Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ოჯახური გარემოდან საბავშვო ბაღში წასვლა ბავშვთა უმრავლესობისთვის შიშისა და შფოთვის საფუძველი შეიძლება გახდეს. მშობლის სწორი ჩართულობა ამ პროცესში წარმატებული ადაპტაციის საფუძველია. განათლების ფსიქოლოგი და ნიუტონის თავისუფალი სკოლის სკოლამდელი განათლების პროგრამის  ხელმძღვანელი  ნინუ კიკნაველიძე გვირჩევს, როგორ დავეხმაროთ სწორი მიდგომით ბავშვს საბავშვო ბაღთან შეგუების პროცესში.

ოჯახური გარემოდან საბავშვო ბაღში წასვლა  რა პროცესია ბავშვისთვის, რას შეიძლება განიცდიდეს ის?

ბავშვის გადასვლა ოჯახური გარემოდან საბავშვო ბაღში არის ბუნებრივი განვითარების ეტაპი, შესაბამისად ამ ცვლილებას ბავშვთან ერთად მისი ოჯახის წევრებიც გადიან.  ძლიერი და შერეული შეგრძნებები, როგორიცაა შფოთვა, ცნობისმოყვარეობა, შიში, ეჭვი და სხვადასხვაგვარი მოლოდინები, უჩნდებათ როგორც ბავშვებს, ასევე მშობლებსაც. ბავშვებმა არ იციან კონკრეტულად რას უნდა ელოდონ ახალ გარემოში, მაშინ, როცა ძირითადად მშობლები ღელავენ მათი შვილების უმტკივნეულო ინტეგრაციაზე.  

რაზე არის დამოკიდებული ბავშვის წარმატებული ადაპტაცია საბავშვო ბაღში?

ბავშვის წარმატებული ადაპტაცია დამოკიდებულია მშობლების განწყობაზე და მზაობაზე. ბავშვებს აქვთ უნარი „წაიკითხონ“ მშობლების სხეულის ენა, ამიტომ პირველ რიგში, სრულფასოვნად მოამზადეთ საკუთარი თავი ამ სიახლისთვის. შფოთვის და აღელვების უმცირესი სიგნალიც კი არ რჩება ბავშვის ყურადღების მიღმა და ასეთი დამოკიდებულება იწვევს შიშის და დაუცველობის განცდას პატარებში, რომელიც შესაბამისად  ხელს უშლის მათ ბაღის ახალ გარემოსთან შეგუებას.  

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი თუ ბავშვი ტირის საბავშვო ბაღში დარჩენისას?

ბაღში ბავშვის ტირილი დატოვების დროს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გამოწვევაა, რომელიც ძირითადად  2-3 კვირას  გრძელდება, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც მის მოსაგვარებლად  2-3 თვეც შესაძლოა დაგჭირდეთ. მშობლებს ვთავაზობ რამდენიმე რჩევას, რაც დაეხმარებათ ამ პრობლემის გადაჭრაში:

  • მოსამზადებელი ეტაპები. გზა, რომელსაც გადიხართ სახლიდან ბაღამდე მანქანით, ტრანსპორტით თუ ფეხით, გაახმოვანეთ. მაგალითად, „აი ვსხდებით მანქანაში/ტრანსპორტში, შეხედე მუზეუმთან უნდა გავიაროთ, აი ჩვენი ნაცნობი მაღაზია, შეხედე მალე გამოჩნდება ბაღის შენობა, იქ დაგხვდებიან მასწავლებლები და ბავშვები, დღეს იცი რა უნდა გააკეთოთ?“ უთხარით, რომ აუცილებლად ჩაეხუტებით და აკოცებთ დამშვიდობებისას; ეს ერთ-ერთი ეფექტური ხერხია, რადგან ზოგიერთი ბავშვი ხალისით ასრულებს დილის რიტუალს;  
  • აკოცეთ, პოზიტიურად დაემშვიდობეთ, მოტრიალდით და უკან აღარ გაიხედოთ; მაგრამ გახსოვდეთ, ყველა ბავშვის შემთხვევა ინდივიდუალურია და ყოველთვის კონტექსტში უნდა განიხილოთ თითოეული გამოწვევა;
  • მიეცით ბავშვს საშუალება თავად აარჩიოს სასურველი სათამაშო, რომელსაც წაიყვანს ბაღში. ამით მას ყურადღება გადააქვს ამ სათამაშოზე, რომელიც მას ეხმარება, არ დარჩეს ,,მარტო’’ მისთვის ჯერჯერობით უცხო გარემოში; შესაძლებელია სათამაშოს ნაცვლად იყოს ნებისმიერ სხვა (უსაფრთხო) ნივთი ან აქსესუარი; 
  • მიყევით დილის განრიგს. აუცილებელია, რომ ბავშვის დილის რუტინა და ბაღში მიყვანის დრო იყოს უცვლელი; 
  • მოერიდეთ ბავშვის მოქრთამვას! არ შესთავაზოთ და შეპირდეთ ტკბილეულს, სათამაშოს ან ნებისმიერი სხვა რამეს. ეს ხერხი მუშაობს მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაში, თუმცა ბავშვს უქმნის არასწორ მოლოდინებს, რომ მან თავისი არასასურველი ქცევის სანაცვლოდ უპირობოდ რაღაც უნდა მიიღოს; ასეთი ქცევის განმტკიცებით ბავშვს ეძლევა მშობლებზე მანიპულირების საშუალება; 
  • კიდევ ერთხელ გავიხსენოთ და არ დაგვავიწყდეს, რომ თქვენი განწყობა პირდაპირ კავშირშია თქვენი შვილის ემოციურ მდგომარეობასთან;
  • შესაძლოა ყველა მცდელობა უშედეგოდ დამთავრდეს და ბავშვი აგრძელებდეს ტირილს ბაღში დატოვებისას. აქ უკვე შეგვიძლია ვიფიქროთ იმაზეც, რომ მისთვის შერჩეულ ბაღში ადაპტაციას ის ვერ ახერხებს, რისი მიზეზიც შესაძლოა მაგალითად იყოს მრავალრიცხოვანი ჯგუფი და თქვენ შვილს ერჩივნოს ნაკლებ წევრიან ჯგუფში ყოფნა. ამიტომ ყოველთვის გაითვალისწინეთ თქვენი შვილის თავისებურებები კონკრეტული ბაღის შერჩევის დროს. 

