Skip to content Skip to sidebar Skip to footer

“დედამიცის” ესაუბრება ფსიქოლოგი  ნათია იოჰანესენი.

“კი , მაგრამ, ჩვენ  რა გვჭირს სამკურნალო, ყველაფერს სწორად ვაკეთებთ, აი მეორე შვილიც ხომ გვყავს სახლში და როგორ ფიქრობთ, ჩვენ მას განსხვავებულად ვზრდით?!  რა ჩვენი ბრალია, ეს ბავშვი თუ სულ გაბრაზებულია, გაუგონარია, არავის უჯერებს, სულ გვარცხვენს, სულ იბუტება. ვეკითხებით, გვითხარი რა გჭირს, მაგრამ შენც არ მომიკვდე, ჩამოუშვებს ცხვირს და ზის ასე გაბუსხული. მაინცდამაინც იმას აკეთებს, რასაც ვუკრძალავთ. არც მეცადინეობა უნდა, მერე რომ ვეღარ ვერევით, გამოვკეტავთ ოთახში და  გვესმის იქიდან, ხელების და ფეხების ბრახუნი კედლებზე. გაბრაზებული იძინებს და იღვიძებს.”– თუ ეს მდგომარეობა გეცნოთ, თქვენ ერთ-ერთი ხართ იმ აურაცხელი ოჯახებიდან, რომელთაც პრობლემები აქვთ. მშობლები ხშირად გაოცებული რჩებიან, როდესაც ვეუბნებით, რომ შვილს, რომელიც მათ ჩვენთან მოჰყავთ სამკურნალოდ, ოჯახის ჩართულობით და ოჯახური დინამიკის გაგების გარეშე ვერ დავეხმარებით. ნუ იფიქრებთ, რომ ფსიქოლოგები მშობლების დადანაშაულებით ვიყოთ დაკავებული. ბავშვის ქცევის, ოჯახური დინამიკის, ოჯახში არსებული ურთიერთობის გაგების გარეშე შეფასება  არაპროფესიონალური და დამაზიანებელია.  

როგორ უნდა დაეხმაროს ბავშვს ასეთ დროს მშობელი, როდესაც  ვერც მისი ბრაზის გაგებას  და ვერც  მისი ქცევის მართვას ვეღარ ახერხებს?

მშობელს, რომლის შვილიც ხშირად ბრაზდება და ინტენსიურად გამოხატავს ამ ბრაზს, უჭირს შვილის მოტივების გაგება და ემპათიის შენარჩუნება. თუ კომუნიკაცია ბავშვსა და მშობლებს შორის არ შეიცვალა, ფსიქოლოგების როლი არ არის, უთხრას ბავშვს რა გააკეთოს  და რა არ უნდა გააკეთოს. ჩვენი როლია მას გავუგოთ და მისი არასასურველი ქცევების და უმართავი ბრაზის მექანიზმი გავაანალიზოთ. ამით, ბავშვსაც ვეხმარებით და მშობელსაც. მშობელს ზოგჯერ უჭირს იმის აღიარება, რომ ბავშვი ძალიან სუსტია, რომ ის სრულადაა მასზე დამოკიდებული და რომ მას, მისი დახმარების გარეშე არსებობა არ შეუძლია. ერთხელ, ერთმა პაციენტმა მითხრა, შეკითხვის დასმას რა აზრი აქვს, მე ხომ უნდა შემეძლოს პასუხების მოძიებაო; რომ  ჩავეძიე, აღმოჩნდა, რომ ბავშვობაში მათემატიკით ყოფილა გატაცებული, ყოველ ჯერზე რამდენჯერაც მამისთვის უკითხავს, ეს ასე რატომ არისო, მამა პასუხობდა:”მე რას მეკითხები, ამხელა ბიჭი ხარ, შენ თვითონ უნდა მოიძიო პასუხებიო.” მშობელი საკუთარი აღზრდის ნაყოფია, ამას ფსიქოანალიტიკოსი ბოუვი “შინაგან სამუშაო მოდელს” უწოდებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მშობელს არ ახსოვს საკუთარი ბავშვობის დეტალები, ის მაინც ქცევაში იმეორებს მას. 

“შენ ხარ ყველაზე საშინელი დედა დედამიწაზე”- უყვირის 13 წლის თვალებდასიებული და გაფითრებული შვილი დედას.

