Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ბავშვთა ოფთალმოლოგი ქეთევან მამამთავრიშვილი “დედამიცისს” ესაუბრება ბავშვებში გავრცელებული თვალის დაავადებების შესახებ. 

რა ასაკში ვლინდება პირველად მხედველობის დეფექტი ბავშვებში?

ყველა საერთაშორისო გაიდლაინით მოწოდებულია, პირველი შემოწმება ოფთალმოლოგთან ბავშვმა უნდა გაიაროს წლამდე ასაკში,  სასურველია ექვსიდან რვა თვემდე; სამი წლის ასაკში და შემდგომ, სკოლაში წასვლის წინ. მხედველობის შემოწმება გარდატეხის ასაკშიც სასურველია ან ჩივილებიდან გამომდინარე. წლამდე ასაკის ბავშვის მხედველობის მონიტორინგში განსხვავებული რეჟიმია დღენაკლულსა და დღესრულ ბავშვთა შორის. დღენაკლულ ბავშვებს განსხვავებული გეგმის მიხედვით ესაჭიროება კონტროლი. ამას წონისა და გესტაციური ვადის შესაბამისად ადგენს ექიმი. 

მხედველობის თანდაყოლილი დეფექტი ვლინდება ადრეულ სკოლამდელ ასაკში. თუმცა ესეც ინდივიდუალური გახლავთ. ნიშანდობლივია ის, რომ ცალმხრივი ანუ ერთი თვალის მხედველობის პრობლემა,  უპირატესად შემოწმებისას დგინდება.

რა სიმპტომების მიხედვით უნდა ამოიცნოს მშობელმა შვილის მხედველობის პრობლემა?

როგორც წესი, თუ მშობელი ბავშვს ამჩნევს თვალების ჭუტვას, სათამაშოების ახლოს მიტანას, ტელევიზორთან ახლოს მისვლას და რაც ყველაზე ხშირია, თვალების წვალებას, ხამხამსა თუ ქავილს, ოფთალმოლოგიური შემოწმება უნდა დაიგეგმოს დაუყოვნებლივ. ბავშვი, რომელსაც არანაირი პრობლემა არ აქვს, არ  ახამხამებს და არ ჭუტავს თვალებს, არც ახლოს მიდის ტელევიზორთან და არც ახლოს მიაქვს სათამაშოები. ასეთი ტიპის ჩივილი უნდა იყოს გამიჯნული ორგანულ დაავადებასთან, დაღლასთან ან ფუნქციურ კლებასთან მიმართებაში. 

ე.წ თვალის დაელამება, რომელიც ნეონატალურ პერიოდში ხშირია ბავშვებში როდის სწორდება?

ეს არ გახლავთ სიელმე, როგორც ამას უწოდებენ, ეს არის თვალის კაკლის მამოძრავებელი კუნთების შეუთანხმებელი/არაკოორდინირებული მოძრაობა, რომელიც დაახლოებით 6-დან 8 თვემდე უნდა გასწორდეს, ამას არ აქვს მყარი ხასიათი. გამოკვლევისას ძალიან ადვილია ამის განსხვავება.  6-დან 8 თვემდე თუ ბავშვს გამოხატული აქვს თვალის მყარი სიელმე, ამ დროს ლოდინი ნამდვილად არ ღირს და ის აზრი, რომ სიელმე თავისით, მკურნალობის გარეშე გასწორდება დროის დაკარგვაა, რაც არამართებულად მიმაჩნია. როდესაც, დასაშვებზე მეტია თვალის კაკლის არაკოორდინირებული და შეუთანხმებელი მოძრაობა, როგორც აღვნიშნე, ექვსი თვისთვის კონსულტაციის გავლის და შემოწმების შემდეგ ისმევა დიაგნოზი, ეს გახლავთ ფიზიოლოგიური მოძრაობა, რომელიც დინამიკაში დადებითად ხასიათდება და სწორდება, დროული  ჩარევისა და  მკურნალობის შემთხვევაში. ხშირია წლამდე ასაკში გამოვლენილი სიელმე, რამეთუ, ბავშვებს აქვს გარკვეული თანდაყოლილი რეფრაქციული მანკები, ე.წ. პლიუსი და მინუსი, ანუ ახლომხედველობა და შორსმხედველობა, რაიმე ორგანული დაავადება, რომელიც ხელს უშლის ცენტრალური მხედველობის განვითარებას და ამის გამო  თვალი კარგავს სწორ დგომას, დიაგნოსტირება კი  წლამდე ასაკში საკმაოდ მარტივია.

