“დედამიცის” ესაუბრება ბავშვთა და მოზრდილთა ფსიქიატრი დეა ინორიძე.
მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სტიგმა ჩვენს საზოგადოებაში საკმაოდ მყარია, მით უფრო თუ ის ბავშვებს ეხება. შეიძლება ამან ხელი შეუშალოს სპეციალისტთან მიმართვიანობას?
სტიგმა მართლაც რომ საკმაოდ მყარია, როდესაც საქმე ეხება ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ინფორმაციის ნაკლებობის, საზოგადოების არასწორი რეაქციის, მხარდამჭერი გარემოს არარსებობის გამო, მშობელი იღებს რჩევებს არაკომპეტენტური ადამიანებისგან, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს დროულად მიმართოს სპეციალისტს, ამიტომ პირველივე საეჭვო ნიშნების შემჩნევისას ყოველთვის უმჯობესია მივმართოთ პედიატრს, ნევროლოგს, ფსიაქიატრს, ფსიქოლოგს და სხვას.
რამდენად მნიშვნელოვანია მშობლებმა იცოდნენ ბავშვის განვითარების ეტაპების შესახებ მენტალური პრობლემების პრევენციისთვის?
მშობლებისთვის და პედაგოგებისთვის აუცილებელია დაბადებიდან მოზარდობამდე ბავშვის ნორმალური განვითარების ეტაპების ცოდნა, იმისთვის რომ მივხვდეთ რამდენადაა ემოციური, სოციალური თუ ინტელექტუალური ფუნქციები დარღვეული.
სხვადასხვა ასაკში განსხვავებული პრობლემები იჩენს თავს: ადრეული ბავშვობისთვის დამახასიათებელია ძილის და კვების დარღვევები, მშობელთან მიჯაჭვულობა, განშორებით გამოწვეული შფოთვითი აშლილობა, რისხვის შეტევები (ტანტრუმი), ოპოზიციური ქცევა და ზომიერი აგრესია.
უმცროს სასკოლო ასაკში დამახასიათებელია ღამის კოშმარები, შიში, დაუმორჩილებლობა, ხშირი ჩხუბი, თანატოლებთან ურთიერთობის სირთულეები.
12–16 წლის ასაკში გუნება–განწყობის მერყეობა, შფოთვა, სკოლაში სიარულზე უარის თქმა, ასევე ოპოზიციური ქცევა.
ფსიაქიატრთან მიმართვა შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით მოხდეს, მაგალითად როდესაც არის განვითარების ზოგადი და სპეციფიკური აშლილობები, ქცევის აშლილობები (წესრიგის დარღვევის) და ყურადღების დეფიციტით მიმდინარე (ჰიპერკინეტიკური) აშლილობები, ასევე შფოთვითი (ემოციური) აშლილობები.
რა ნიშნების ერთობლიობა შეიძლება მიგვანიშნებდეს იმაზე, რომ ბავშვს მენტალური პრობლემები აქვს?
ბავშვებში შესაძლოა განვითარდეს მენტალური ჯანმრთელობის იგივე მდგომარეობები როგორიც მოზრდილებში, თუმცა სიმპტომები განსხვავებულია, ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ, რას დავაკვირდეთ.
საყურადღებო ნიშნები იმასა, რომ ბავშვს შეიძლება ჰქონდეს მენტალური ჯანმრთელობას დარღვევა:
- მუდმივი უგუნებობა (მოწყენილობა, მწუხარება), რომელიც გრძელდება 2 კვირაზე მეტს;
- სოცილური ინტერაქციისგან თავის არიდება;
- საკუთარი თავის დაზიანება ან საუბარი საკუთარი თავის დაზიანებაზე;
- სიკვდილზე ან სუიციდზე საუბარი;
- წყობიდან გამოსვლა ან ძლიერი, უკიდურესი გაღიზიანება;
- უკონტროლო ქცევა, რომელიც შესაძლოა იყოს დამაზიანებელი;
- ხასიათის, ქცევის ან პიროვნების მკვეთრი ცვლილებები;
- კვების ცვლილებები;
- წონის კლება;
- ძილის დარღვევა;
- ღამის კოშმარები, შიშები;
- ხშირი თავის ან მუცლის ტკივილი;
- კონცენტრაციის სირთულეები;
- ცვლილებები აკადემიურ მოსწრებაში;
- სკოლაში სიარულზე უარის თქმა.
რამდენად მნიშვნელოვანია მენტალური პრობლემების დროული აღმოჩენა და პრევენცია?
მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობა ბავშვებში დიაგნოსტირდება სიმპტომების, გარკვეული ნიშნების მიხედვით და ასევე რამდენად აისახება ეს მდგომარეობა მის ყოველღიურობაზე. მნიშვნელოვანია მშობლების, სხვა ოჯახის წევრების, პედაგოგების როლი, რათა აღმოაჩინონ ბავშვის ფსიქიკური მდგომარეობის სულ მცირე ცვლილებაც კი, რადგან ბავშვებს ხშირად უჭირთ პირველ რიგში მიხვდნენ და შემდეგ სიტყვიერად გამოხატონ თავიანთი გრძნობები და ემოციები.
დროულად დასმული დიაგნოზი, სწორი ჩარევა და მკურნალობა ხშირ შემთხვევაში კეთილსაიმედო პროგნოზის საწინდარია.
ღამის კოშმარების და გადამეტებულ შიშების შემთხვევაში, საჭიროა თუ არა მიმართვა ფსიქიატრთან?
ღამის კოშმარი არის შემაშფოთებელი სიზმარი, რომელიც უარყოფით ემოციებთან არის ასოცირებული, როგორიცაა შფოთვა და შიში. ღამის კოშმარი შეიძლება ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს, თუმცა ძირითადად ვლინდება 3-დან 6 წლამდე ასაკში, შემდეგ იკლებს.
თუ ბავშვს აქვს ღამის კოშმარები, რომელიც მეორდება ხშირად (კვირაში 2-ჯერ მაინც 6 თვის განმავლობაში), ახლავს უეცარი გამოღვიძება, ძილთან დაკავშირებული შფოთვა, მუდმივი შიშები, მეხსიერების და კონცენტრაციის პრობლემები, ასევე ძილიანობა და ენერგიის დაქვეითება დღის განმავლობაში, ფუნქციონირებაში ხელის შეშლა, საჭიროა მიმართოთ ფსიქიატრს.