Skip to content Skip to sidebar Skip to footer

სწავლა რთული პროცესია, სწავლის  განწყობას კი  გარკვეული ბიძგი და თვითორგანიზება სჭირდება, რასაც ზოგჯერ ბავშვი  დამოუკიდებლად ვერ ახერხებს.  ამ დროს მნიშვნელოვანია უფროსის დახმარება, რომელიც მას წააქეზებს,  რომ გამოხატოს საკუთარი შესაძლებლობები და მიიღოს სასურველი შედეგი.  ფსიქოლოგი მეგი საჯაია გვესაუბრება ბავშვებში სწავლის მოტივაციის ამაღლების  სტრატეგიებზე. 

რა ფაქტორები  განსაზღვრავს ბავშვის სწავლის მოტივაციას და  სასწავლო განწყობას?

მოტივაცია ქცევის წარმმართველი მდგომარეობაა, ის აღძრავს და წარმართავს ქცევას. უშუალოდ სწავლის მოტივაცია, გულისხმობს რომ ეს არის განწყობა, სერიოზული დამოკიდებულება სწავლისადმი, როგორც პროცესისადმი, რომლის შემდგომ მოსწავლე მიიღებს მაქსიმალურ შედეგს. ასხვავებენ ორი ტიპის მოტივაციას: შინაგანი და გარეგანი მოტივაცია. შინაგანი მოტივაცია ეყრდნობა ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ინტერესი, მოთხოვნილება, პიროვნების შინაგანი განწყობა. შინაგანი მოტივაციის გააქტიურების შედეგად მოსწავლე სწავლობს საკუთარი ინტერესების, ცნობისმოყვარეობის და სურვილების დასაკმაყოფილებლად. სწავლის წარმმართველი პროცესი მისი შინაგანი მდგომარეობაა. გარეგანი მოტივაციის დროს, სწავლას წარმართავს ჯილდო, ვერბალური შეფასება ან ნიშანი. მოსწავლის მოტივაცია წახალისებულია გარეგანი ფაქტორებით. ასეთ დროს მოსწავლეს არა აქვს ინტერესი უშუალოდ საგნის მიმართ და სწავლობს, რადგან  სანაცვლოდ რაიმე მიიღოს. შინაგანი მოტივაციის დროს მოსწავლე ავითარებს საკუთარ შესაძლებლობებს, რადგან სწავლა განპირობებულია მისი ინტერესით. 

როგორ დავეხმაროთ ბავშვს, რომ მეტად გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები, რომელიც დაეხმარება მას სწავლაში?

სკოლა, გარდა განათლების მიღებისა, უზრუნველყოფს მოსწავლის პიროვნულ, სოციალურ და ემოციურ განვითარებას. გარდა იმისა, რომ ჩვენ, როგორც მშობლებს, მასწავლებლებს გვსურს, ბავშვმა სკოლაში მიიღოს აკადემიური განათლება, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ განათლების მიღების პროცესი კომპლექსური საკითხია და უამრავ ფსიქოლოგიურ ფაქტორთანაა დაკავშირებული.  ეს შეიძლება იყოს, როგორც მასწავლებლის  დამოკიდებულება მოსწავლისადმი, ასევე სკოლაში არსებული სასწავლო გარემო და უამრავი სხვა დეტალი. იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ მოსწავლეს გამოავლინოს საკუთარი თავი, პირველ რიგში უნდა ვიცნობდეთ ინდივიდუალურად ყველა მოსწავლის შესაძლებლობას, ფსიქოლოგიურ მახასიათებლებს და ინტერესებს. მოსწავლეზე ორიენტირებული უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა დაგვეხმარება, რომ მოსწავლემ მოახერხოს გამოავლინოს საკუთარი თავი ისე, რომ არ გრძნობდეს საფრთხეს. მოსწავლემ თვალნათლივ უნდა აღიქვას რომ, შესასრულებელი ამოცანები, რომელსაც მას დაუსახავენ არ არის წარმოუდგენლად რთული და შეუსაბამო მის რესურსთან. სწავლის პროცესში მისი მოსაზრებები, სურვილები გათვალისწინებულია და ის არის ერთიანი გუნდის ნაწილი. მისი შეცდომები აღიქმება ადეკვატურად, და არა კრიტიკულად. შეცდომების დაშვების შემდგომ უნდა მივცეთ საშუალება, რომ გამოასწოროს შეცდომა, რისთვისაც დასჭირდება ადეკვატური უკუკავშირი და არა გაკიცხვა ან მისი შეცდომის კატასტროფად წარმოჩენა.

რა არის მთავარი კომპონენტი, როდესაც მოტივაციის ამაღლებაზე ვსაუბრობთ? 

