Skip to content Skip to sidebar Skip to footer

მშობლობა დღეს მრავალ გამოწვევას უკავშირდება, მათ შორის სტრესსა და შფოთვას  ყოველდღიურობაში. ეს გამოწვევებიც ყველა მშობლისთვის ინდივიდუალური შეიძლება იყოს და თითოეულს ინდივიდუალური დაძლევის მექანიზმები შეიძლება გააჩნდეს. ფსიქოლოგი ნათია კუჭუხიძე გვესაუბრება, როდის იჩენს სტრესი თავს მშობლობაში, რა გავლენას ახდენს ის ბავშვზე, მშობელზე და ზოგადად ცხოვრების ხარისხზე და როგორ ვაქციოთ მშობლობა პოზიტიურ პროცესად.     

რამდენად მნიშვნელოვანია მშობლობის გაცნობიერება და რა სარგებელი მოაქვს ოჯახისთვის?

მშობლობის გაცნობიერება ყველას თავისებური აქვს, თავისი პერსონოლოგიიდან  გამომდინარე და დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად აქვს ადამიანს მიზნად მშობლობა, რომ ამაზე დაფიქრდეს და გაანალიზოს. დაფიქრების მომენტიდან დგება იმის გაცნობიერება – რას ნიშნავს მშობლობა, რას ვეძახით მშობლობას, როგორ წარმოგვიდგენია და ა.შ სამწუხაროდ, ადამიანების უმრავლესობა ასე არ ფიქრობს ხოლმე ჩვენს საზოგადოებაში და არ ემზადება ამ როლისთვის, თუმცა ამ ბოლო დროს უფრო იკვეთება ტენდენცია ახალგაზრდებში, როდესაც მათ გადაწყვეტილი აქვთ ერთად ცხოვრება, შემდეგ უკვე ფიქრობენ იმაზე, როგორ შეუძლიათ გაუმკლავდნენ მშობლობის გამოწვევებს. ეს გამოწვევები ყველასთვის დგება ინდივიდუალურად, ზოგისთვის მაშინ როდესაც გადაწყვეტენ მშობლობას, ზოგისთვის  მერე, როდესაც უკვე დგება ორსულობის ფაქტი.

მშობლობას არ ახლავს მხოლოდ  დადებითი და სასიამოვნო ემოციები, ბევრი მძაფრი რეაქციაც ახლავს თან,  გვესაუბრეთ ამაზე…

ასეთ დროსაც გააჩნია ადამიანის პერსონოლოგიას, თუ ადამიანს აქვს კარგი დაძლევის მექანიზმები, არის მშვიდი, გაწონასწორებული, ჯერ იღებს გადაწყვეტილებას და მერე აკეთებს, მისთვის მშობლობაც ნაკლებად სტრესულია ხოლმე. თუ ადამიანი არის იმპულსური, უჭირს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება, ორსულობის პროცესი ორივე მშობლისთვის არის დაუგეგმავი, ეს სტრესორია მათთვის და შფოთვის დონეც მაღლა იწევს.  ასეთ დროს პარტნიორებს  ეშინიათ, რომ ვერ გაუმკლავდებიან გამოწვევებს.  ამის შესაბამისად, მათში შეიძლება გაჩნდეს  ამბივალენტური განცდები – სიხარული თავისთავად, შიშიც. თუ სასურველია ეს ორსულობა, მაგრამ თუ არა, მაშინ ჭარბობს  უფრო მძიმე განცდები – შიში, შფოთვა, გაურკვევლობა, ფიქრი იმაზე თუ  როგორ აიღონ საკუთარ თავზე ეს პასუხისმგებლობა  და შესაბამისად, ეს უფრო არის სტრესული – როგორც მშობლებისთვის, ნაყოფისთვის და შემდეგ უკვე ბავშვისთვისაც. 

“შვილებისთვის თავის შეწირვის” ფენომენზეც გვესაუბრეთ, როდესაც მშობელი იკარგება მშობლობის პროცესში, მისი ინტერესები გადადის უკანა პლანზე. ასეთი  მდგომარეობა როგორ აისახება მასზე, ბავშვზე და ზოგადად ცხოვრების ხარისხზე?

