ოფთალმოლოგი რევაზ ბეზარაშვილი გვესაუბრება, რა შემთხვევაში სჭირდება ორსულს თვალის პრობლემების გამო საკეისრო კვეთა.
რა დროს არის საჭირო ორსულს ჩაუტარდეს საკეისრო კვეთა თვალის პრობლემების გამო?
საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ მხედველობის პრობლემების მქონე ქალებმა საჭიროა იმშობიარონ საკეისრო კვეთით და არა ფიზიოლოგიურად. ამ აზრს უფრო ხშირად აკავშირებენ ახლომხედველობასთან, ანუ საზოგადოდ გავრცელებული ტერმინით რომ ვთქვათ, ,,მინუსის“ მქონე ორსულებთან.
როდის იძლევა ოფთალმოლოგი საკეისრო კვეთის რეკომენდაციას და რა დროსაა მოსალოდნელი თვალთან დაკავშირებული გართულებები?
ახლომხედველობა, ანუ მიოპია და მითუმეტეს მაღალი ხარისხის მიოპია, იწვევს თვალის ფსკერის – ბადურა გარსის გათხელებას. ამ დიაგნოზისთვის ყველაზე ხშირად დამახასიათებელია ბადურას პერიფერიაზე გათხელებული უბნებისა და სხვადასხვა ზომის ხვრელების არსებობა.
ახლომხედველობის გარდა შესაძლებელია ნორმალური თვალის სიგრძისა და იდეალური მხედველობის მქონე ადამიანებსაც ჰქონდეთ ბადურა გარსზე სხვადასხვა პათოლოგიური ცვლილებები.
როდის არის სასურველი ორსულისთვის ოფთალმოლოგის კონსულტაცია?
ყველა ორსული აუცილებლად უნდა მივიდეს ოფთალმოლოგთან ვიზიტზე პირველ-მეორე ტრიმესტრში და სრული კვლევა ჩაიტაროს გუგების გაფართოებით. უნდა მოხდეს ბადურა გარსის პერიფერიის დეტალური დათვალიერება და პათოლოგიური ცვლილებების აღოჩენისას შესაბამისი მკურნალობის ჩატარება. მაგალითად, ხვრელებისა და დეგენერაციული კერების ლაზერით გამაგრება, რაც ამცირებს მშობიარობის დროს ბადურის ჩამოცლის რისკს.
ასევე საკეისრო კვეთის ჩვენება ექიმის გადაწყვეტილებით შესაძლოა გახდეს დაავადება კერატოკონუსის ის სტადია, როდესაც რქოვანა გარსის გადანერგვაა საჭირო, გადანერგილი რქოვანა, თვალის სხვადასხვა ტრავმები, ბადურა გარსზე ჩატარებული ოპერაციები, გლაუკომა და სხვა..