როდის არის საჭირო ქირურგიული ჩარევა  სიელმის შემთხვევაში ?

სიელმის ქირურგიული მკურნალობა ყოველთვის იგეგმება ინდივიდუალურად, კლინიკური სურათის გათვალისწინებით. არსებობს სიელმის ისეთი ტიპი, რომელსაც აკომოდაციური ანუ სათვალისმიერი ეწოდება. ეს არის შემთხვევა, როდესაც ბავშვს სჭირდება სათვალე ანუ  მას მხედველობის დაქვეითების გამო აქვს გამოხატული სიელმე. სათვალით ან   კონტაქტური ლინზებით, მხედველობის სიმახვილის მატებასთან ერთად, გარკვეული პერიოდის შემდეგ, სიელმეც პარალელურად  სწორდება და თვალი უბრუნდება სწორ დგომას. ამიტომ, ყოველი კონკრეტული შემთხვევა საჭიროებს კონკრეტულ მიდგომას და ვადებიც იმის მიხედვით დგინდება, თუ როგორი ტიპის სიელმესთან გვაქვს საქმე.

თვალის დაავადებებიდან ძირითადად რომელია ბავშვებში გავრცელებული?

ყველაზე ხშირი ბავშვებში გავრცელებული თვალის დაავადებებიდან გახლავთ  რეფრაქციული მანკები, ე.წ ახლომხედველობა, შორსმხედველობა და ასტიგმატიზმი. ამ დაავადებების კრებითი სახელი კი არის რეფრაქციული მანკები.

აქვე აღვნიშნავ, რომ თუ ბავშვს აქვს ორთოპედიული პრობლემები, ალერგიული თუ სისტემური დაავადებები, აუცილებლად საჭიროებს დროულ ოფთალმოლოგიურ მეთვალყურეობასაც.

რა გავლენას ახდენს ციფრული მოწყობილობები ბავშვის მხედველობაზე?

ციფრული მოწყობილობების გადაჭარბებული მოხმარება ნამდვილად უარყოფით  გავლენას ახდენს, როგორც მხედველობის სიმახვილეზე, ასევე, ბავშვის განვითარების სხვა ასპექტებზე – ეს იქნება ფსიქო-ემოციური თუ მოტორული განვითარება, ძილის დარღვევა და სხვა. ძილის წინ და საღამოს საათებში ციფრული მოწყობილობების გამოყენება არღვევს დღე – ღამის ბიოლოგიურ რიტმს, რამეთუ მონიტორის ცივი, ცისფერი ნათება თვალის ბადურას აძლევს სიფხიზლის სიგნალს. კვლევებით დადგენილია, რომ ბლოკავს მელატონინის ე.წ. ძილის ჰორმონის გამომუშავებას.

ამავდროულად, ერთსა და იმავე მანძილზე ყურების დროს თვალი იღლება, თვალის ზედაპირი შრება, რაც შემდგომ იწვევს დისკომფორტს და ტკივილსაც კი. ერთ ადგილზე მუშაობას თან სდევს აკომოდაციის  სპაზმის განვითარება, რასაც მოჰყვება თავისა და თვალის ტკივილი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხანგრძლივი სპაზმური მდგომარეობა არის მოზარდთა ახლომხედველობის განვითარების წინაპირობა.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5