როდესაც ჩვილი შეძლებს თავის დამოუკიდებლად დაჭერას და მიყუდებით დაჯდომას, ის ეცდება გადაბრუნების სწავლას. ამაში მას დაეხმარება სათამაშოები ან ადამიანები, რომლებიც მასზე ზრუნავენ.
როდის სწავლობენ გადაბრუნებას ბავშვები?
თქვენი პატარა მუცლიდან ზურგზე გადაბრუნებას ალბათ 4 თვისთვის შეძლებს, 5-6 თვისთვის კი ზურგიდან მუცელზე გადატრიალებას მოახერხებს, რადგან ამ მანევრისთვის მას უფრო ძლიერი კისრისა და მკლავის კუნთები სჭირდება.
როგორ სწავლობენ გადაბრუნებას ბავშვები?
დაახლოებით 3 თვისთვის, მუცელზე წოლის დროს ბავშვები ეყრდნობიან მკლავებს და წამოწევენ თავს და მხრებს. ამ მინი-ვარჯიშებით ისინი იმაგრებენ კუნთებს გადაბრუნების სასწავლად. თქვენი პატარა გაგაოცებთ და თვითონაც გაოცდება, როცა პირველად გადაბრუნდება (როგორც წესი, ბავშვები ჯერ მუცლიდან ზურგზე ტრიალდებიან ხოლმე, მაგრამ თუ პირიქით მოხდა, ესეც ნორმალურია).
დაახლოებით 5 თვისთვის ბავშვები შეძლებენ თავის აწევას, მკლავებზე დაყრდნობას და მკერდის წამოწევას. მან შეიძლება მუცელზე რწევა და ხელებით ცურვისმაგვარი მოძრაობების კეთებაც შეძლოს.
ზემოთ ჩამოთვლილი ვარჯიშები ბავშვებს ეხმარება შესაბამისი კუნთების გამაგრებაში, რათა შეძლონ ორივე მხარეს გადაბრუნება დაახლოებით 6 თვისთვის.
ზოგიერთი ბავშვი ამ ეტაპს გამოტოვებს და პირდაპირ სწავლობს ჯდომას ან ხოხვას. თუ თქვენი პატარა განაგრძობს ახალი ჩვევების შეძენას და ინტერესდება გადაადგილებით და გარემოს შეცნობით, ნუ იღელვებთ.
როგორ მივეხმაროთ ბავშვს გადაბრუნებაში
თქვენ შეგიძლიათ თამაშით წაახალისოთ ბავშვის ახალი ჩვევა. თუ შეამჩნევთ, რომ სპონტანურად გადაბრუნდება, დაიჭირეთ სათამაშო იმავე მხარეს და დააკვირდით, ეცდება თუ არა იმავეს განმეორებას. ან დაუდეთ გვერდით სათამაშო, ისე, რომ ვერ წვდებოდეს და ნახეთ, გადაბრუნდება თუ არა, რომ მიუახლოვდეს. დააფასეთ მისი მცდელობა აპლოდისმენტითა და ღიმილით. გადაბრუნება სახალისოა, მაგრამ პირველ ჯერზე ყურადღებით იყავით.
მართალია, თქვენმა პატარამ შეიძლება 5 თვემდე ვერ შეძლოს გადაბრუნება, მაგრამ კარგი იქნება, თუ თავიდანვე ხელით დააკავებთ საფენების გამოცვლისას. ნურასოდეს მიატოვებთ უყურადღებოდ, ახალშობილსაც კი, საწოლზე ან ნებისმიერ წამოწეულ ზედაპირზე.
რა უნდა ქნათ, თუ ბავშვი არ ბრუნდება
თუ თქვენი ბავშვი 6 თვისთვის ვერ ბრუნდება და არც ჯდომას ან ხოხვას ცდილობს, დაელაპარაკეთ ექიმს ამის შესახებ.
ბავშვები ვითარდებიან ინდივიდუალურად. ზოგიერთები უფრო სწრაფად ეუფლებიან ახალ უნარ-ჩვევებს, ზოგმა კი შეიძლება საერთოდ გამოტოვოს კონკრეტული ეტაპი. გაითვალისწინეთ, რომ დღენაკლულ პატარებს შეიძლება მეტი დრო დასჭირდეთ ახალი უნარის ასათვისებლად.
ბავშვი ბრუნდება ორივე მხარეს. რა არის შემდეგი ეტაპი?
თქვენს პატარას მუცლიდან ზურგზე და პირიქით ტრიალის დროს უვითარდება ფეხის, კისრის, ზურგისა და მკლავის კუნთები. ახლა უკვე მას შეუძლია მოემზადოს დამოუკიდებლად ჯდომისთვის და ხოხვისთვის. ბავშვების უმრავლესობა დამოუკიდებლად ჯდომის სწავლას ახერხებს 6-8 თვისთვის, ხოხვას კი უფრო მოგვიანებით იწყებს.
წყარო: www.babycenter.com