ფსიქოლოგი ნათია იოჰანესენი გვესაუბრება ბავშვებში ემოციების მართვის შესახებ. როგორ უნდა გაუმკლავდეს მშობელი კონსტრუქციულად ბავშვის მძაფრ რეაქციებს და როგორ დაეხმაროს ბავშვს ემოციური კომპეტენციის განვითარებაში, წაიკითხავთ ჩვენს ინტერვიუში.
გვესაუბრეთ ბავშვის ემოციურ თვითრეგულაციაზე. რა ასაკში ყალიბდება ემოციების მართვის ეს კომპეტენცია?
ეს უნარი წლების განმავლობაში ვითარდება. ასე არ უნდა გავიგოთ, რომ რაღაც ასაკამდე ბავშვს უჭირს ემოციების მართვა და იმ ასაკს რომ მიაღწევს, მერე შეძლებს. ადამიანმა შესაძლოა ზრდასრულ ასაკშიც ვერ მოახერხოს საკუთარ ემოციებთან გამკლავება, თუ მან სისტემატურად არ მიიღო შესაბამისი დახმარება აღმზრდელი გარემოსგან. ემოციების დამოუკიდებლად მართვის უნარის ჩამოყალიბება არის კომპლექსური და ხანგრძლივი პროცესი და ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.
როცა მშობელი კონსტრუქციულად უმკლავდება შვილის ემოციებს, როცა თვითონაც არ ბრაზდება გაბრაზებული შვილის დანახვისას, არამედ, თვითონ ინარჩუნებს სიმშვიდეს და ამ მშვიდი ტონით ცდილობს ბავშვის ემოციის წარმომავლობაში გარკვევას, ამით ის ბავშვს დამშვიდებაში ეხმარება. თავის ტვინის ის უბანი, რომელიც ემოციების მართვაზეა პასუხისმგებელი ბავშვში განვითარებული არ არის. ბავშვი მთლიანად არის დამოკიდებული ზრდასრულზე და მის ემოციურ კომპეტენციაზე.
ემოციის მართვა არ ნიშნავს ემოციის არგამოხატვას, მის დათრგუნვას, ან პირიქით, უკონტროლობას. ემოცია არის ჩვენი კომპასი და ის გვეხმარება ჩვენი საზღვრების დაცვაში და ჩვენი სურვილებიდან გამომდინარე ცხოვრებაში ორიენტაციაში.
როდესაც ბავშვი ჭირვეულობს, ტირის და თითქოს მშობლის “მდგომარეობიდან გამოყვანა სურს”, “ნერვებზე თამაშობს”, როგორი უნდა იყოს მშობლის რეაქცია, როგორ უნდა დაეხმაროს ასეთ დროს ბავშვს მშობელი და შეძლოს მისი დამშვიდება ?
ამ დროს მთავარია გვახსოვდეს, რომ ბავშვი ამას იმიტომ კი არ აკეთებს, რომ მიზანმიმართულად ჩვენი ნერვების მოშლა უნდა, არამედ იმიტომ რომ მას სხვა რესურსი არ აქვს. ბავშვმა არ იცის თავი როგორ უნდა დაიწყნაროს. ამ დროს მას ყველაზე მეტად სჭირდება გაწონასწორებული ზრდასრული, რომელიც აცნობიერებს ბავშვის მდგომარეობას, არ უყვირის, არ სჯის, არ ემუქრება, არამედ მშვიდი და მეგობრული ტონით ესაუბრება პატარას. ბავშვს ვეხმარებით, როცა მის სიმაღლეს ვუთანაბრდებით, ფიზიკური კონტაქტით – ჩახუტებით ვაგრძნობინებთ, რომ ჩვენ მასთან ერთად ვართ და რომ მისთვის გვცალია. აუცილებელია ვესაუბროთ ბავშვს და ვკითხოთ, თუ რატომ ტირის. ასაკიდან გამომდინარე განსხვავებულია დიალოგის ფორმა, თუმცა, ის, რაც ბავშვს ყველა ასაკში სჭირდება უფროსისგან, არის თანადგომა, მისი ემოციების გაგება და მისი მდგომარეობის პატივისცემა.
