინაა და ფსიქოთერაპევტი წარმოადგენს ფსიქოლოგს, რომელმაც  გაიარა ფსიქოთერაპიის, როგორც თეორიული, ასევე ხანგრძლივი პრაქტიკული კურსი. 

ფსიქოთერაპევტის ინსტრუმენტს წარმოადგენს სხვადასხვა მეთოდით ფსიქოთერაპიული მუშაობა.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ფსიქოთერაპევტს შეგვიძლია მივაკითხოთ მაშინაც, როცა არ არის გამოკვეთილი პრობლემა თუ სიმპტომი, არამედ იმიტომ, რომ გავხდეთ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია და ჩვენს თავზე გავიგოთ მეტი.

რა განსხვავებაა ფსიქოთერაპევტსა და ფსიქიატრს შორის?

ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტისგან განსხვავებით სვამს დიაგნოზს და ნიშნავს მედიკამენტურ მკურნალობას, თუ საჭიროა. 

ფსიქოთერაპევტს არ აქვს მედიკამენტის დანიშვნის უფლება, თუმცა, ფსიქიატრს შეუძლია იყოს ფსიქოთერაპევტიც, თუ შესაბამისი პრაქტიკული განათლება აქვს მიღებული. 

რა კომპეტენცია აქვს ფსიქოლოგს

ფსიქოლოგი არის სპეციალიზებული ფსიქოლოგიური ცოდნის მქონე ადამიანი, რომელსაც შეუძლია ისაუბროს ფსიქიკურ მდგომარეობებზე, ფუნქციებზე, ადამიანის სოციალური ფუნქციონირების კანონზომიერებაზე, თუმცა, მას ფსიქოთერაპიის წარმოება შესაბამისი პოსტდიპლომური განათლების მიღების გარეშე არ შეუძლია. 

როდესაც ადამიანს აწუხებს შფოთვა, უძილობა, გადაღლილობა, ვფიქრობ, პირველ რიგში ჯობს მიმართოს ოჯახის ექიმს, რათა გამოირიცხოს სხვადასხვა ფიზიოლოგიური პრობლემები.   ვიტამინების ნაკლებობა და სხვა, ხოლო აქ თუ ყველაფერი წესრიგშია, უმჯობესია ფსიქიატრის მიერ მოხდეს შეფასება.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5