Skip to content Skip to sidebar Skip to footer

როდის სწავლობენ ბავშვები სიარულს?

ბავშვების უმრავლესობა პირველ ნაბიჯებს დგამს 9-12 თვის ასაკში და 14-15 თვისთვის სიარულს სწავლობს. ნუ  იღელვებთ, თუ თქვენს პატარას მეტი ხანი დასჭირდება, რადგან მას 18 თვემდე აქვს დრო. პირველი წლის განმავლობაში, სანამ ფეხზე დადგომას შეძლებს, ის ისწავლის თავის დაჭერას, გადაბრუნება, ჯდომას და ხოხვას.

როგორ სწავლობენ ბავშვები სიარულს?

თქვენი ახალშობილის ფეხები ჯერ საკმარისად ძლიერი არ არის, იმისთვის, რომ მას დაეყრდნოს. თუმცა, თუ მას ვერტიკალურად დაიჭერთ და მკლავებში მოკიდებთ ხელს, ის თითქოს ნაბიჯებს გადადგამს. ეს არის რეფლექსი, რომელიც 2 თვის შემდეგ გაქრება.

დაახლოებით 6 თვისთვის თქვენი პატარა  დაიწყებს ხტუნვას, თუ ხელს მოკიდებთ მკლავებში  და დაეხმარებით დაეყრდნოს ფეხებით რამეს. ბუქნები მისი ერთ-ერთი საყვარელი გასართობი იქნება. მისი ფეხის კუნთები განაგრძობს განვითარებას და ის ისწავლის გადაბრუნებას, დაჯდომას და ხოხვას (თუმცა, ზოგიერთი ბავშვი ამ ეტაპს გამოტოვებს).

დაახლოებით 9 თვისთვის თქვენი პატარა ეცდება წამოდგეს ავეჯის დახმარებით. დარწმუნდით, რომ რასაც ეყრდნობა საკმარისად მყარია. 10 თვისთვის ის მიხვდება, როგორ მოხაროს მუხლები და დაჯდეს დგომის შემდეგ. ეს კი იმაზე რთული საქმეა, ვიდრე თქვენ გგონიათ.

მას შემდეგ, რაც დგომას მიეჩვევა, დაახლოებით 12 თვისთვის, თქვენი პატარა დაიწყებს მოძრაობას ავეჯის გაყოლებით. შეიძლება ხელი გაუშვას კიდეც საყრდენს და რამდენიმე წამით დამოუკიდებლად დადგეს.  შემდეგი ეტაპი იქნება თქვენთან ხელჩაკიდებული სიარული ან დამოუკიდებლად ნაბიჯების გადადგმა.

ბავშვების უმრავლესობა სიარულს იწყებს თითისწვერებზე და ეს ნორმალურია.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს სიარულის სწავლაში?

შეუქმენით უსაფრთხო გარემო.

ატარეთ ფეხშიშველა. ჩვილები ბევრ ინფორმაციას იღებენ ტერფებიდან, როდესაც სიარულს სწავლობენ. ისინი გრძნობენ სხვადასხვა ზედაპირის ტექსტურას (მაგალითად, ხის იატაკს, ხალიჩას, ბალახს) და მათი ტვინი არეგულირებს მათი კუნთების და სახსრების შესაბამისად მოქმედებას. ფეხსაცმელმა კი შესაძლოა დაარღვიოს ეს კავშირი. ასევე, ფეხშიშველა სიარული ეხმარება წონასწორობის შენარჩუნებასა და კუნთების გაძლიერებაში.

აჩვენეთ მაგალითი, როგორ უნდა წამოდგეს და დაჯდეს. როცა ფეხზე დგომისგან დაიღლება და გთხოვთ დახმარებას, ჯერ ჩაიმუხლეთ, აჩვენეთ, როგორ მოხაროს მუხლები დასაჯდომად, შემდეგ აცადეთ, თვითონ სცადოს და თუ მაინც ვერ ახერხებს, დაეხმარეთ.

მიეცით კიბეზე ასვლის ნება. საფეხურებზე ხელების, მუხლებისა და ფეხების გამოყენებით ასვლა  არის ვარჯიში, რომელშიც ყველა კუნთი იღებს მონაწილეობას.

საჭიროა თუ არა ჭოჭინა, ვოლქერი და მსგავსი დამხმარეები?

ამერიკის პედიატრთა ასოციაცია არ უწევს რეკომენდაციას მსგავსი საშუალებების გამოყენებას. რადგან ისინი ბავშვებს იმდენად უადვილებენ გადაადგილებას, რომ შესაძლოა საფრთხე შეექმნას ფეხის კუნთების სწორად განვითარებას. ასევე, მათი გამოყენება ზრდის ტრავმების რიცხვს, რადგან მათი საშუალებით ბავშვი შეიძლება მისწვდეს ისეთ ნივთებს, რომლებიც არაა უსაფრთხო მისთვის. მაგალითად, ცხელ სითხეებს ან მომწამლავ ნივთიერებებს.

რა ვქნათ, თუ ბავშვი არ დადის?

თუ 12 თვისთვის ბავშვს არ შეუძლია დახმარებით დგომა ან ვერ დადის 18 თვის ასაკში, მიმართეთ ექიმს. გაითვალისწინეთ,  რომ დღენაკლული ბავშვები შესაძლოა რამდენიმე თვით ჩამორჩებოდნენ განვითარებაში მათ თანატოლებს.

ბავშვი დადის. რა არის შემდეგი ეტაპი?

სიარულის სწავლის შემდეგ ბავშვი თანდათან ეცდება კიბეზე ასვლას, ბურთის დარტყმას და ხტუნვას.

წყარო: www.babycenter.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5