Skip to content Skip to sidebar Skip to footer

“დედამიცის” ესაუბრება აკაკი ბურკაძე – ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, მენტალ ჰაბის დამფუძნებელი.

გვესაუბრეთ წარმატების ფენომენზე, რომელიც ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია. რა შეიძლება ჩაითვალოს წარმატების მიღწევის გზაზე მთავარ ინსტრუმენტად?

წარმატების სურვილი ყველა ადამიანს აქვს, თუმცა მისი მნიშვნელობა ყველასთვის სხვადასხვაგვარია. წარმატების მარტივი განმარტება შესაძლოა ასე ჟღერდეს – თანაფარდობა  იმას შორის, რაც გვაქვს და რაც გვინდა გვქონდეს. 

ვფიქრობ, წარმატებას განსაზღვრული სტანდარტები არ აქვს, რადგან მისი აღქმა სუბიექტურია. თუმცა, წარმატებული ადამიანის ერთ-ერთი პროტოტიპის წარმოსადგენად რამდენიმე საკითხზე გავამახვილებდი ყურადღებას: დასახული მიზნების სიცხადე და რეალისტურობა; თვითგანვითარებაზე მუდმივი ზრუნვა; თვითდისციპლინა და თვითრეფლექსურობა; კონცენტრაცია ძალისხმევაზე და არა ბუნებრივ შესაძლებლობებზე; ღიაობა ცვლილებებისადმი და ლავირების უნარი; გარშემომყოფების და საკუთარი ემოციების იდენტიფიცირება. 

მშობლებს  აქვთ სურვილი გაზარდონ წარმატებული ბავშვი, ხშირად ეს მათ თვითმიზნად იქცევა ხოლმე. ხომ არ იჩაგრება ამ დროს ბავშვის ინტერესები?

ხშირ შემთხვევაში მშობლები საკუთარი მიზნების პროექცირებას ახდენენ შვილებზე. ამის მიზეზი ის არის, რომ მშობლებს უჭირთ ბავშვების ცალკე ინდივიდებად აღქმა და ფიქრობენ, რომ მათი ინტერესები და სურვილები ბავშვის ინტერესებს და სურვილებს ემთხვევა. ასეთ დროს ბავშვი იჩაგრება, რადგან მისი ინტერესები და სურვილები უკანა პლანზე გადადის ან საერთოდ არ არის გათვალისწინებული.  მშობლის/მშობლების მხრიდან მსგავსი დამოკიდებულების არსებობისას შეიძლება დავუშვათ ორი შემთხვევის არსებობა: ბავშვი  იღებს პროექციას და პროექცირებული იდენტობით განაგრძნობს განვითარებას, ან  უარყოფს მას, რასაც მოსდევს კონფლიქტი მშობელთან/მშობლებთან. მეორე შემთხვევაში, შეიძლება ბავშვს ჩამოუყალიბდეს ძლიერი წყენა მშობლის მიმართ, რამაც  სახლიდან წასვლის, მშობელთან/მშობლებთან გაყრის სურვილი გამოიწვიოს. 

იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც პროექციას პრაქტიკული შედეგი მოაქვს, ანუ ბავშვი მაღალ კოეფიციენტებს იმსახურებს სწავლაში, სხვადასხვა კომპეტენციების განვითარებაში და ა.შ, მიღწევა დიდ ზეწოლასთანაა დაკავშირებული, რომელიც ბავშვს აიძულებს მშობლის მოლოდინებით იცხოვროს, უარი თქვას საკუთარი იდენტობის განვითარებაზე, რაც, რასაკვირველია, არ შეიძლება პოზიტიურად შეფასდეს. 

 როგორ შეიძლება წავახალისოთ ბავშვი ამ პროცესში?

კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანის გონების არქიტექტურას აყალიბებს გამოცდილება. ამიტომ მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს, თუ რა გამოცდილებას იღებს ბავშვი მშობლებისგან. პირველ რიგში, აუცილებელია მოარიდოთ ის კონფლიქტურ გარემოს და სტრესულ სიტუაციებს, ასწავლოთ ემოციების რეგულაცია. ამის ათვისება თამაშით ან სავარჯიშოებით არ ხდება. ბავშვი მშობლებზე დაკვირვებით სწავლობს ემოციების კონტროლს, ანუ მშობელი მისი როლური მოდელია.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ბავშვს ჰქონდეს ავტონომიის, დამოუკიდებელი მოქმედების გამოცდილება. თუ გსურთ შეუქმნათ მას მოტივაცია მაგალითად სწავლის დროს, ნუ შესთავაზებთ ერთჯერად „ჯილდოს“, ეს დიდი ხნით არ იმუშავებს. უმჯობესია აჩვენოთ გამოწვევის გადალახვის და მიღწევის მაგალითი და მისცეთ შესაძლებლობა თავად გამოსცადოს ეს მდგომარეობა. 

ამასთანავე, აუცილებელია ბავშვს ჰქონდეს შექების გამოცდილება, ნაყოფიერად შესრულებული სამუშაოსთვის, ქცევისთვის. ეს მას თვითშეფასების განვითარებაში დაეხმარება. ყურადღება უნდა მიექცეს იმასაც, თუ როგორ ხდება შექება: “რა მაგრად თამაშობ ფეხბურთს” ან “როგორი ჭკვიანი ხარ” მსგავსი ფრაზები ხელს უწყობს ფიქსირებული აზროვნების ჩამოყალიბებას, რაც  ბავშვებს  გარეკვეულ ჩარჩოში აქცევს. უმჯობესია უთხრათ – “მეამაყება, როგორ მონდომებით იმუშავე” ან “ვხედავ, რომ მწვრთნელის შენიშვნები გაითვალისწინე” – მსგავსი ტიპის ფრაზები   განვითარებაზე ორიენტირებულ აზროვნებას აყალიბებს, რაც წარმატებისთვის მნიშვნელოვანი უნარია.

რა კომპეტენციები თამაშობს მნიშვნელოვან როლს წარმატების მიღწევაში?

წარმატების მზა რეცეპტი არ არსებობს, ამიტომ რამდენიმე მაგალითს შემოგთავაზებთ, რომელთა განზოგადება შეიძლება დაგეხმაროთ წარმატების საიდუმლოს ამოცნობაში. ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევები აჩვენებს, რომ წარმატების მიღწევაში დიდ როლს ასრულებს სოციალური კომპეტენციები, რომელთაც მიეკუთვნება მაგალითად  სიტუაციის შეფასება, ქმედების განსაზღვრა, ადაპტაცია, ინტერაქცია და ა.შ. ამ უნარების ათვისება ხდება სოციალიზაციის პროცესში, რაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოჯახი, საგანმანათლებლო ინსტიტუტები და გარემო. ამასთანავე, წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია რეალისტური და მოკლევადიანი მიზნების დასახვა, რომლებიც მოლოდინს შედეგთან შესაბამისობაში მოიყვანს. გარდა ამისა, წარმატება მოითხოვს ძალისხმევას, რაც იმას ნიშნავს, რომ პრობლემების არიდების ნაცვლად მათი გადალახვაზე მუშაობაა საჭირო. 

რა შეცდომებს ვუშვებთ მშობლები, როდესაც ვცდილობთ “წარმატებული” შვილები გავზარდოთ?

მშობლები, ცნობიერად თუ არაცნობიერად ბევრ შეცდომას უშვებენ ბავშვის აღზრდის პროცესში. რამდენიმე მათგანზე გავამახვილებ ყურადღებას.  გამოწვევებთან  გამკლავება ბავშვობიდან იწყება და  გამკლავების სტრატეგიების ფორმირებაც სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება. მშობლების ნაწილს ჰგონია, რომ თუკი ბავშვს უბიძგებენ თვალი დახუჭოს შიშის ემოციაზე და წარმატების მისაღწევად მის გამბედაობას წაახალისებენ შემდეგი ფრაზებით – „ეს არაფერია!“, „ამის გამო ტირილი შეიძლება?“, „როგორი მშიშარა ხარ“ – ამით ემოციური სიძლიერის გამომუშავებაში დაეხმარებიან. თუმცა, ეს მიდგომა არასწორია. აუცილებელია გამოვხატოთ თანაგრძნობა და ვკითხოთ რას გრძნობენ, ავუხსნათ რომ ასეთი გრძნობების ქონა მისაღებია და ვასწავლოთ როგორ გადალახონ შიში. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ნებისმიერი სიახლის შეთავაზება მოხდეს მშვიდ, კეთილგანწყობილ გარემოში, რაც ბავშვებში ცვლილებებისადმი ღიაობას ავითარებს და ადაპტაციის უნარს აუმჯობესებს. ხშირად დაშვებული შეცდომაა ბავშვების შეცდომებისგან დაცვა, ჰიპერმზრუნველობა. მშობელმა უნდა იცოდეს საკუთარი ლიმიტები შვილთან ურთიერთობაში და უნდა განსაზღვროს რა დროს ჩაერიოს და რა დროს არა. მაგალითად, თუ ბავშვის საშინაო დავალებებს ამოხსნით, იდეალური შედეგის მისაღწევად, ამ დროს მას წაახალისებთ დარჩეს პასიური და სხვაზე დამოკიდებული. უმჯობესია თუ ასწავლით როგორ ისწავლოს და მისცემთ შეცდომების დაშვების უფლებას. შეცდომა წარმატების მიღწევის ნაწილია.

