კორონავირუსის პანდემიის დროს ფსიქოლოგები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნავენ, რომ სტრესისა და შფოთვის დონე მომატებულია ბავშვებში. ეს მარტივი, მაგრამ ეფექტური ხერხები დაგეხმარებათ, ხელი შეუწყოთ თქვენს შვილებს შიშის, შფოთვისა და გაღიზიანების მართვაში.
არ უგულებელჰყოთ მისი გრძნობები
თუ თქვენს შვილს ეტყვით, რომ არ იფიქროს თავის შიშებზე, ეს მას მხოლოდ იმას აგრძნობინებს, რომ რაღაცას არასწორად აკეთებს შფოთვის შეგრძნებით. ამის ნაცვლად, უთხარით მას, რომ ნორმალურია, რასაც განიცდის და წაახალისეთ, გაგიზიაროთ ემოციები და აზრები.
მოუსმინეთ
თქვენ იცით, რომ როდესაც რაღაც გაწუხებთ, რამდენად დამამშვიდებელი შეიძლება იყოს მხოლოდ ის, რომ ვინმემ მოგისმინოთ. იგივე გააკეთეთ თქვენი შვილისთვის. თუ მას არ სურს ლაპარაკი, აცნობეთ, რომ მის გვერდით ხართ და შეახსენეთ, რომ გიყვართ და მხარს უჭერთ მას.
შესთავაზეთ კომფორტი და ყურადღების გადატანა
შეეცადეთ გააკეთოთ ისეთი რამ, რაც მას სიამოვნებას ანიჭებს, მაგალითად ეთამაშეთ საყვარელი თამაში ან ჩაისვით კალთაში და წაუკითხეთ ისევე, როგორც ამას მაშინ აკეთებდით, როცა ძალიან პატარა იყო. ეს მას სიმყუდროვის განცდას შეუქმნის.
გაიყვანეთ ღია ცის ქვეშ
ვარჯიშმა შეიძლება განწყობა გააუმჯობესოს, ამიტომ წაახალისეთ მოძრაობისკენ. მაშინაც კი, თუ ეს მხოლოდ გასეირნებაა, სუფთა ჰაერი და ფიზიკური დატვირთვა შეიძლება სწორედ ის იყოს, რაც მას სჭირდება გუნება-განწყობილების ასამაღლებლად.
მიჰყევით რუტინას
დააბალანსეთ ნებისმიერი ცვლილება, რათა მაქსიმალურად შეინარჩუნოთ მისი რეგულარული რეჟიმი. შეეცადეთ დაიცვათ მისი რეგულარული ძილის და კვების დრო, თუ ეს შესაძლებელია.
იზრუნეთ მის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე
დარწმუნდით, რომ ის სწორად იკვებება და საკმარისად სძინავს. რადგან ძილისა და კვების დარღვევამ შეიძლება გაამძაფროს სტრესი.
შეზღუდეთ წვდომა დამამწუხრებელ ახალ ამბებზე
თუ თქვენი ბავშვი ხშირად ისმენს შემაშფოთებელ ცნობებს კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, გაესაუბრეთ მას ამ თემაზე. უთხარით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს იმისთვის, რომ გაუმკლავდნენ ამ ვირუსს და დაიცვან ჩვენი ჯანმრთელობა.
მიეცით სიმშვიდის მაგალითი
პრაქტიკულად შეუძლებელია ჩვენი ცხოვრებისგან სტრესის დაბლოკვა დღევანდელ სამყაროში, მაგრამ შეგიძლიათ გააკეთოთ რამე იმისთვის, რომ გაუმკლავდეთ მას. გამორთეთ ტელევიზორი, ჩართეთ დამამშვიდებელი მუსიკა და სცადეთ იოგა, „მაინდფულნესი“ და სტრესისგან გათავისუფლების სხვა მეთდები. რაც უფრო მეტად შეძლებთ სახლში მშვიდი სიტუაციის შენარჩუნებას, მით ნაკლებია ალბათობა იმისა, რომ ბავშვებში შფოთვა თქვენს ოჯახში პრობლემას წარმოადგენდეს.
ითხოვეთ დახმარება
თუ დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით საკუთარ ან შვილების სტრესს, მიმართეთ სპეციალისტს.
წყარო: www.verywellfamily.com