როგორია ბავშვის ჯანსაღი განვითარებისთვის საჭირო ემოციური ატმოსფერო და რა გავლენას ახდენს ბავშვზე მშობლის უგუნებობა და პერმანენტული სევდა. – გვესაუბრება ფსიქოლოგი ელენე ჯაფარიძე.
როგორ აისახება მშობლის ხშირი უგუნებობა და დეპრესიულობა შვილებზე ?
თუ ჩვენ ვსაუბრობთ კლინიკურ დეპრესიაზე და არა იმ “დეპრესიაზე”, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურ ლექსიკაში ვიყენებთ, როცა ცუდ ხასიათზე ვართ, კლინიკური დეპრესია აისახება, არა მარტო ბავშვზე, ოჯახის ყველა წევრზე. ზოგადად, რასაც ვაკეთებთ, ყველაფერი ახდენს ჩვენს შვილებზე გავლენას – რას ვგრძნობთ, როგორ ვკონტაქტობთ არა მხოლოდ ბავშვებთან და სხვა ოჯახის წევრებთან, არამედ სამყაროსთან. პრაქტიკაში ვხვდები ბავშვებს, რომლებზეც მშობლები ამბობენ, რომ აქვთ ძილის დარღვევები, ჭირვეულები არიან და ა.შ ზოგადად, ყველაფერი რასაც ბავშვები განიცდიან და ყოველდღიურ ქცევაში გამოხატავენ, მშობლიდან გამომდინარეობს. როდესაც, ბავშვი იზრდება ჯანსაღ ატმოსფეროში, მისთვის ორივე მშობელი არის ხელმისაწვდომი და ხდება ბავშვის უპირობო მიღება, ბავშვი ვითარდება თავისი ასაკის შესაბამისად და ყალიბდება თავისუფალ და ჯანსაღ პიროვნებად. თუ ბავშვი იზრდება ისეთ ატმოსფეროში, სადაც არის დეპრესიული ფონი, იქნება ეს მშობლის კლინიკური დეპრესია თუ პერმანენტული უგუნებობა, ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი საკმაოდ ნეგატიურად ტრანსლირდება ბავშვზე და ეს ტრანსლაცია თავის შედეგს გვაჩვენებს.
რაში ვლინდება შემდგომ ამ მდგომარეობის შედეგები?
პატარა ბავშვს აქვს იმის განცდა, რომ დედამიწა მის გარშემო ბრუნავს და ის არის ცენტრი ამ ყველაფრის და რაც კი რამ ხდება, ყველაფერი მისგან გამომდინარეობს. თუ კარგი რამ ხდება, ბავშვი ბედნიერია, მაგრამ თუკი ცუდი რაღაცები ხდება ის თავის ბრალეულობას ხედავს. როდესაც მშობლები ბავშვების თანდასწრებით ჩხუბობენ, ბავშვს უჩნდება განცდა, ის არის დამნაშავე, მან გააკეთა რაღაც არასწორად და ამის გამო დედა და მამა ჩხუბობენ. ერთ-ერთი სიმპტომატური გამოვლენა დედის ან მამის დეპრესიის არის ბავშვში დანაშაულებრივი განცდა: “ მე არ ვარ საკმარისი, მე არ ვარ კარგი, მე ვარ დამნაშავე იმაში, რომ დედა/მამა არის ცუდად”. ეს არის ტრაგიკული განცდა ბავშვისთვის, რომელიც შეიძლება გაჯდეს მის აზროვნებაში და ფიქსაცია მოხდეს შემდგომ მის პიროვნულ განვითარებაზე, მის ცხოვრებისეულ ტრაექტორიაზე ჰპოვოს ძალიან ნეგატიური ასახვა. პერმანენტული დანაშაულის განცდით ძალიან რთულია, რომ ადამიანი იყოს თამამი, იყოს მოტივირებული, იყოს გაბედული. ბავშვი გარშემო ვეღარ ხედავს კონკრეტულ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს, რომ სოციუმი, სხვა ადამიანებიც ახდენენ ურთიერთქმედებას მოვლენებზე და მარტო თვითონ კი არ არის რაღაცაში დამნაშავე, სხვებიც არიან. და რაღაც მოვლენები მისგან გამომდინარე კი არ ვითარდება, თავისით განვითარდებოდა მისი არარსებობის შემთხვევაშიც. ძალიან მარტივია ასეთი ადამიანის მსხვერპლად ქცევა, მარტივია ასეთ ადამიანთან ძალადობრივ ურთიერთობაში ყოფნა, ძალიან მარტივად ხდება ეს ადამიანი ჩაგრული, იმიტომ რომ მას არ სჯერა, რომ ის არ არის რაღაცაში დამნაშავე. ხშირად ხდება, რომ ეს ადამიანები ექცევიან ისეთ გარემოში, სადაც პერმანენტულად ბრალს საკუთარ თავზე იღებენ და შემდეგ თავის შვილებსაც იგივე მდგომარეობით, იგივე შეხედულებით ზრდიან.
რა უნდა გააკეთოს მშობელმა, რომ ამ მდგომარეობამ ასახვა არ ჰპოვოს ბავშვის განვითარებაზე?