მოტივაციის გასაზრდელად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია მიზნის დასახვა. მიზანი, რომელსაც დავუსახავთ ბავშვს, კარგად უნდა იყოს მის მიერ აღქმული და გაანალიზებული. ასევე, ეს მიზანი უნდა იყოს მოსწავლის შესაძლებლობებთან ახლოს და დროში არ უნდა იყოს ძალიან გაწელილი. მოტივაციაზე გავლენას ახდენს კომპეტენტურობის და ავტონომიის მოთხოვნილებები. ტაქტიკა, რომელსაც ვიყენებთ მოსწავლის მოტივაციის ამაღლების დროს დამყარებული უნდა იყოს, მის ინტერესებზე, ემოციებზე. მოსწავლე მეტ ყურადღებას აქცევს, უკეთ ითვისებს და იმახსოვრებს ისეთ ინფორმაციას, რომელიც მასში იწვევს ემოციას, ან მის ინტერესებთან ახლოსაა. მოტივაციის ამაღლებისთვის ასევე შესაძლოა გამოვიყენოთ წესრიგის დაცვა. როდესაც მოსწავლე ფიქრობს რომ მის ირგვლივ მოვლენები უკონტროლოა, ეს გავლენას ახდენს დასწავლის პროცესზე, ხშირ შემთხვევაში ასეთ დროს რთულდება სწავლა. ამიტომ აუცილებელია შევქმნათ წესრიგი, გარკვეული წესები შევიტანოთ სწავლის პროცესში, შემდგომ აუცილებელია მონოტორინგი თუ როგორ სრულდება ეს წესები და უკუკავშირი. ზოგადად უკუკავშირს ძალიან დიდი მნიშნველობა აქვს სწავლის პროცესში, მოსწავლეს უნდა შევთავაზოთ არგუმენტირებული უკუკავშირი, რომელიც დაეხმარება გაიაზროს, როგორ მიმდინარეობს მისი სწავლის პროცესი, როგორ ვითარდება ის. ამ უკუკავშირის მიზანია მოსწავლეს შეექმნას გაარკვეული წარმოდგენა საკუთარ შესაძლებლობებზე და სწორი კუთხით განავითაროს. სწავლის მოტივაციის ამაღლების განმაპირობებლად შესაძლოა მასწავლებლის და მოსწავლის ურთიერთობა იქცეს. მასწავლებლის მიერ გამოხატული სიყვარული, ემპათია, შესაძლოა მოსწავლის მიღწევების განმაპირობებელ ფაქტორად იქცეს. მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობები და მახასიათებლები. სწავლის პროცესში ყოველთვის სიახლის მოფიქრებაა საჭირო.       

რა უნდა გაითვალისწინოს  მასწავლებელმა და როგორია ის გარემო, სადაც მოსწავლე შეძლებს კარგად გამოხატოს საკუთარი შესაძლებლობები?

 მოსწავლეს არ უნდა მოვთხოვოთ იმაზე მეტი ან ნაკლები, რაც მის რესურსს აღემატება. მოთხოვნები არ უნდა იყოს შეუსაბამო მის ინტერესებთან და ასევე შესაძლებლობებთან. არ უნდა დავუსახოთ იმაზე ნაკლებად რთული ამოცანა, ვიდრე მას შეუძლია, რომ შეასრულოს. ამოცანა, რომელსაც ვუსახავთ მოსწავლეს შესასრულებლად, მის მოტივაციას ზრდის ან აქვეითებს. მისი ინტერესების შესაფერისი ამოცანა მოტივაციას ერთიორად ამაღლებს. მასწავლებელმა მოსწავლეებისთვის მოქნილი სასწავლო განრიგი უნდა შეიმუშაოს. არ არის სასურველი ზედმეტად გადატვირთული განრიგი, ასეთ დროს რთულია ყურადღების კონცენტრაცია. რაც უფრო მეტად უჩნდება მოსწავლეს ინტერესი სწავლის პროცესისადმი, მით უფრო მეტად ცდილობს რომ განვითარდეს. კლასი უნდა იყოს მოსწავლისთვის უსაფრთხო სასწავლო გარემო, გარემო, სადაც არ გეშინია საკუთარი შეხედულებების და მოსაზრებების ღიად დაფიქსირება, გარემო სადაც შენი აკადემიური მოსწრების გამო არ იქნები განყენებული ან შეურაცხყოფილი. ნებისმიერი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეს ერთნაირი გარემო უნდა შევუქმნათ. მნიშვნველოვანია ასევე, რომ მასწავლებლმა შექმნას მამოტივირებელი გარემო. გაკვეთილს არ ჰქონდეს მხოლოდ ნასწავლი მასალის გამოკითხვის ფუნქცია და ეს იყოს უფრო შემოქმედებითი პროცესი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მიკუთვნებულობის განცდის ჩამოყალიბება. მოსწავლეს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ არის იმ კლასის, სკოლის ნაწილი, მიკუთვნებულია იმ გარემოსთან, რომელშიც ის სწავლობს. ეს მნიშვნელოვანწილად გაზრდის მის მოტივაციას. მნიშვნელოვანია აგრეთვე მასწავლებლის მიერ თითოეული მოსწავლის ჩართვა სწავლის პროცესში. გუნდური სამუშაო გარემო და ასევე ჯანსაღი შეჯიბრებადობა მოტივაციას ამაღლებს. მნიშნველოვანია, რომ ეს რეკომენდაციები მშობლებმაც გაითვალისწინონ, იმუშაონ მათი შვილისთვის მამოტივირებელი გარემოს შექმნაზე, მიკუთვნებულობის განცდის ჩამოყალიბებაზე და მაშინ, როდესაც მოსწავლის აკადემიური მოსწრება არ არის მაღალი, ის არ დასაჯონ. მოიფიქრონ ტაქტიკა, თუ როგორ შეიძლება გამოყენებულ იქნას მოცემული რეკომენდაციები მოტივაციის ასამაღლებლად ნაცვლად დასჯისა.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5