რა ეხმარება ბავშვს ემოციების მართვაში და თავად მშობელმაც როგორ უნდა გაანეიტრალოს მძაფრი ემოციები?
ყველაზე მეტად ბავშვს ემოციების მართვაში ეხმარება მშობელი/უფროსი. ვიცი, რომ ჩვენს ყოველდღიურობაში მუდმივად წონასწორობის შენარჩუნება მარტივი არ არის, თუმცა, როცა მშობელს ახსოვს, რომ მისი პატარა არსება სრულიად არის მასზე დამოკიდებული, ეს მას ეხმარება ბავშვის მდგომარეობის გაგებაში. ბავშვს აუარებელი მისთვის გადაულახავი შიში და შფოთვა აწუხებს, ყველაფერი აშინებს, საკუთარი ემოციებიც კი. წარმოიდგინეთ რამხელა თანადგომა სჭირდება. როცა მშობელი წონასწორობას კარგავს და ბავშვს უყვირის, ეს ბავშვს არ აწყნარებს, პირიქით, უფრო მეტად აშინებს და სრულიად აგდებს წონასწორობის საზღვრებიდან.
მშობლის ემოციური თვითრეგულაცია რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის?
მშობლის ემოციური კომპეტენცია არსებითია ბავშვისთვის და აი რატომ – წამოგსვლიათ თუ არა ცრემლი, როცა დაგინახავთ. რომ თქვენთვის სრულიად ნეიტრალური ადამიანი ტირის? ან გაგცინებიათ თუ არა გულიანად, სხვის სიცილზე, თუნდაც არ იცოდეთ სიცილის გამომწვევი მიზეზი? ან გყავთ თუ არა ახლობელი, ვისთან ურთიერთობაც განსაკუთრებით გამშვიდებთ? ჩვენ გვაქვს სარკისებური ნეირონები, რომლებიც სხვის ქცევას და ემოციას აირეკლავენ. გაწონასწორებული მშობელი/უფროსი ამ სარკისებური ნეირონების წყალობით ეხმარება ბავშვს დამშვიდებაში.
ბავშვობის ტრავმების დამუშავების დროს, ბევრ პაციენტს უთქვამს ჩემთვის, ვგრძნობდი, რომ რაღაც ისე არ იყო, მოწყენილი ვიყავი, თუმცა ვერ ვხვდებოდი რატომ, ვტიროდი, იმიტომ რომ დედა ტიროდა და მეგონა ჩემი ბრალი იყო.
რამდენად მძიმე ტვირთად აწვება ზრდასრულ ასაკში ემოციური თვითრეგულაციის უქონლობა ადამიანს?
ამ უნარის უქონლობა, ან მისი ნაკლებად განვითარება მთელი ცხოვრების მანძილზე მძიმე ტვირთად აწვება ადამიანს. როცა ადამიანი ახერხებს საკუთარი ემოციების ოპტიმალურად მართვას, ეს დიდწილად განსაზღვრავს სოციალურ ურთიერთობებში წარმატებას, სწავლის/სამსახურის მიმართ დამოკიდებულებას, კონცენტრაციის და ყურადღების სტაბილურობას, ინტერესებს, თვითშეფასებას, საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულებას და ა. შ. როცა ზრდასრულს უჭირს საკუთარ ემოციებთან ურთიერთობა, მას ბავშვის ემოციურ კომპეტენციაზე ზრუნვა მძიმე ტვირთად აწვება ბევრი მიზეზის გამო. მეტაფორულად რომ წარმოვიდგინოთ, იმისთვის რომ სხვისი დახმარება შევძლოთ, ჟანგბადის ნიღაბი ჯერ საკუთარ ცხვირზე უნდა მოვირგოთ.