ეკრანდამოკიდებულების მავნე გავლენებზე “დედამიცისს” ესაუბრება გეშტალტთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAGT) აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი, ბავშვებთან და მოზარდებთან გეშტალტთერაპიის დასავლეთ სანაპიროს ინსტიტუტის (კალიფორნია, აშშ) წარმომადგენელი, ეროვნული გეშტალტ ცენტრის ფსიქოთერაპევტი და დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის სასწავლო საკონსულტაციო ცენტრის ტრენერი, მშობლების მხარდაჭერის ჯგუფის დამფუძნებელი და ტრენერი, ოჯახის ფსიქოლოგიური კეთილდღეობისა და თვითზრუნვის მკვლევარი მაგდა მაჭავარიანი.
რა ასაკამდე არის კატეგორიულად აკრძალული ეკრანი ბავშვებისთვის?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, 2 წლამდე ბავშვმა საერთოდ არ უნდა უყუროს არანაირ ეკრანს – ამით შეგვიძლია თავიდან ავაცილოთ ეკრანის მავნე გავლენა, რომელიც აფერხებს ბავშვის ჯანსაღი განვითარების პროცესს. გარდა ამისა, სხვადასხვა ასაკის ბავშვებმა სხვადასხვა ოდენობის დრო უნდა გაატარონ ეკრანთან; 3-5 წწ. ბავშვებს შეუძლიათ დღეში 1 საათი გაატარონ ეკრანთან, ხოლო 6 წლიდან ეკრანის დღიური ნორმაა 2 საათი.
პანდემიის სიტუაციაში, მოხდა ნორმების გადახედვა და გარკვეული გამონაკლისების დაშვება. მაგალითად, ამერიკის პედიატრთა ასოციაციამ დაუშვა გამონაკლისი 2 წლამდე ბავშვებისთვის – არანაირი კონტაქტი ეკრანთან, გარდა საყვარელ ადამიანებთან ვიდეო საუბრისა (მესინჯერით თუ სკაიპით) და აუცილებლად ზრდასრულის ზედამხედველობის ქვეშ. ამ დაშვებაში იგულისხმება, რომ საყვარელ ადამიანთან კონტაქტით ბავშვის მიერ მიღებული სარგებელი აღემატება ეკრანთან გატარებული მცირე დროით მიყენებულ ზიანს. გარდა ამისა, 4-5 წლამდე ბავშვებისთვის დაშვებულია მაღალი ხარისხის, საგანმანათლებლო შინაარსის ონლაინ პროგრამების ყურება და აქაც აუცილებელი პირობაა ზრდასრულის ზედამხედველობა, რომელიც დაეხმარება ბავშვს, რომ, რასაც უყურებს, იმის შინაარსი გაიგოს და, რაც ისწავლა, შეძლოს ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოტანა.
რა გავლენას ახდენს შეუზღუდავად ეკრანის მოხმარება ბავშვის განვითარებაზე?
როცა ბავშვი ეკრანთან ატარებს უზომოდ ბევრ დროს, ეს მავნე გავლენას ახდენს მასზე, რადგან აფერხებს მისი ჯანსაღი განვითარების პროცესს. მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ როგორ აფერხებს – ირღვევა ბალანსი … რაც უფრო მეტ დროს ატარებს ბავშვი ეკრანთან, მით უფრო ნაკლები დრო რჩება საკუთარი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად – ფიზიკური აქტივობისთვის, სრულფასოვანი კვებისთვის, ძილისთვის, თამაშისთვის, სხვა ადამიანებთან, გარე სამყაროსთან ცოცხალი კონტაქტისთვის.
რაც უფრო ადრე იწყებს ბავშვი ეკრანთან უზომო კონტაქტს, მით მეტად ზარალდება მისი განვითარების პროცესი. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ასაკს. ამ თვალსაზრისით, ეკრანის მავნე გავლენის უკიდურესი გამოვლინებაა დღეს ასე გავრცელებული ე.წ. ვირტუალური აუტიზმი 4 წლამდე ბავშვებში.
არაერთი თანამედროვე კვლევა ადასტურებს, რომ 4 წლამდე ბავშვები, რომლებსაც მშობლები თუ აღმზრდელები 4 საათი და მეტი დროით ტოვებენ ეკრანებთან (მობილურთან, პლანშეტთან თუ ტელევიზორთან), ავლენენ კლასიკური აუტიზმის მსგავს სიმპტომებს (აღარ რეაგირებენ სახელზე, თვალით კონტაქტს გაურბიან და გარესამყაროს მიმართ ინდიფერენტული ხდებიან); თუმცა სიმპტომები ქრება, როცა საერთოდ აღარ აქვთ ეკრანთან შეხება და ბავშვები იწყებენ სათამაშოებით თუ სხვა ბავშვებთან თამაშს, აღმზრდელებთან პირისპირ ურთიერთობას. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა აუტისტური სპექტრის დარღვევასთან, არამედ ვირტუალურ რეალობასთან გახშირებული კონტაქტით განპირობებულ ნეიროგანვითარების არარსებობასთან, რომლის გამოვლინებაა ბავშვის უჩვეულო ქცევები, რომლებიც, ერთი შეხედვით, კლასიკური აუტიზმის სიმპტომებს წააგავს.
როგორ აისახება ეკრანის ხშირი მოხმარება ბავშვის ქცევაზე?
ეკრანი იწვევს სტრესს … განსაკუთრებით ეკრანთან ინტერაქციაში გატარებული დრო, მაგალითად კომპიუტერული თამაშების თამაშისას (უფრო ნაკლებად ტელევიზორის პასიურად ყურებისას გატარებული დრო) განაპირობებს ბავშვის ნერვული სისტემის არაბუნებრივ სტიმულაციას და დისრეგულაციას.
