ბავშვებში ძილის პრობლემების და ჯანმრთელი ძილის რუტინის ჩამოყალიბებაზე “დედამ იცისს” ესაუბრება პედიატრი ანა მაღრაძე.
როგორ მოქმედებს ძილის პრობლემები ბავშვის განვითარებაზე?
ძილი არის ერთ-ერთი აგური და საშენი მასალა ბავშვის როგორც ფიზიკურ, ასევე მენტალურ და ფსიქოლოგიურ ზრდა-განვითარებაში.
ძილს აქვს უმნიშვნელოვანესი როლი, რათა ბავშვს ჰქონდეს ადეკვატური რეაქციები – სწორად აღიქვას და გამოხატოს დადებითი თუ უარყოფითი ემოცია. ძილის დარღვევა მოქმედებს ბავშვის ემოციურ სფეროზე, ხასიათზე, ათვისების უნარზე, მადაზე, მათ ქცევაზე, ქმნის დასწავლის და მეხსიერების პრობლემებს, ბავშვები უფრო ჰიპერაქტიური, აგზნებული და ჭირვეულები ხდებიან, ასევე მათ ექმნებათ კვებითი პრობლემები – კვლევების თანახმად ძილის დარღვევა აქვეითებს ბავშვების იმუნურ სტატუსს, ასეთ ბავშვებში უფრო მეტად ვითარდება დიაბეტი, იმატებს ალერგიული ფონი და მეტია ავადობის შემთხვევები..
რამდენი საათი უნდა ეძინოს ერთი წლიდან სამ წლამდე ბავშვს დღე-ღამის განმავლობაში?
ამერიკის პედიატრთა ასოციაციის კვლევის თანახმად, ძილის პრობლემები აღენიშნებათ ამ ასაკობრივი კატეგორიის ბავშვთა ~30-50%-ს. 1-3 წლამდე ასაკის ბავშვს 24 სთ-ში დაახლ. 10-11 სთ უნდა ეძინოს გადაბმულად (ღამის ძილი).
დღისით – შუადღის ძილს რაც შეეხებაა – ეს აბსოლუტურად ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს – ბავშვთა დაახლოებით 10-20%-ს არ აქვს შუადღის ძილის მოთხოვნილება და ამ შემთხვევაში არ არის რეკომენდირებული მათი ძალით დაძინების მცდელობა. თუ ბავშვს აქვს ძილის მოთხოვნილება – ის ხდება ჭირვეული შუადღის პერიოდში, ვეღარ კონცენტრირდება კვებაზე, თამაშზე და ხშირად ჩივიან მშობლები, რომ ამ დროს ვერ ახერხებენ ბავშვის დაძინებას…
როგორ დავეხმაროთ პატარას სწორი ძილის რუტინის ჩამოყალიბებაში?
ბავშვის ჩაძინების პროცესი არის რუტინა, რომელიც უნდა იყოს ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს, ერთნაირ მშვიდ და ძილისთვის შესაფერის გარემოში მშობლების მაქსიმალური ჩართულობით და საწყის პერიოდში მეტი ძალისხმევით განხორციელებულ ქმედებათა ჯაჭვი:
1. ძილის წინ ბავშვი უნდა იყოს ჩართული მშვიდ და “უწყინარ” – არააგრესიულ თამაშებში და არ უნდა გააღიზიანოთ.
2. ბავშვი უნდა შეეჩვიოს ძილის წინ ჰიგიენას – ბანაობას, კბილების გაწმენდას და ა.შ.
3. ვახშამი უნდა დაასრულოთ დაძინებამდე მინ. 1.5-2 სთ ადრე.
3. აუცილებლად ჩააცვით საღამურები (პიჟამო), რომ ჰქონდეს განწყობა ძილისთვის.
4. დაძინებამდე 3-4 საათით ადრე გამორთეთ ციფრული ტექნიკა (ამ ასაკის ბავშვი ისედაც არ უნდა უყურებდეს კომპიუტერს, პლანშეტს და მით უმეტეს სმარტფონებს) და ეცადეთ წაიკითხოთ, დახატოთ, გააფერადოთ, კუბები ააწყოთ და ა.შ.
5. ბავშვი დასაძინებლად შეიყვანეთ ზუსტად ერთსა და იმავე დროს ყოველდღე , მსუბუქი განათების მქონე საძინებელში, სადაც არის სიმშვიდე, უმღერეთ “იავნანა” ან მსგავსი მშვიდი სიმღერებს, წაუკითხეთ ზღაპრები და შეუქმენით მშვიდი და მისთვის საინტერესო გარემო.
6. ბავშვი დასაძინებლად შეიყვანეთ არა იმ დროს, როდესაც ჩამოეძინა, არამედ იმ დროს როდესაც მას ეწყება ძილის მოთხოვნილება და თუ თავიდანვე ყოველდღე დაარეგულირებთ ჩაძინების პროცესს ბავშვს ძილის პრობლემები არ შეექმნება.
რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა ბავშვის ნორმალური ძილისთვის?
ფიზიკური აქტივობა, სუფთა ჰაერზე სეირნობა, თანატოლებთან ურთიერთობა და თამაში – ეს არის ამ ასაკის ბავშვების სამი აუცილებელი პირობა როგორც ძილის, ასევე მათი გონებრივი და ფიზიკური განვითარების საქმეში. თუმცა, ეს პროცედურები უნდა დაიგეგმოს დილით ან შუადღეს და არა უშუალოდ ძილის წინ, რადგან ხშირად თამაშის შეწყვეტა ბავშვებში იწვევს გაღიზიანებას, მათ ისევ სურთ თამაში, ჩვენ ვაიძულებთ სახლში წავიყვანოთ და ამას ისინი მწვავედ განიცდიან, ამიტომ ეცადეთ დილით ან დაძინებამდე 3-4 სთ-ით ადრე აუცილებლად გაიყვანოთ ბავშვები სუფთა ჰაერზე, რათა მათ ჯანსაღად დახარჯონ ენერგია .