Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფსიქოლოგი ლიკა ბუწაშვილი. 

მშობლებს ხშირად უჭირთ ბავშვისთვის იმის თქმა, რომ მათთვის საყვარელი ადამიანი დაიღუპა. რა რეკომენდაციას მისცემდით მათ?

როგორც წესი, მშობლებისთვის და ბავშვზე მზრუნველი ადამიანებისთვის რთულ ამოცანას წარმოადგენს ბავშვისთვის ინფორმაციის მიწოდება მისთვის საყვარელი ადამიანის გარდაცვალების შესახებ. მშობლები ღელავენ, რომ ამით ბავშვს ტკივილს მიაყენებენ. ამას ართულებს ისიც, რომ როგორც წესი, თავად მშობელიც ინტენსიურ ემოციებს განიცდის მომხდარის გამო და უჭირს საკუთარ თავში ძალის გამოძებნა ამ მტკივნეული ამბის შვილისთვის გასაზიარებლად და შემდგომში მის მხარდასაჭერად. ეს გასაგები და ნორმალურია. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ რაოდენ კარგი მშობელი თუ აღმზრდელიც არ უნდა ვიყოთ, სრულად ვერ დავიცავთ ბავშვს  ტკივილისგან და ხანდახან ჩვენი ემოციური რესურსიც ვერ იქნება სრულად სავსე. თუმცა, როგორც ზრდასრულებს, ისე ბავშვებს, გვაქვს საკმარისი რესურსი, რომ გავუმკლავდეთ რთულ პერიოდებს და ასეთ დროს თქვენი მცდელობა, დაეხმაროთ ბავშვს, ფასდაუდებელია. თქვენ ვერ აარიდებთ ბავშვს ტკივილს, თუმცა შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ ტკივილთან გამკლავებაში.

როდის სჯობს ბავშვისთვის ინფორმაციის მიწოდება საყვარელი ადამიანის გარდაცვალების შესახებ და ვინ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია?

სასურველია, საყვარელი ადამიანის გარდაცვალების შესახებ ბავშვს ინფორმაცია მივაწოდოთ მალევე, სანამ დაკრძალვის დღე დადგება. ამგვარად ბავშვს ექნება საშუალება, გამოემშვიდობოს საყვარელ ადამიანს და ამ ტრაგედიასთან დაკავშირებული ემოციები გაიზიაროს მისთვის საყვარელ ადამიანებთან ერთად. მნიშვნელოვანია, ეს ინფორმაცია ბავშვს მიაწოდოს მისთვის ყველაზე ახლობელმა ადამიანმა, რომელიც, როგორც წესი, მშობელია მიუხედავად იმისა, რომ ხშირად თავად მშობელიც გლოვობს და ემოციურად არ გრძნობს თავს მზად ამისთვის. სასურველია ისეთი ადგილი შეარჩიოთ ამ ინფორმაციის მისაწოდებლად, სადაც ბავშვს ექნება საშუალება, თავისუფლად გამოხატოს ემოციები. 

როგორ სჯობს ვესაუბროთ ბავშვს სიკვდილთან დაკავშირებით?

შეეცადეთ ბავშვს მისთვის გასაგებ ენაზე და მკაფიოდ უთხრათ საყვარელი ადამიანის გარდაცვალების შესახებ. თავი აარიდეთ ბუნდოვანი შინაარსის მქონე სიტყვებსა და ფრაზებს, როგორიცაა: „დაიძინა“, „ცაში გაფრინდა“, „დაგვტოვა“, „დავკარგეთ“ და ა.შ. შესაძლოა, ბავშვმა ვერ გაიგოს გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამი და გაუჩნდეს ცრუ მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ საყვარელი ადამიანი შეიძლება კვლავ დაბრუნდეს. 

მოკლედ მიაწოდეთ ინფორმაცია გარდაცვალების მიზეზების შესახებ. სჯობს, მხოლოდ იმდენი ინფორმაცია მიაწოდოთ, რაც წარმოდგენას შეუქმნის ბავშვს, რა და რატომ მოხდა. დანარჩენი დეტალი დაამატეთ ბავშვის მხრიდან წამოსული შეკითხვების და ინტერესის შესაბამისად. 