“იმისთვის, რომ ადამიანებს ვუყვარდე, ბევრს უნდა მივაღწიო.”-შეიძლება ასე ფიქრობდეს ბავშვი და თუ ის ასე ფიქრობს , რამდენად დამაზიანებელი შეიძლება იყოს მისთვის?

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის კვლევები აჩვენებს, რომ სითბოს გამოხატვა ხშირად კომპეტენციასთან ნეგატიურ კორელაციაშია. ანუ, წარმატება არ არის ერთადერთი განმაპირობებელი ფაქტორი ადამიანებს ვუყვარდეთ და ჩვენ მიმართ დადებითად განეწყონ. რა მოხდება, როცა ბავშვი ამას აღმოაჩენს? პერფექციონისტული ხედვების წახალისებით მშობელი მხოლოდ იმას მიაღწევს, რომ ბავშვის მოლოდინი რეალობასთან აცდენილი იქნება, რაც მის თვითშეფასებაზე ნეგატიურად იმოქმედებს. მშობლებს ვურჩევდი, მხოლოდ ისეთი მოლოდინები შეუქმნან შვილებს, რომლებიც მიღწევადია, რომელთა რეალიზება განვითარების კონკრეტულ ეტაპზე, მათ შესაძლებლობებში შედის.

და მაინც, რადგან მშობლებს და ზოგადად, ადამიანებს წარმატება გვხიბლავს, როგორი  იქნება თქვენი რჩევა  წარმატებული ადამიანის გასაზრდელად?

ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემა რთულია, ამიტომ ზოგად რჩევებს მოგაწვდით. პირველ რიგში, მოერიდეთ ბავშვებში პროექციების გადატანას და დაეხმარეთ მათ საკუთარი ინტერესებისა და სურვილების ამოცნობაში. მიაჩვიეთ ბავშვი დისციპლინას და დაუწესეთ საზღვრები, ამ დროს კი არ დაგავიწყდეთ, რომ ისინი პატივს სცემენ ავტორიტეტულ მშობლებს და არა ავტორიტარებს. შეუქმენით ბავშვებს უსაფრთხო, მზრუნველი გარემო, სადაც დაინახავენ საკუთარ საჭიროებას. ჩართეთ საშინაო საქმეებში, ეს მათ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას ასწავლის. შენიშვნის მიცემისას აქცენტი გააკეთეთ ბავშვის ქცევაზე და არა მის პიროვნებაზე. მაგალითად: „არ მომეწონა, რომ დაიყვირე“, უკეთესად გამოხატავს თქვენს შენიშვნას, ვიდრე „როგორი აგრესიული ხარ!“ სწავლის პროცესში განუვითარეთ ბავშვს მოტივაცია, მოუსმინეთ მას და გაიზიარეთ მისი ემოციები. არ არის სასურველი ზედმეტი კონცენტრაცია ნიშნებზე. ასეთ დროს ბავშვი მუდმივ მცდელობაშია მშობელს ასიამოვნოს, მოიპოვოს აღიარება, რაც შეიძლება მომავალში შფოთვითი აშლილობის ჩამოყალიბების მიზეზიც კი გახდეს. აგრძნობინეთ ბავშვს მხარდაჭერა მაშინაც, როცა შეცდომას დაუშვებს და მიეცით სტიმული ისწავლოს საკუთარი შეცდომებისგან.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5