რა იქნება თქვენი რჩევა მშობლებისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვის წარმატებულ ადაპტაციას საბავშვო ბაღში?

გაგიზიარებთ რამდენიმე კონკრეტულ  რჩევას, რომელიც დაეხმარება თქვენ შვილს ადაპტაციაში:     

  • სცადეთ როლური თამაში სახლში, რისთვისაც გამოგადგებათ პატარა ფიგურები, რბილი სათამაშო ცხოველები ან სხვა სახის სათამაშოები. არ დაგავიწყდეთ მოახდინოთ თქვენი შემეცნებითი სტრატეგიის კოპირება, მაგალითად „პატარა დათუჩა შეშინებულია, რა ვქნათ, ეგებ მასწავლებელს მივმართოთ დასახმარებლად?“; 
  • გაესაუბრეთ ბავშვს მოსალოდნელი ცვლილების შესახებ პოზიტიური კუთხით. ასევე,  მნიშვნელოვანია მისთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარებაც. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ დროს მან არ უნდა იგრძნოს თქვენი შფოთვა;
  • აუცილებლად ესტუმრეთ ბაღს სწავლის დაწყებამდე ბავშვთან ერთად. თუ თქვენი ბაღი გთავაზობთ დღის აქტივობების განრიგს, გააცანით ის თქვენ შვილს და შეეცადეთ, რომ სახლის გარემო მიუახლოვოთ ბაღის რუტინას. სასურველია პატარას წინასწარ აჩვენოთ ბაღის ფიზიკური გარემოს და მასწავლებლის ფოტოები; 
  • თუ შესაძლებელია, გააცანით თქვენ შვილს თუნდაც 1-2 მისი მომავალი ჯგუფელი და დაგეგმეთ მათი ერთობლივი აქტივობები. წაიყვანეთ ერთად სასეირნოდ, ათამაშეთ სკვერში, დაპატიჟეთ სტუმრად და ა.შ.; ეს მას სამომავლოდ დაეხმარება ბაღში სოციალიზაციისთვის; 
  • თუ ბავშვს ჰყავს უფროსი დედმამიშვილები, სთხოვეთ მათ გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება უმცროს დას/ძმას; აუცილებელია, რომ ინფორმაცია მიაწოდონ პოზიტიურ კონტექსტში;
  • შეახსენეთ თქვენს შვილს, რომ ცვლილებასთან დაკავშირებული შიში და შფოთვა არის ბუნებრივი და ხაზი გაუსვით, რომ დროდადრო ეს ემოციები გადაივლის და ყველაფერი კარგად იქნება. უთხარით, რომ სხვა ბავშვებიც მსგავსად განიცდიან და შესაძლოა ჯგუფში დახვდეს ბავშვი, რომელიც ამ ცვლილებას, სიახლესთან გამკლავებას  ტირილით გამოხატავს;
  • აგრძნობინეთ პატარას, რომ მისი გრძნობები თქვენთვის მნიშვნელოვანია. დაანახეთ მას თქვენი თანაგრძნობა და მხარდაჭერა; აუცილებლად ასაუბრეთ თქვენი შვილი საკუთარ გრძნობებზე ცვლილებების მიმართ; 
  • შეგიძლიათ ერთად შექმნათ მოთხრობა თემაზე – „ჩემი პირველი დღე ბაღში“. გააკეთეთ მოთხრობის ილუსტრაცია, გამოიყენეთ შერეული ფერადი მასალა და მიეცით საშუალება სხვებსაც გაუზიაროს საკუთარი შემოქმედება; 
  • წაუკითხეთ ბავშვს ბაღის თემატიკაზე შექმნილი მოთხრობები. 

და ბოლოს, ყოველთვის წაახალისეთ და შეაქეთ თქვენი შვილის მცდელობა და მცირედი მიღწევები.  

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5