როცა ბავშვი ხშირად მოიხმარს ეკრანს, მაშინ უკვე იმყოფება ქრონიკული ჰიპერაღგზნების მდგომარეობაში. შედეგად, ბავშვი გაღიზიანებულია, ადვილად ბრაზდება, აწყობს ტანტრუმებს, იმპულსურია, უჭირს ყურადღების კონცენტრაცია და საკუთარი ემოციების რეგულაცია. ეკრანის ხშირი მოხმარებით გამოწვეული სტრესი და დისრეგულაცია გავლენას ახდენს ბავშვის ძილზე, სწავლაზე, გუნება-განწყობილებაზე, ფიზიკურ ჯანმრთელობასა და სოციალურ ურთიერთობებზე.
რა ხდება იმ დროს, როდესაც ბავშვი კვების დროსაც ეკრანს უყურებს?
კვების დროს ეკრანის ყურება, განსაკუთრებით 3-5 წლამდე ასაკში, იმაზე მეტი საფრთხის შემცველია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
ერთი მხრივ, კვების დროს ეკრანის ყურება ნეგატიურ გავლენას ახდენს ბავშვის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. უახლესი კვლევის (2020) მიხედვით, ჭამის დროს ეკრანის ყურებისას ადამიანი ჭამს 30-60%-ით იმაზე მეტს, ვიდრე სჭირდება; შესაბამისად, იკვეთება კვების დროს ეკრანის ყურებასა და ჭარბ წონას შორის პირდაპირი კავშირი. 2019 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბავშვები, რომლებიც კვების დროს ეკრანს უყურებდნენ, უფრო მეტ არაჯანსაღ საკვებს (junk foods) ჭამდნენ და მეტ ქცევით პრობლემას ავლენდნენ.
მეორე მხრივ, როცა კვების დროს ეკრანს უყურებს, ბავშვი არ აკვირდება იმას, რასაც მიირთმევს და გაუაზრებლად ყლაპავს, რასაც აწვდიან. გარდა იმისა, რომ ბავშვი კარგავს სენსორული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას (რომ დააკვირდეს საკვების ფაქტურას, სუნსა და გემოს), გარემოს მიერ შემოთავაზებულის მიღების თავად ეს განუსჯელი დამოკიდებულება (ყურადღების არ მიქცევა იმაზე, მოსწონს თუ არ მოსწონს, უნდა თუ არ უნდა საკვები, რომელსაც სთავაზობენ) ცხოვრების შემდგომ ეტაპებზე ყველაფერზე გენერალიზდება, რაც არაერთი ფსიქოლოგიური პრობლემის საფუძველი ხდება.
აქ მნიშვნელოვანია, მშობლების მიერ საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერება – რეალურად, მშობელი იწყებს ბავშვისთვის ეკრანის შეთავაზებას იმ მიზეზით, რომ მომზადებული საკვები შეჭამოს, მშიერი არ დარჩეს; არადა სწორედ ამ ქმედებით უყალიბებს ბავშვს ეკრანზე დამოკიდებულებას. არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ბავშვი რაც უფრო ადრე მიეჯაჭვება ეკრანს, მით მეტი რისკია, რომ ზრდასრულ ასაკში ადიქციის ესა თუ ის ფორმა (წამალდამოკიდებულება, თამაშდამოკიდებულება, ალკოჰოლიზმი, კვებითი ადიქციები და სხვა) ჩამოუყალიბდეს.
რა ხდება იმ დროს, როდესაც ბავშვი ძილის წინ ეკრანს უყურებს და რა გავლენას ახდენს ეს ძილის ხარისხზე?
დავიწყოთ იქიდან, რომ ეკრანის მავნე გავლენის ე.წ. „გამტარია“ თვალი, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან. როგორც მოგეხსენებათ, თვალის უკან მდებარეობს ბადურა და ოპტიკური ნერვი, რომელიც გარე სამყაროდან ინფორმაციას იღებს სინათლის სახით, ხოლო თვალით აღქმული სინათლე/სიბნელე მოქმედებს ძილ-ღვიძილის ციკლის რეგულაციასა და ძილის ჰორმონის (მელატონინის) გამომუშავებაზე.
როდესაც ძილის წინ ვუყურებთ ეკრანს, ტვინს მიეწოდება ინფორმაცია, რომ გარეთ სინათლეა, მელატონინის გამომუშავება ითრგუნება, შედეგად ირღვევა სრულფასოვანი ძილის პროცესი (კერძოდ, ძილის REM ფაზა) და სხეულის ბიორიტმები (განსაკ. ბიოლოგიური საათი). არადა, სრულფასოვან ძილს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის და განსაკუთრებით ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.
კვლევებით დადასტურებულია, რომ დაბალი მელატონინი და არასრულფასოვანი ძილი დაკავშირებულია გაღიზიანებადობასთან, მეხსიერების პრობლემებთან, სწავლის პროდუქტიულობის შემცირებასთან, ასევე დეპრესიასთან. ძილის წინ ეკრანთან გატარებული დროის შემდეგ ბავშვი გაღიზიანებულია, უჭირს ჩაძინება, როცა დაიძინებს, ძილში შფოთავს და კოშმარული სიზმრები ესიზმრება, რომლებიც ან ეკრანზე ნანახის შინაარის ამსახველია ანდა ეკრანით გამოწვეულ სტრესულ რეაქციას (ბრძოლას ან გაქცევას) უკავშირდება.