ლაქტაციის მრჩევლის შორენა ლაღაძის ბლოგი
ადამიანები გამოვირჩევით ჩვენი ინდივიდუალიზმით. ასევე, გამოირჩევა ჩვენი სხეულის სხვადასხვა ნაწილი. მათ შორის, ძუძუსთავებიც.
წარმატებული ძუძუთი კვებისათვის არ აქვს მნიშვნელობა ძუძუსთავის ფორმას, თუმცა სხვადასხვა ფორმის კერტს ლაქტაციის დროს სხვადასხვაგვარად მომზადება, სხვადასხვა სტატეგია და მართვა სჭირდება.
ხშირად, როდესაც ქალი მეძუძური ხდება, წარუმატებელი მოჭიდების გამართლების საპირწონედ გავიგონებთ ფრაზას ‘’ძუძუსთავები არ მაქვს და..’’
ძუძუსთავისა და არეოლას ფორმები, ზომები ყველა ქალს განსხვავებული აქვს. იდეალური კერტები შეიძლება ვიხილოთ მხოლოდ ჰოლივუდის ან პორნოინდუსტრიის ფილმებში, ისიც პლასტიკური ქირურგიის შედეგად.
როგორ დავეხმაროთ ბავშვს ჩაბრუნებულ ან ბრტყელ ძუძუსთავზე მოჭიდებაში?
რეალურად, ბავშვს მოჭიდებისა და ძუძუს წოვისათვის არ სჭირდება ძუძუსთავი, რადგან სწორი მოჭიდების დროს პატარას თითქმის მთელი არეოლა უნდა ედოს პირში. მაგრამ ძუძუსთავს აქვს ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია – წოვის დროს ის დევს ბავშვის ენაზე, საკმაოდ ღრმად, სასასთან და ეხმარება მას ადვილად ყლაპვაში და წოვის რეფლექსის კიდევ უფრო გააქტიურებაში. ბრტყელი ან შებრუნებული ძუძუსთავების შემთხვევაში ძუძუსთავი არ მიდის სასამდე, ამიტომ პატარას შეიძლება მეტი ენერგია დაეხარჯოს ყლაპვის დროს და გააპროტესტოს წოვის აქტი ან ჰქონდეს სუსტი წოვის რეფლექსი.
მოაქციეთ ძუძუსთავი თითებს შორის და ნაზად, თითებით გაუკეთეთ სტიმულაცია. ეს დაეხმარება ბრტყელ თავს ერეგირებაში და გაზრდაში. ამის მერე მოაქციეთ არეოლა თითებს შორის, ისე რომ თქვენმა ხელმა/თითებმა მიიღოს V ან C ფორმა და ჩადეთ გაბრტყელებული არეოლა ბავშვის მაქსიმალურად ღია პირში. ახალბედა დედების უმეტესობას ლაქტაციის დასაწყისში აქვს ბრტყელი ძუძუსთავები, მაგრამ მათი ფორმა ლაქტაციის დროს იცვლება.
წაისვით ყინულის კუბი ძუძუსთავებზე ნაზად, წოვის დაწყებამდე. ეს ასევე დაეხმარება თავებს გადიდებაში.
მოახდინეთ წოვის წინ მკერდის სტიმულაცია ხელის საწველით ან გადაჭრილი შპრიცით ‘’გამოსრუტეთ’’ კერტები.
რაც შეეხება ჩაბრუნებულ ძუძუსთავებს, საქმე აქ ცოტათი რთულად არის. მათ შემთხვევაშიც შეიძლება იგივე ტექნიკების გამოყენება,რაც ბრტყელი ძუძუსთავების შემთხვევაში, მაგრამ ეს ტექნიკა ხშირად არ მუშაობს. ამიტომ ლაქტაციის დასაწყისში რეკომენდირებულია ე.წ. მკერდის ფარების (სილიკონის თავები) გამოყენება.
როგორ მოვამზადოთ ძუძუსთავები ორსულობაში?
თუ ორსულად ხართ და გადაწყვიტეთ ბავშვი ძუძუთი კვებოთ, შეგიძლიათ მოამზადოთ თქვენი ბრტყელი ან ჩაბრუნებული ძუძუსთავები ლაქტაციისათვის. ამისათვის არსებობს ძუძუსთავების ,,გამომყვანი”, რომელსაც ალბათ აფთიაქში იპოვით. მისი ალტერნატივაა კაკლის ნაჭუჭში ჩასხმული თაფლის სანთელი. სპეციალური სილიკონი უნდა ატაროთ 32-ე კვირიდან (თუ არ გაქვთ პრობლემური ორსულობა), ყოველ დღე, 30-40 წუთი .
პირსინგი და ლაქტაცია – სადავო თემაა, მაგრამ კერტების პირსინგი არ უშლის ხელს ძუძუთი კვებას. ერთადერთი,რაც რეკომენდებულია – პირსინგის მოხსნაა, რადგან მან შეიძლება დააზიანოს ბავშვის ენა ან სასა.