სპეციალისტების აზრით ორსულობის დაგეგმვა ჯანსაღი ორსულობის მიღების და განვითარების შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის, ამიტომ წყვილებს მოუწოდებენ ერთად დაგეგმონ ვიზიტი სპეციალისტთან და გაითვალისწინონ მათი რჩევები. გერმანიის ქალაქ ჰერფორდის, კლინიკა “ჰერფორდის” მეან-გინეკოლოგი ლევან ძოწენიძე გვესაუბრება სასურველი ორსულობის დაგეგმვის გზებზე და იმ საფრთხეებზე, რომელიც შეიძლება თავიდან აირიდოს წყვილებმა.
არის თუ არა საჭირო წინასწარი გამოკვლევების ჩატარება წყვილისთვის, როდესაც ისინი შვილის გაჩენას გადაწყვეტენ?
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ წინასწარი დაგეგმვა ჯანსაღი ორსულობის მიღებისა და განვითარების შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის.
სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ სასურველია წყვილმა მიიღოს სპეციალისტის კონსულტაცია ორსულობის დადგომამდე, რაც მათ ჯანსაღი ორსულობის მიღებაში დაეხმარება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქალის ასაკი 30-ს აღემატება და/ან აქვს ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემა.
რა გამოკვლევები უნდა ჩაიტარონ წყვილებმა?
1. იმუნიტეტი ნაყოფისთვის სახიფათო ინფექციების მიმართ.
ინფექციების, როგორიცაა ჩუტყვავილა და წითურა, ორსულობაში განვითარება დამაზიანებელია ნაყოფისთვის, ამიტომ ჩასახვამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე უნდა მოხდეს ამ ინფექციების მიმართ იმუნიტეტის დადგენა და მისი არ არსებობის შემთხვევაში ვაქცინაცია.
2. ქრონიკული დაავადებები
თუ სახეზეა ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა მაგ. დიაბეტი, ასთმა, მაღალი არტერიული წნევა და ა.შ. სასურველია დავრწმუნდეთ, რომ მდგომარეობა ექვემდებარება კონტროლს და იმართება შესაბამისი სპეციალისტის მიერ.
3. სასქესო გზით გადამდები დაავადებები
გონორეა, სიფილისი და ქლამიდია ორსულობაში დედისა და ნაყოფისთვის წარმოადგენს საფრთხეს, აქედან გამომდინარე მათი დიაგნოსტირება მნიშვნელოვანია. გარდა ამისა სასურველია გამოკვლეულ იქნას რიგი ს.გ.გ. დ., როგორებიცაა ტრიქომონა, ურეაპლაზმა, მიკოპლაზმა, B და C ჰეპატიტები და აივ-ინფექცია.
4. გენეტიკური კვლევა
ზოგჯერ ოჯახურ ანამნეზში იკვეთება სხვადასხვა გენეტიკური პათოლოგიები, მაგალითად ცისტური ფიბროზი ან ახალშობილის თანდაყოლილი დეფექტები. ასეთ შემთხვევაში სასურველია წყვილმა მიიღოს გენეტიკოსის კონსულტაცია.
ზემოთ აღნიშნული საკითხების გავლა მოხდება გინეკოლოგთან ვიზიტისას და ჩატარდება სტანდარტული გამოკვლევები, როგორიცაა გინეკოლოგიური გასინჯვა, გინეკოლოგიური ულტრასონოგრაფია და საშვილოსნოს ყელის ნაცხი/პაპ-ტესტი, სისხლისა და შარდის ლაბორატორიული კვლევა, რაც გინეკოლოგიური და სხვა პათოლოგიების დროულად აღმოჩენის და მკურნალობის საშუალებას მოგვცემს.
ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენებიდან რა ხნის ვადებში არის სასურველი ორსულობის დაგეგმვა?
ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, უნდა ვიცოდეთ, თუ რა სახის ჰორმონულ კონტრაცეპტივს იყენებს პაციენტი. ჰორმონულ კონტრაცეპტივთა აბსოლუტური უმრავლესობა ორსულობის მიღებას მხოლოდ დროებით და შექცევადად აფერხებს. მათი მოხსნიდან დაორსულებამდე პერიოდი კი სხვადასხვაა. მაგალითად, თუ კომბინირებული ორალური კონტრაცეფციის შეწყვეტიდან უკვე მომდევნო ციკლშია დაორსულება შესაძლებელი, ინექციური კონტრაცეფციის შემთხვევაში ამას რამდენიმე თვე სჭირდება. განსაკუთრებული სიფრთხილე და დისტანცირება კონტრაცეპტივის მიღებიდან ორსულობამდე არ არის აუცილებელი, რადგან ამ ნივთიერებათა უმრავლესობას არ გააჩნიათ ტერატოგენული ეფექტები, ანუ არ ახასიათებთ ნაყოფის ანომალიების განვითარება. საინტერესო შედეგს გვთავაზობს დანიური კვლევა, რომელშიც 900 000 მდე ქალი იქნა პროსპექტულად შესწავლილი. მათმა ნაწილმა კონტრაცეპტივის გამოყენება შეწყვიტა დაორსულებამდე რამდენიმე თვით ადრე, ნაწილი იღებდა ორსულობამდე, ხოლო ნაწილი იღებდა ორსულობის განმავლობაშიც (!). შეისწავლეს ნაყოფის განვითარების ანომალიები და აღმოჩნდა, რომ განსხვავება ამ ჯგუფებს შორის საერთოდ არ იყო. ხანდახან მიკავშირდებიან შეშინებული პაციენტები, რომელთაც არ იცოდნენ ორსულობის შესახებ, იღებდნენ კონტრაცეპტივს და არ იციან ახლა ნაყოფი საფრთხეშია თუ არა. მინდა ასეთ სიტუაციაში მყოფი ქალბატონები დავამშვიდო და ვუთხრა, რომ მათ ნაყოფს ამის გამო საფრთხე არ ემუქრება.
როგორი რეჟიმით უნდა იცხოვრონ, რას უნდა მიაქციონ ყურადღება წყვილებმა ამ პერიოდში განსაკუთრებით ?
სწორი კვება, ჯანსაღი, საკმარისი ხანგრძლივობის ძილი და ფიზიკური აქტივობა ზოგადად ჯანმრთელობის უმთავრესი წინაპირობაა და მათი დახმარებით უამრავი დაავადების პრევენციაა შესაძლებელი. ორსულობის წინ და მისი მიმდინარეობისას ისინი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენენ და გვეხმარებიან წონისა და სტრესის სწორ მენეჯმენტში, რასაც ვერ ვიტყვით ალკოჰოლსა და ტოქსიკურ ნივთიერებებზე. არსებობს სარწმუნო მტკიცებულებები, რომ ეს უკანასკნელნი ორსულობის განმავლობაში ზიანს აყენებენ ნაყოფს და რეკომენდებულია მათგან თავის შეკავება. გარდა ამისა, მომავალი დედებისთვის ნაყოფის ნერვული მილის დეფექტების პრევენციის მიზნით, ორსულობის დაგემვისთანავე, აუცილებელია ფოლიუმის მჟავის მიღების დაწყება და მისი გაგრძელება ორსულობის 12 კვირის ვადამდე.
პრეკონცეპტუალური ჯანმრთელობა შეუფასებელი საჩუქარია მომავალი შვილისთვის, რაც მას თავიდან ააცილებს ნაადრევად დაბადებას, დაბალ სამშობიარო წონას და სხვა პათოლოგიებს და მისცემს საუკეთესო შანსს ქვეყანას მოევლინოს ჯანმრთელი პატარა.