ხანდახან ბავშვებს უჩნდებათ შიში იმისა, რომ თავად ან მშობლებიც მალე დაიღუპებიან. ამგვარი შფოთვა რომ ავარიდოთ, თუკი ბებია, ბაბუა ან ოჯახის სხვა ასაკოვანი წევრია გარდაცვლილი, შეგვიძლია ვუთხრათ, რომ როგორც წესი, ადამიანები არ იღუპებიან, სანამ ძალიან არ მოხუცდებიან. თუკი ახალგაზრდა ადამიანია დაღუპული, უთხარით, რომ მათ ისეთი დაავადება ჰქონდათ ან ისეთი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპნენ, რომელიც ძალიან იშვიათია ახალგაზრდებში.

რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეს ბავშვს ინფორმაციის გაგებისას? როდის და როგორ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბავშვს უჭირს გამკლავება?

ბავშვები სხვადასხვაგვარად რეაგირებენ საყვარელი ადამიანის გარდაცვალებაზე. სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ხანდახან უჭირთ იმის გაგება, რომ სიკვდილი დროებითი ფენომენი არ არის. ამდენად, ხშირად შეიძლება მიუბრუნდნენ იმ თემას, თუ სადაა მათთვის საყვარელი ადამიანი.

შესაძლო რეაქციების არასრული მაგალითებია: სევდა, ბრაზი, ძილთან დაკავშირებული სირთულეები – ჩაძინების სირთულეები, ღამის კოშმარები, მადის დაქვეითება, მარტო დარჩენასთან დაკავშირებული შფოთვა, სომატური ჩივილები – მუცლის, თავის ტკივილები, განვითარების წინა ეტაპზე დაბრუნება გარკვეული ხნით, მაგ. კვლავ იწყებენ ჩასველებას, თანატოლებთან ურთიერთობის შეზღუდვა, დანაშაულის განცდა, თამაშები სიკვდილის შინაარსით და სხვ. ხანდახან ბავშვები უარყოფენ გარდაცვალების ფაქტს. ესეც ნორმალური ფენომენია, თუმცა თუკი დროში გახანგრძლივდა, შესაძლოა სამომავლოდ სხვა სირთულეებს დაუდოს დასაბამი. 

შესაძლოა რამდენიმე კვირის მანძილზე ჰქონდეს ბავშვს ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ან რამდენიმე ჩივილი ან რაიმე სხვა წუხილი. თუმცა, თუკი რამდენიმე თვის შემდეგ ჩივილები კვლავ რჩება ან ეს ჩივილები იმდენად ძლიერია, რომ ხელს უშლის ბავშვს ფუნქციონირებაში, მიმართეთ სპეციალისტს დახმარებისთვის.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს მიღებული ინფორმაციის გადამუშავებაში?

