ყიფლიბანდი ჩვილის თავის ქალაზე ჯერ კიდევ ბოლომდე შეუხორცებელ ქალას ძვლებს შორის არსებული რბილი ადგილებია. ყიფლიბანდი და მისი დახურვის ტემპი ხშირად ხდება მშობლების შეშფოთების საგანი. პედიატრ მაკა ლომიძეს ვკითხეთ, რა ვადებში უნდა დაიხუროს ყიფლიბანდი და არის თუ არა კავშირი ყიფლიბანდის დახურვასა და D ვიტამინის დოზას შორის.
რა არის ყიფლიბანდი და რას უკავშირდება მისი სწრაფად გაზრდა?
ყიფლიბანდი (-ები) ჩვილის თავის ქალაზე ჯერ კიდევ ბოლომდე შეუხორცებელ ქალას ძვლებს შორის არსებული რბილი ადგილებია. ყიფლიბანდის (ების) ფუნქცია:
1- მშობიარობის პროცესში სამშობიარო გზებში გავლისას საშუალებას აძლევს თავის ქალას ძვლებს იმოძრაოს და ცვლის რა ქალას ფორმას, აიოლებს სამშობიარო გზებში გავლას.
2- დაბადებისას ახალშობილის თავი პატარა ზომისაა და სწრაფად იზრდება სიცოცხლის პირველი ორი წლის მანძილზე. სწორედ ქალას ძვლებს შორის არსებული ამ ღია ადგილების არსებობა აძლევს საშუალებას მზარდ ტვინს „გაფართოვდეს“ და თავის ქალას ზომაც იმატებს.
უხშირესად განარჩევენ წინა (ზომაში ყველაზე დიდ, თავის ზედა ნაწილში) და უკანა (მცირე ზომის, უკანა ნაწილში) ყიფლიბანდს.
ყიფლიბანდი და მისი დახურვის ტემპი ხშირად ხდება მშობლებში შეშფოთების საგანი. რა ვადებში უნდა დაიხუროს ყიფლიბანდი და არსებობს თუ არა ამის ზუსტი ვადა?
ყიფლიბანდის( ების) დახურვის დრო დამოკიდებულია გესტაციურ ასაკზე დაბადებისას. ჩვეულებრივ, უკანა ყიფლიბანდი აღარ ისინჯება 2 თვის ასაკის შემდეგ. ხოლო წინა ყიფლიბანდი უხშირესად 10-27 თვის შუალედში იხურება. დღენაკლულობის შემთხვევაში ყიფლიბანდები უფრო მოგვინებით იხურება.
როგორ უნდა გამოიყურებოდეს ჯანმრთელი ბავშვის ყიფლიბანდი?
ნორმალური ყიფლიბანდი პალპაციისას (ხელით შეხებისას) რბილი და ბრტყელია (ანუ არ არის ძალიან ამობურცული და არც ძალიან ჩავარდნილი ქალას ძვლების ზედაპირთან შედარებით).
რა უწყობს ხელს ყიფლიბანდის მოკლე ვადებში დახურვას ან ნაადრევ დახურვას?
ყიფლიბანდის (ების) ნაადრევი დახურვა არცთუ იშვიათია ჯანმრთელ ბავშვებშიც, მაგრამ არ უნდა გამოგვრჩეს ის პათოლოგიები, რომლიც ასევე შეიძლება იყოს ამის მიზეზი: კრანიოსინოსტოზი, ჰიპერთირეოიდიზმი , ჰიპოფოსფატაზია, ჰიპერპარათირეოიდიზმი.
ყიფლიბანდის დახურვა კავშირშია თუ არა D ვიტამინის დოზასთან?
სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ დ ვიტამინის დეფიციტური რაქიტი შეიძლება ხელს უწყობდეს ყიფლიბანდის მოგვიანებით დახურვას მისი დიდი ზომის გამო. სხვა შემთხვევაში ასეთი პირდაპირი კავშირი არ ვლინდება. დიდი ზომის ყიფლიბანდი და დახურვის გახანგრძლივება ასევე დაუნის სინდრომს და თანდაყოლილ ჰიპოთირეოზსაც ახასიათებს.