ჩვენ – ადამიანები გარკვეული სტერეოტიპების ქვეშ ვექცევით მუდმივად, ბავშვობის ასაკში განსაკუთრებით. შემდეგ უკვე მოზარდობის ასაკში ხდება ზოგიერთი მათგანის გადაფასება, რამდენად მართებულია ესა თუ ის სტერეოტიპი, მგონია რომ  “ბავშვებისთვის თავის შეწირვა”, ასევე სტერეოტიპია, რომელიც თითქოს კარგ მშობლობაზე მეტყველებდა ადრე და რეალურად აღწერს ზემზრუნველი აღზრდის სტილის დროს მშობლების ქცევას.  ეს სტერეოტიპი შეიძლება ჩამოყალიბებულიყო ისეთ საზოგადოებაში, სადაც ადამიანები განსაკუთრებულად  არიან შთამომავლების გადარჩენაზე ორიენტირებული, რათა  მათ საფრთხე არ შეექმნათ. ასეთი დამოკიდებულება ხშირად   ძალიან მომატებული შფოთვის მქონე მშობლებს ახასიათებთ და ამას ვუწოდებთ, ზემზრუნველ დამოკიდებულებას ბავშვის მიმართ. ზემზრუნველობა არის ვუალიზირებული კონტროლი, “მეტად ვზრუნავ, რომ მას საფრთხე არ შეექმნას”. შესაბამისად,  ჩვენ ამ მეთოდის გამოყენებით ბავშვებს გადავცემთ ჩვენს საკუთარ შფოთვებს, შიშს, დაურწმუნებლობის განცდას,  რადგანაც შფოთვა გადამდებია. ბავშვი  დაურწმუნებელია, შესაბამისად ინიციატივებს ნაკლებად იჩენს და ამიტომ არის რომ საკუთარ შფოთვებთან  გასამკლავებლად აუცილებლად რაღაც სჭირდება – შემდეგ უკვე ირჩევენ ან მედიკამენტებთან დამოკიდებულებას, ან ნივთიერებით ექსპერიმენტირებას იწყებენ და ა.შ. ამიტომ მშობლის მიერ ბავშვზე განხორციელებული ზემზრუნველობა არის ძალიან მოწყვლად მდგომარეობაში ბავშვის ჩაყენება, რადგან არ აძლევს მას დამოუკიდებლად განვითარების შესაძლებლობას, გამოწვევებთან გამკლავების უნარებს არ სძენს, რათა მან დამოუკიდებლად ისწავლოს საკუთარ სტრესორებთან გამკლავება. ეს ის უნარებია, რომელსაც  არ ვასწავლით ზემზრუნველობით და ყველაფერს საკუთარ თავზე ვიღებთ, რომ ეს ადამიანი “დავიცვათ” . ამის გაცნობიერება, თუ რა შედეგები მოჰყვება ამას, არის ძალიან მნიშვნელოვანი თანამედროვე მშობლებისთვის.

როგორ  შევინარჩუნოთ წონასწორობა აღზრდის პროცესში და ვიყოთ პოზიტიური მშობლობის ხელშემწყობნი?

მშობლობა არ არის მარტივი ამბავი,  პოზიტიური მშობლობა კი  თავისთავში გულისხმობს, რომ ადამიანს შეუძლია უპირობო სიყვარული. ეს არ ნიშნავს ზემზრუნველობას, ეს ნიშნავს რომ მშობელი არის მგრძნობიარე ბავშვის საჭიროებების მიმართ, კარგად იცის მისი განვითარების ეტაპები, იცის, როდის რა უნდა მოსთხოვოს თავის შვილს. მაგალითად: სამი წლის ბავშვს არ მოსთხოვოს, რომ იჯდეს ერთ ადგილზე 45 წუთის განმავლობაში, რადგან მისი ასაკის მქონე ადამიანისთვის  შეუძლებელია ამის მოთხოვნა. პოზიტიურ მშობელს  თავის შვილთან ახასიათებს  უსაფრთხო მიჯაჭვულობა – მგრძნობიარეა, მის გამოწვევებზე ყოველთვის რეაგირებს, ემოციურად ყოველთვის ხელმისაწვდომია – ბავშვს ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს საკუთარი მშობლის იმედი, მისი როგორც ემოციური მხარდაჭერის, ასევე ფიზიკური მხარდაჭერის იმედი. ასეთი მშობელი ყოველთვის მოქმედებს ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, იცავს საზღვრებს, არ ავიწყდება საკუთარი თავი და თავისი ემოციური მდგომარეობა, შეუძლია თავისი ემოციური მდგომარეობის მართვა და ამის მერე “აქ. ამჟამად” რეჟიმში შეუძლია უკეთ გაიგოს რა პრობლემა აქვს ბავშვს და როგორ შეუძლია მას დაეხმაროს. მშობლობის ამ უნარების განვითარება შესაძლებელია. პოზიტიური მშობელი ხვდება, რომ ბევრი რამე არ იცის, რაღაც შეცდომები მოსდის, მაგრამ დახმარებისთვის ყოველთვის შეუძლია მიმართოს სპეციალისტს ან ვინმე მხარდამჭერ ადამიანს, რითაც საკუთარ შვილს შემდგომში  უფრო უკეთესად დაეხმარება. ის, ასე  აძლევს შვილს მაგალითს, რომ იაზროვნოს კრიტიკულად, განვითარებაზე იზრუნოს და ეფექტური კომუნიკაცია აწარმოოს შემდგომ. პოზიტიური მშობელი ასე ასწავლის შვილს ემოციების რეგულაციას, მათზე ფოკუსირებას,  პერსპექტივის დანახვას და გამოწვევებთან გამკლავებას. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5