  • არ მოერიდოთ ბავშვის წინაშე ემოციების გამოხატვას. ის ფაქტი, რომ თქვენც გლოვობთ, აუცილებლად არ მოიაზრებს იმას, რომ ბავშვზე ეს ნეგატიურად აისახება. თუკი ის სევდიანს დაგინახავთ, მიხვდება, რომ ნორმალურია, ამ ამბის გამო უსიამოვნო ემოციები გვქონდეს. თუმცა, შეეცადეთ ბავშვი არ შეესწროს თქვენ მიერ ემოციების გამოხატვას ყველაზე მძიმე წუთებში, როდესაც ძალიან ძლიერია ემოციების ხარისხი. ასეთ შემთხვევაში ბავშვმა შეიძლება დაუცველად იგრძნოს თავი ან დაიწყოს თქვენზე დარდი. თუკი თავად თქვენთვის განსაკუთრებულად მძიმე აღმოჩნდება გლოვის პროცესი, ითხოვეთ საყვარელი ადამიანების და სპეციალისტის დახმარება. 
  • ბავშვის ასაკისა  და ინდივიდუალური შტრიხების გათვალისწინებით, ყურადღებით შეარჩიეთ ის ფორმა, რომლითაც ჩაერთვება ბავშვი გარდაცვლილი ადამიანის დაკრძალვამდე სხვადასხვა გამოსამშვიდობებელ რიტუალსა და დაკრძალვის ცერემონიაში. ცხადია, ეცადეთ, ბავშვი მოარიდოთ ემოციების გამოხატვის უკიდურესად ინტენსიურ სცენებს, თუმცა ოჯახის წევრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად ერთ სივრცეში ყოფნა და მათთან ერთად ემოციების გაზიარება დაეხმარება ბავშვს. თუკი არ გამოთქვამს სურვილს, რომ დაესწროს რაიმე რიტუალს, ცხადია, არ აიძულოთ. ამის აუცილებლობა არ არსებობს. ძირითადი, რაც ეხმარება ბავშვს ამ პროცესში მონაწილეობის დროს არის ურთიერთობა და დაკავშირებულობის განცდა საყვარელ ადამიანებთან და ასევე ის, რომ მოახერხოს რაიმე ფორმით გამომშვიდობება გარდაცვლილ ადამიანთან. თუმცა გამომშვიდობება სხვადასხვა ფორმით შეიძლება მოახერხოს, როგორიცაა მაგალითად რაიმეს დახატვა, საერთო ფოტოების ერთ ალბომად შეკვრა, იმ ადგილის მონახულება, სადაც ერთად სასიამოვნოდ ატარებდნენ დროს, რაიმეს გამოცხობა, რასაც ერთობლივად აცხობდნენ. შეიძლება იყოს სანთლის დანთება, ოჯახის რელიგიური მრწამსიდან გამომდინარე და სხვ. პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, როდესაც სოციალური კონტაქტები შეზღუდული გვაქვს, მნიშვნელოვანია, რომ თუკი ბავშვისთვის საყვარელი ადამიანები ვერ ახერხებენ ფიზიკურად ბავშვის გვერდით ყოფნას, ალტერნატიული ფორმით, თუნდაც სატელეფონო კავშირის გამოყენებით იქონიონ კავშირი ბავშვთან.
  • წინასწარ მიაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რას უნდა მოელოდეს პანაშვიდების დროს. მაგ. „ადამიანები მოვლენ ჩვენთან. სევდიანი სახეები ექნებათ და გვეტყვიან „ვწუხვარ“ ან „ვიზიარებ თქვენს მწუხარებას“ ან რაიმე მსგავს სიტყვას. ჩვენ შეგვიძლია ვუთხრათ „გმადლობ“. „შენ შეგიძლია ჩემ გვერდით იყო და ხელი მომკიდო, თუ მოგინდება. შეგიძლია მეორე ოთახშიც გახვიდე ბავშვებთან ერთად, როცა ამის სურვილი გექნება“. ასევე, მიაწოდეთ ინფორმაცია დასაფლავების შესახებ და თუკი ბავშვი დაგისვამთ შეკითხვას, რა ხდება სიკვდილის შემდეგ, თქვენი რწმენისა და ხედვის შესაბამისად მიაწოდეთ ინფორმაცია. თუმცა, გასათვალისწინებელია ის, რომ განსაკუთრებით სკოლამდელ ასაკში, ბავშვები ჩვენს ნათქვამს სწორხაზოვნად იღებენ. ამდენად, ისეთი სიტყვები, როგორიცაა „ცაშია და გვიყურებს“ და სხვა მსგავსი შინაარსის ფრაზები, შესაძლოა, შფოთვის წყარო გახდეს მათთვის. 
  • შეეცადეთ შეუნარჩუნოთ დღის რუტინა. ოჯახის წევრის გარდაცვალების შემდეგ, როგორც წესი, გარკვეული ხნით ირღვევა ბავშვის ყოველდღიური რუტინა. მით უფრო, თუკი გარდაცვლილი აქტიურად იყო ჩართული ბავშვის მოვლისა და მასზე ზრუნვის საკითხებში. დარღვეული რუტინა დამატებითი სტრესია ბავშვისთვის. ამდენად, შეეცადეთ, რამდენადაც მოხერხდება, შეუნარჩუნოთ მისი ყოველდღიური აქტივობები.
