ბავშვის ცხოვრების პირველ 3 თვეს მე-4 ტრიმესტრს უწოდებენ, რადგან ის ამ პერიოდში ეჩვევა საშვილოსნოს გარეთ ცხოვრებას და შესაძლოა, ისევ თქვენს სხეულში ეგონოს თავი. თქვენი პატარას მოთხოვნილებების სწორად გაგება და მყისიერად დაკმაყოფილება, დაგეხმარებათ მისი მოვლისა და მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების პროცესში.
ტირილი
რას უნდა ველოდოთ? შესაძლოა, თქვენმა პატარამ პირველი 3 თვის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ იტიროს. იმის ცოდნა, რომ ეს ნორმალურია, ახალბედა მშობელს დაგეხმარებათ იმ შფოთვასა და ღელვასთან გამკლავებაში, რომელსაც იგრძნობთ ბავშვის ტირილის დროს.
როგორ დავეხმაროთ? ამ ასაკში ჩვილის ტირილთან გამკლავების საუკეთესო გზა არის სწრაფი პასუხი. თქვენ ვერ „გააფუჭებთ“ თქვენს პატარას მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით, პირიქით, ის ასე უსაფრთხოდ იგრძნობს თავს, მოგენდობათ და ნაკლებად იტირებს.
ძილი
რას უნდა ველოდოთ? ახალშობილებს ბევრი სძინავთ, განსაკუთრებით პირველ კვირებში, როცა დღე და ღამე ერევათ. 6-8 კვირისთვის მათ უფრო ნაკლები სძინავთ დღის განმავლობაში და ღამე უფრო მეტი, თუმცა ჭამისთვის მაინც იღვიძებენ.
როგორ დავეხმაროთ? იყავით მომთმენი. დაეხმარეთ დღისა და ღამის გარჩევის სწავლაში. დღისით ოთახი გაანათეთ, აქტიურად ეთამაშეთ, ელაპარაკეთ და ნუ შეუშინდებით მტვერსასრუტის ჩართვით გამოწვეულ ხმაურს. საღამოს პირიქით, საძინებელი ჩააბნელეთ და უზრუნველყავით სიჩუმე. შეუქმენით ძილისწინა რუტინა სიმღერით, წიგნის კითხვით ან გამოსამშვიდობებელი კოცნით.
ჭამა
რას უნდა ველოდოთ? არ აქვს მნიშვნელობა ძუძუთი კვებავთ თუ ადაპტირებული ნარევით, მისი კუჭი ძალიან პატარაა, ამიტომ ერთ ჯერზე ბევრს ვერ შეჭამს და ხშირად მოითხოვს პირველ კვირებში. ჭამის დროს ახალშობილები მხოლოდ დანაყრებისთვის არ იყენებენ. ეს შესანიშნავი გზაა ჩახუტებისთვის, თვალით კონტაქტისთვის და უბრალოდ, ერთად ყოფნისთვის.
როგორ დავეხმაროთ? აჭამეთ თქვენს შვილს, როცა მოითხოვს. განსაკუთრებით, თუ მეძუძური დედა ხართ, ეს დაგეხმარებათ რძის დარეგულირებაში ბავშვის კვების მიხედვით.
მოძრაობა
რას უნდა ველოდოთ? ახალშობილი სუსტად აკონტროლებს საკუთარ მოძრაობებს. შესაძლოა, შეაშინოს საკუთარმა რეფლექსებმა. დროთა განმავლობაში ის სწავლობს მათ მართვას, მისი კისრის კუნთები ძლიერდება და ახერხებს თავის დაჭერას, უვითარდება სხვა ფიზიკური უნარებიც.
როგორ დავეხმაროთ? როცა ღვიძავს, ვათამაშოთ მუცელზე ყოველდღიურად (შეგახსენებთ, რომ ძილის დროს უნდა იწვეს ზურგზე, ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის თავიდან ასარიდებლად). ეს მნიშვნელოვანი მისი უნარების განვითარებისთვის, რათა შეძლოს თავის დაჭერა, გადაბრუნება, დაჯდომა, ხოხვა და სიარული.
მეტი რჩევები ახალშობილის მოვლისთვის
ბავშვები განსხვავებულები არიან. ზოგიერთი უფრო ძნელად ეგუება გარემოს, ზოგი მარტივად. ამიტომ, სცადეთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები, რათა გაიგოთ რას მოითხოვს თქვენი პატარა.
ამერიკელი პედიატრის ჰარვი კარპის წიგნში „ყველაზე ბედნიერი ბავშვი“ წაიკითხავთ, როგორ დავეხმაროთ ბავშვს დამშვიდებაში მე-4 ტრიმესტრში.
შეხვევა: მსუბუქად შეხვევა ბავშვს ამშვიდებს, რადგან ასე შეიძლება თავი იგრძნოს დედის მუცელში.
მასაჟი: მშობლების მიერ გაკეთებული მსუბუქი მასაჟი ბავშვებს უყვართ კანის კანთან კონტაქტის გამო.
ბავშვის თან ტარება: სლინგში ან კენგურუში ბავშის ჩასმა ქმნის ფიზიკურ სიახლოვეს თქვენსა და პატარას შორის, აძლიერებს თქვენს კავშირს, თუნდაც ყოველდღიური საქმეების შესრულების დროს.
წყარო: www.babycenter.com