“აი, შენ კი ხარ, ყველაზე რთული ბავშვი დედამიწაზე და მე შენნაირი არაფერი მინახავს”.- პასუხად უბრუნებს  დედა.

ეს არის კლასიკური მოდელი იმისა, რომ დედა ვერ ახერხებს შვილის ემოციის მიღებას და მის დატევას. ან  მეორე შემთხვევა ავიღოთ, დედა თავს ღუნავს და სხვა ოთახში გადის, ბავშვი კი რჩება მარტო საკუთარ უმართავ ემოციასთან.

თქვენს მიერ ზემოთ აღწერილ სიტუაციებში, რას გრძნობს ბავშვი, როგორია მისი განცდები?

ბავშვი რომელსაც ხშირად უყვირიან, ოთახში გამოკეტავენ, უფრო მეტად განიცდის შფოთს და ბრაზს, ვიდრე მისი თანატოლები. როცა მშობელს ბავშვთან მხოლოდ იმაზე აქვს დიალოგი, რა უნდა გააკეთოს  და რა არა, ასეთ დიალოგებს ბავშვი საფრთხედ აღიქვამს, ან გაურბის მას, ან თვალებში უყურებს მშობელს და არ უსმენს; ხელ-ფეხს ვერ აჩერებს ასეთი ე.წ დიალოგის დროს და ერთი სული აქვს გაიქცეს. ფრუსტრირებული მშობელის კი ზის და ფიქრობს, რომ არც ეს ჭრის და აღარ იცის, ახლა რა უნდა გააკეთოს. 

ამ მოჯადოებული წრის გასარღვევად, რა უნდა ქნას მშობელმა, როგორი კომუნიკაცია უნდა აწარმოოს შვილთან?

პირველ რიგში მშობელმა ბავშვის ნდობა უნდა  მოიპოვოს და მას უსაფრთხო გარემო შეუქმნას. ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როცა ბავშვი ხშირად განიცდის, რომ ის მიიღეს, აღიარეს, დააფასეს და მასზე იზრუნეს. ბავშვი სამყაროს სრულიად განსხვავებულად აღიქვამს, ვიდრე ზრდასრული ადამიანი. მას ზრდასრული ადამიანთან შედარებით სხვანაირი  ლოგიკა აქვს, მას არ შეუძლია მიზანმიმართულად  და რაციონალურად ჩამოაყალიბოს თავისი სათქმელი, ფიქრებს მოუყაროს თავი; არ იცის რატომ იქცევა ასე. მისი ფიქრები და ქცევები ძალიან ხშირად ფანტაზიებით არის ნაკარნახევი. ბავშვი თავისი დედმამიშვილებისგან ტემპერამენტით განსხვავდება, რაც აღზრდის სტილთან კავშირში, განსხვავებული ურთიერთობების ჩამოყალიბებას განაპირობებს.

და როცა ბავშვი ბრაზობს, რა არის მისი რეალური განცდა, რას გრძნობს ის?

ბავშვის ბრაზი  მისთვის აუტანელი შფოთვის გამოხატულებაა და ეს ემოცია იმდენად დიდია, რომ ბავშვს ამის დატევა და ატანა არ შეუძლია, ამიტომ გარემოზე უნდა გადაიტანოს ეს ბრაზი, რომ გადარჩეს. როცა მშობელი შვილს მისთვის საინტერესო თემებზე ესაუბრება, ერთვება მის აქტივობებში, იჩენს მის მიმართ ინტერესს, უსვამს შეკითხვებს, აღიარებს მის სუბიექტურობას და განსხვავებულობას, ეს ბავშვს საკუთარ თავსა და გარემოსთან ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში ეხმარება. როცა მშობელი იღებს საკუთარ შვილს ისეთს როგორიცაა, ამით ბავშვს საკუთარი თავის მიღებასა და დაფასებას ასწავლის. ბავშვის ქცევის, ჩვენი-მშობლის ქცევის შეცვლით იწყება. როდესაც, რაღაც “ვერ” ან “არ” მუშაობს შვილთან ურთიერთობაში, მშობლები უნდა დაფიქრდნენ, რის შეცვლას ისურვებდნენ პირველ რიგში საკუთარ თავში, საკუთარ ქცევაში და არა ბავშვში. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5