ბავშვებს ზრდისა და განვითარებისთვის სჭირდებათ საკმარისი ვიტამინებისა და მინერალების მიღება. მათი უმეტესობა ადეკვატური რაოდენობით იღებს საკვებ ნივთიერებებს დაბალანსებული კვებით, მაგრამ გარკვეულ ვითარებაში, შესაძლოა, მათ დასჭირდეთ დანამატების მიღება.
ამ სტატიიდან თქვენ გაიგებთ, რომელი ვიტამინებია აუცილებელი ბავშვებისთვის და როდის არის საჭირო დანამატების მიღება.
რომელი საკვები ნივთიერებები სჭირდებათ ბავშვებს?
ბავშვებისათვის საკვები ნივთიერებების საჭიროება დამოკიდებულია ასაკზე, სქესზე, ზომაზე, ზრდაზე და აქტივობის დონეზე. ჯანდაცვის ექსპერტების აზრით, 2-დან 8 წლამდე ასაკის მცირეწლოვან ბავშვებს დღეში 1000-1400 კალორია სჭირდება. 9–13 ასაკს ყოველდღიურად 1,400–2,600 კალორია სჭირდება – ეს დამოკიდებულია გარკვეულ ფაქტორებზე, მაგალითად, აქტივობის დონეზე.
საკმარისი კალორიების მიღების გარდა, ბავშვის დიეტა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მითითებებს:
საკვები ნივთიერება | დღიური ნორმა 1-3 წელი | დღიური ნორმა 4-8 წელი |
კალციუმი | 700 მგ | 1,000 მგ |
რკინა | 7 მგ | 10 მგ |
A ვიტამინი | 300 მკგ | 400 მკგ |
ვიტამინი B12 | 0.9 მკგ | 1.2 მკგ |
C ვიტამინი | 15 მგ | 25 მგ |
D ვიტამინი | 600 IU (15 მკგ) | 600 IU (15 მკგ) |
ბავშვებს იგივე საკვები ნივთიერებები სჭირდებათ, რაც მოზრდილებს – მაგრამ, ჩვეულებრივ, უფრო მცირე რაოდენობით. ბავშვობაში განსაკუთრებით საჭიროა ის საკვები ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობს ძვლების შენებას (კალციუმი, D ვიტამინი) და ტვინის განვითარებას (რკინა, თუთია, იოდი, ქოლინი, ვიტამინი A, ფოლატი, ვიტამინი B12).
სჭირდებათ ბავშვებს ვიტამინების ხელოვნური დანამატები?
ზოგადად, ბავშვებს, რომლებიც ჯანსაღად და დაბალანსებულად იკვებებიან, არ სჭირდებათ ვიტამინის დანამატები. ამასთან, ჩვილებს განსხვავებული საკვები ნივთიერებების საჭიროება აქვთ და მათ შეიძლება დასჭირდეთ გარკვეული დანამატები, მაგალითად, D ვიტამინი. ამერიკის პედიატრიის აკადემია არ გირჩევთ დანამატებს 1 წელზე უფროსი ასაკის ჯანმრთელი ბავშვებისთვის, რომლებსაც დაბალანსებული კვება აქვთ, რათა არ გადაამეტოთ რეკომენდებულ დოზას.
გარკვეული ვიტამინებისა და მინერალების დანამატები შეიძლება საჭირო გახდეს იმ ბავშვებისთვის, რომელთაც აქვთ დეფიციტის რისკი, მაგალითად:
– თუ არიან ვეგეტარიანელები ან ვეგანები
– თუ აქვთ მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს საკვები ნივთიერებების შეწოვაზე ან ზრდის საჭიროებას, მაგალითად ცელიაკია, კიბო, კისტოზური ფიბროზი ან ნაწლავის ანთებითი დაავადება (IBD)
– თუ აქვთ ჩატარებული ოპერაცია კუჭ-ნაწლავზე
– თუ უკიდურესად პრეტენზიული მჭამელები არიან და მხოლოდ რამდენიმე პროდუქტს მიირთმევენ.
ამ შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი დანამატების შესარჩევად და დარწმუნდით, რომ ისინი არ შეიცავს მეგადოზებს, რომლებიც აღემატება ბავშვთა დღიურ საჭიროებებს.
ვიტამინების შერჩევის შემდეგ მიჰყევით ქვემოთ მოყვანილ წესებს:
– შეინახეთ ვიტამინები ბავშებისთვის მიუწვდომელ ადგილას, რათა არ მოეპყრან მათ კანფეტებივით.
– ცხიმში ხსნადი ვიტამინები მხოლოდ საჭმელთან ერთად შეიწოვება. ამიტომ, სადილის მერე შესთავაზეთ.
– თუ თქვენი შვილი იღებს რაიმე წამალს, დააზუსტეთ ექიმთან, ხომ არ შეამცირებს ან გაზრდის ეს ვიტამინი მედიკამენტის დოზას.
– სცადეთ საღეჭი ვიტამინები, თუ ბავშვი უარს ამბობს ტაბლეტის გადაყლაპვაზე ან სიროფის დალევაზე.
– მულტივიტამინების მიცემისას დაელოდეთ, სანამ არ გახდება 4 წლის, თუ ექიმი მანამდე არ გირჩევთ.
წყარო: www.healthline.com , www.webmd.com