ბავშვს სჭირდება განმტკიცება – მშობელი რომ შეაქებს, დედა და მამა რომ გამოხატავს ბუნებრივ სიხარულს, ნებისმიერი იმ საქციელის მიმართ, რომელიც იმსახურებს პოზიტიურ უკუკავშირს, ეს ბავშვს გააბედნიერებს. ხშირად დეპრესიის დროს და უგუნებობის დროს, მშობელს არ შესწევს უნარი, რომ ეს გააკეთოს, რაც თავის მხრივ თვითშეფასებაზეც აისახება ძალიან ნეგატიურად. ზოგადად, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, თუ ჩვენ მიმართ არ არის განმამტკიცებელი უკუკავშირი – რომ კარგად გავაკეთეთ, ეს საქმე კარგად გამოგვივიდა, ვეღარ მივხვდებით რით შევაფასოთ საკუთარი ძალები და ვეღარ დავინახავთ საკუთარ ძალებს საერთოდ. მშობლის უგუნებობას ხშირად სხვადასხვა მიზეზები აქვს: ფსიქიკური პრობლემა, გადაღლილობა დ ა.შ. ხშირად, დედებს არ ჰყოფნის ძალა, რომ ხალისით შეხვდეს თავისი შვილის სხვადასხვა ინიციატივას, რადგან ხშირ შემთხვევაში მარტოა და მარტო ეწევა ძალიან ბევრ აუნაზღაურებელ შრომას. საერთოდ, ძალიან დიდი წნეხი მოდის საქართველოში ქალებზე, და შემდეგ ისინიც ბევრ რაღაცაში ადანაშაულებენ საკუთარ თავს, რადგან სისტემა არის ისე მოწყობილი, რომ ყველაფერი ქალზე გადადის. მაგრამ ამან უნდა გამოიწვიოს გარკვეული ტიპის გადაფასებები თავად ქალში და იფიქროს: “თუ შემიძლია მე 15 წუთით ჩემი ღიმილით ჩემი შვილი უზრუნველვყო, მან დაინახოს საკუთარი თავი, ეს აუცილებლად უნდა გავაკეთო, თუნდაც ჩავხსნა სხვა თანმდევი პროცესები, მაგალითად: არ გავაკეთო სადილი, არ გავრეცხო და ცოტა ხანი თავი დავზოგო და ეს დაზოგვა გამოვიყენო იმისათვის, რომ ჩემს შვილს მივცე პოზიტიური ემოცია”. ყოველთვის ჯობია აუცილებლად ეს გავაკეთოთ, იმიტომ რომ ის დაღლილი, სევდიანი და დეპრესიული მშობელი, საბოლოო ჯამში ქმნის სევდიან, დანაშაულის მქონე, დეპრესიულ ბავშვს და ამ დეპრესიული ბავშვის გამოყვანა ამ მდგომარეობიდან ძალიან რთულია.
რას ურჩევდით იმ მშობლებს, რომლებსაც ეს პრობლემა აქვს?
თუ მშობელი გრძნობს თავს დეპრესიულად და ეს გრძელდება პერმანენტულად, აწუხებს ეს მდგომარეობა, არ უნდა გადადოს და მიმართოს სპეციალისტს, რადგან ეს არ არის მისი ინდივიდუალური პრობლემა, რადგან ასეთ დროს ოჯახი ხდება დისფუნქციური და ოჯახში ისეთი მიკროკლიმატი იქმნება, სადაც შეუძლებელია გაიფურჩქნოს ბავშვი. თუ მშობელს შესწევს იმის უნარი, რომ გარკვეული რესურსი მოიკრიბოს და მცირე დროით, მაგრამ ხარისხიანი ურთიერთობა ჰქონდეს ბავშვთან, თუნდაც ნახევარი საათის განმავლობაში, რა დროსაც მივაქცევთ ბავშვის გრძნობებს ყურადღებას და მის განცდებს დავინახავთ, ეს იქნება ძალიან კარგი. თუ მშობელს აწუხებს დეპრესია, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ასაკის შესაბამისად აუხსნას ბავშვს მისი მდგომარეობა და განუმტკიცოს ის შეგრძნება, რომ ბავშვი ამაში დამნაშავე არ არის. ხშირად მშობლებს ჰგონიათ, რომ მათი უგუნებობა შეუმჩნეველია შვილებისთვის და ამაში არის შეცდომა. როდესაც ბავშვი მოდის და ეკითხება მშობელს, როგორ არის ის, ამ დროს უკვე დაგვიანებულია და მართლაც დანაშაულია, თუ ვეტყვით, რომ არაფერი არ ხდება. კარგი იქნება მშობელმა უთხრას ბავშვს რომ ცუდად არის, აწუხებს რაღაც და ეცდება რომ მას გაუმკლავდეს, მოაგვაროს და დაარწმუნოს ბავშვი, რომ ამაში ის არანაირად არ არის დამნაშავე და მადლობა უთხრას დაინტერესებისთვის. ამ დროს ბავშვი მშვიდდება და სწავლობს ემპათიას, ის ხვდება რომ სწორად გამოიცნო მშობლის მდგომარეობა, უმტკიცდება შეგრძნება, რომ მხარს უჭერს ამ პროცესში და ეხმარება მას.