Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ახალშობილს თავის კონტროლი ნაკლებად შეუძლია, რადგან მოტორული უნარები და კისრის კუნთები სუსტად აქვს განვითარებული. ის ამ უნარს, რომელიც მნიშვნელოვანია სხვა მოძრაობების, მაგალითად ჯდომისა და სიარულის სასწავლად,  ნელ-ნელა შეიმუშავებს სიცოცხლის პირველ წელს.

თქვენი პატარა თავის წამოწევას შეძლებს, როცა 1 თვის გახდება, ხოლო თავის დაჭერას ჯდომისას – დაახლოებით 4 თვიდან. მისი კისრის კუნთები და თავის კონტროლი გაძლიერდება 6 თვის ასაკში.

როგორ სწავლობენ ჩვილები თავის დაჭერას?

ახალშობილები

პირველი თვის განმავლობაში თქვენ უნდა დაუჭიროთ მათ თავი და კისერი. თქვენ საკმარისი დრო უნდა გქონდეთ, რათა ერთმანეთს უცქიროთ თვალებში და დაამყაროთ მჭიდრო ემოციური კავშირი, როდესაც ხელებში არწევთ თქვენს პატარას.

1-2 თვე

პირველი თვის ბოლოს თქვენი პატარა შეძლებს თავის წამოწევას და იქით-აქეთ შებრუნებას მუცელზე წოლის დროს. 6-8 კვირისთვის, თუ განსაკუთრებით ძლიერი და კოორდინირებულია, ის შეძლებს თავის წამოწევას ზურგზე წოლის დროსაც.

თუ ბავშვს მხარზე შემოისვამთ, მას შეეძლება  თავის დაჭერა, ოღონდ არა დიდი ხნით. მას ასევე შეეძლება თავის დაჭერა ქარსითში. სასეირნო ეტლში ჩასვით მას შემდეგ, რაც თავის საფუძვლიანად დაჭერას შეძლებს. თუ სლინგს იყენებთ, დარწმუნდით, რომ ხედავთ მის სახეს, რადგან შეიძლება თავი ვერ მოაბრუნოს და სუნთქვა გაუჭირდეს.

3-4 თვე

ამ დროისათვის თქვენ შეამჩნევთ, რომ მას თავისუფლად შეიძლია თავის დაჭერა. მუცელზე წოლის დროს ის წევს თავს 45 გრადუსით და იჭერს მას.

ამ ეტაპისთვის შეგიძლიათ ასე ეთამაშოთ კისრის კუნთების განსავითარებლად: დააწვინეთ ზურგზე და ხელებით ნელ-ნელა წამოწიეთ ისე, რომ დასვათ. ასევე, ნელ-ნელა დააწვინეთ უკან. გაიმეორეთ რამდენიმეჯერ.

ამ დროისათვის მას უკვე შეუძლია თავის ტანის გასწვრივ დაჭერა.

5-6 თვე

6 თვისთვის ბავშვს უკვე შეუძლია თავის სწორად და მყარად დაჭერა, ის უკვე მზადაა სასეირნო ეტლში ჩასაჯდომად.

როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ ბავშვს თავის დაჭერის სწავლაში?

თქვენ ბევრი რამის გაკეთება არ მოგიწევთ იმისთვის, რომ ბავშვს თავის დაჭერა ასწავლოთ. დააწვინეთ ის მუცელზე მაშინ, როცა ღვიძავს (ბავშვს აუცილებლად ზურგზე უნდა ეძინოს). ეს გააძლიერებს მის კისრის კუნთებს. იყავით ყურადღებით. სანამ თავის დაჭერას შეძლებს, აიყვანეთ და ატარეთ ისე, რომ თავი და კისერი დაუჭიროთ.

3-დან 6 თვემდე თქვენ უნდა დაეხმაროთ მჯდომარე პოზიციის შენარჩუნებაში – უსაფრთხო ადგილას, საყრდენებით კისრისა და თავისათვის. გამოიყენეთ ბალიშები, ან ჩაისვით კალთაში ზურგით თქვენკენ. დასვით სახლში სხვადასხვა ადგილას, რათა მისი ხედვის წერტილი შეიცვალოს. არასოდეს დატოვოთ მჯდომარე დაუმაგრებლად, რადგან შეიძლება გადმოკოტრიალდეს.

რა უნდა გააკეთოთ, თუ თქვენი ბავშვი თავს არ იჭერს

თუ ბავშვს რეგულარულად აწვენთ მუცელზე, როცა ღვიძავს და თქვენს პატარას მაინც უჭირს თავის ოდნავ აწევაც  3 თვისთვის, უთხარით ეს ექიმს მომდევნო ვიზიტისას. ბავშვებს უნარები სხვადასხვაგვარად უვითარდებათ, ზოგს უფრო სწრაფად, ვიდრე სხვებს და გამონაკლისი არც თავის დაჭერაა. დღენაკლული ბავშვები შესაძლოა ამ და სხვა უნარებს თანატოლებზე გვიან დაეუფლონ – გაარკვიეთ პედიატრთან, თუ ეს გაშფოთებთ.

ბავშვი თავს იჭერს – რა იქნება შემდეგი ეტაპი?

როდესაც ბავშვი შეძლებს თავის დამოუკიდებლად დაჭერას და დიდ ხანს გაჩერებას, შეუძლია გადავიდეს წამოჯდომაზე, გადაკოტრიალებაზე და ხოხვაზე. თავის კონტროლი ასევე აუცილებელია მყარი საკვების გადასაყლაპად და საკვებ სკამ-მაგიდაში დასაჯდომად.

წყარო: www.babycenter.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5