  • ჰკითხეთ როგორ გრძნობს თავს. თუკი არ ფლობს ინფორმაციას ემოციების შესახებ და არ იცის, როგორ მოახდინოს ემოციების სახელდება და გაზიარება, მოკლედ, თუმცა გასაგებად აუხსენით, რომ ამ ამბავმა შეიძლება მასში სხვადასხვა ემოცია გამოიწვიოს, როგორიცაა სევდა, ბრაზი და ა.შ. (მოკლედ აუხსენით რომელი ემოცია რას გულისხმობს. შეგიძლიათ მაგალითებიც მოუყვანოთ) და რომ თქვენც გაქვთ ასეთი ემოციები. უთხარით, რომ შეუძლია ნებისმიერ დროს მოგმართოთ კითხვით ან უბრალოდ ამ თემაზე სასაუბროდ ანდაც სულაც იმ დროს, როცა თქვენთან ყოფნა მოუნდება.  
  • მოუსმინეთ, თუკი მოისურვებს რაიმე გაგიზიაროთ მის დანაკარგთან დაკავშირებით, თუნდაც არ იყოს ეს მარტივად მოსასმენი და ვინმეს დადანაშაულებასაც მოიცავდეს. პირველ რიგში მშვიდად მოუსმინეთ. ამ დროს ეცადეთ ისეთი გამომეტყველება გქონდეთ, რომ ბავშვს დარჩეს განცდა, რომ თქვენ გაქვთ ერთი მხრივ სურვილი და მეორე მხრივ ძალა, რომ დაიტიოთ მისი ემოციები. ხანდახან ის რჩევის საკითხავად ან ახსნის მისაღებად არ წამოიწყებს თქვენთან საუბარს. შესაძლოა, მას უბრალოდ საკუთარი ტკივილის გაზიარება სურდეს. ამდენად, მოუსმინეთ, აგრძნობინეთ სითბო, შეგიძლიათ ჩაეხუტოთ და უთხრათ, რომ გესმით, ხვდებით რამხელა ტკივილთან/სევდასთან/ბრაზთანაა დაკავშირებული მისთვის ეს ამბავი. შეგიძლიათ უთხრათ, რომ თქვენც სევდიანი ხართ ხოლმე ამის გამო ხანდახან. მხოლოდ ამის შემდეგ შესთავაზეთ კონკრეტული დახმარება. მინიმუმ შეგიძლიათ შესთავაზოთ ის, რომ რადგან ატყობთ, რომ ემოციების გაზიარების შედეგად თავს შედარებით უკეთ გრძნობს, კიდევ მოგმართოთ, როცა თავს ცუდად იგრძნობს. ან შეგიძლიათ კონკრეტული სტრატეგია შესთავაზოთ, თუკი ატყობთ, რომ ბავშვს უჭირს რომელიმე ემოციასთან გამკლავება ან ისეთი ფორმით ცდილობს გამკლავებას, რაც მას აზიანებს. მაგ. შეგიძლიათ უთხრათ, რომ თქვენ გეხმარებათ კონკრეტული სტრატეგია. მაგ. როდესაც გენატრებათ გარდაცვლილი ოჯახის წევრი, მის ფოტოებს ათვალიერებთ და შესთავაზოთ, თავადაც მოსინჯოს ეს სტრატეგია. შეთავაზებული სტრატეგია მარტივად შესასრულებელი უნდა იყოს ბავშვის მიერ. მაგ. ფოტოების ალბომი ბავშვისთვის ხელმისაწვდომ ადგილას შეგიძლიათ შეინახოთ ისე, რომ დამოუკიდებლადაც შეძლოს გადმოღება და უთხრათ, სად შეინახავთ. ასევე, შეგიძლიათ მოსმენისა და მისი ემოციების გაზიარების შემდეგ, თავად შესთავაზოთ რაიმე სასიამოვნო აქტივობაში ჩართვა. მაგ. სასეირნოდ წასვლა, რაიმეს გამოძერწვა და სხვ.
  • არ დაადანაშაულოთ უსიამოვნო ემოციების ქონის გამო. არც გაუუფასუროთ მისი ტკივილი. არც ირიბად მიანიშნოთ, რომ მისგან ელით იმას, რომ არ ჰქონდეს უსიამოვნო ემოციები. 
  • ხანდახან ბავშვები თავს იდანაშაულებენ საყვარელი ადამიანის გარდაცვალების გამო, განსაკუთრებით სკოლამდელ ასაკში. შეეცადეთ, გარკვევით უთხრათ, რომ მათი ბრალი არაა ადამიანის სიკვდილი და მათ არაფერი შეეძლოთ გაეკეთებინათ საყვარელი ადამიანის გარდაცვალების თავიდან ასარიდებლად. უთხარით, რომ მართალია ახლა სევდას და სხვა მტკივნეულ ემოციებს განიცდის ბავშვი, ისევე როგორც თავად (მშობელი), მაგრამ გარკვეულ ხანში თავს უკეთ იგრძნობენ. ემახსოვრებათ გარდაცვლილი ადამიანი, რომელსაც ის უყვარდა და უნდოდა, რომ მას თავი კარგად ეგრძნო. 
კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5