ლაქტაციის მრჩევლის შორენა ლაღაძის ბლოგი
შესაძლოა, თქვენი პატარას ძუძუთი კვება წარუმატებლად დაიწყო (ასე ბევრ ქალს ემართება) და გადაწყვიტეთ რძე გაგეშროთ. მოგვიანებით, შეიძლება ისევ მოგინდეთ, ბავშვს ძუძუ აწოვოთ. გაინტერესებთ, შეძლებთ თუ არა?
ან შესაძლოა, თქვენ და თქვენი ბავშვი დაშორდით სამედიცინო პრობლემების გამო, ვეღარ შეძელით ძუძუთი კვების გაგრძელება და გსურთ ისევ სცადოთ. გაინტერესებთ, შეძლებთ თუ არა?
ასევე, შეიძლება, პატარა შვილად აიყვანეთ ჩვილ ასაკში, ან სუროგატ დედას გააჩენინეთ. მაგრამ გინდათ, საკუთარი რძით კვებოთ. გაინტერესებთ, შეძლებთ თუ არა?
თქვენი პატარა შერეულ კვებაზეა? ამ დროს მკერდში რძე ძალიან ცოტა გექნებათ. გინდათ რძის რაოდენობა გაზარდოთ და გაინტერესებთ, შეგიძლიათ თუ არა?
მზად ხართ კარგი სიახლისთვის? ამის გაკეთება შესაძლებელია!
რელაქტაცია ნიშნავს ძუძუთი კვების შეწყვეტის შემდეგ ამ პროცესის თავიდან დაწყებას და სამედიცინო თვალსაზრისით შესაძლებელია. ამის ათასობით კარგი მაგალითი არსებობს. ქვემოთ მოცემული რჩევები ასევე გამოადგებათ დედებს, რომლებსაც ჩვილები შერეულ კვებაზე ჰყავთ ან ბოთლით კვებიდან ძუძუზე გადაყვანა სურთ.
გაფრთხილება: თუ ძუძუთი კვება თქვენთვის სტრესია ან არასასიამოვნო პროცესი, ის ვერ იქნება წარმატებული. დარწმუნდით, რომ თქვენი და თქვენი შვილის ჯანმრთელობისთვის ზრუნვა არ ემსგავსება მსხვერპლშეწირვას. გაესაუბრეთ ფსიქოლოგს.
მთავარია რეალისტური მოლოდინები გქონდეთ, იცოდეთ რამდენიმე ხრიკი წარმატების შანსების გასაზრდელად, გქონდეთ მტკიცე ნებისყოფა და ოჯახის წევრების მხარდაჭერა.
როდესაც რელაქტაციას გადაწყვეტთ, მნიშვნელოვანია გესმოდეთ, რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია და ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. ზოგიერთ ქალს რამდენიმე კვირაში შეუძლია რძის უკან დაბრუნება, ზოგს ცოტა მეტი დრო დასჭირდება, ზოგი კი ვერასდროს შეძლებს ისევ მოიყვანოს რძე მკერდში.
არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს რამდენად წარმატებული იქნება თქვენი რელაქტაციის პროცესი:
რაც უფრო პატარაა თქვენი ბავშვი, მით უფრო ადვილია გამშრალი რძის უკან დაბრუნება. დედებს, რომლებსაც 3–4 თვემდე ჩვილები ჰყავთ, როგორც წესი, ყველაზე მაღალი წარმატების მაჩვენებელი აქვთ.
რაც უფრო მაღალხარისხიანი იქნება მკერდის ელექტრო ტუმბო, რომელიც რელაქტაციის დროს უნდა გამოიყენოთ და რაც უფრო მეტ დროს დაუთმობთ მკერდის სტიმულაციას (20წუთიანი გამოტუმბვები ყოველ 2 საათში, დღეც და ღამეც), მით უფრო ადვილად მიაღწევთ წარმატებას.
რაც უფრო მეტად დააინტერესებს თქვენს პატარას ძუძუთი კვება, მით უფრო ადვილი იქნება ეს პროცესი. ამისათვის, ხშირად გახადეთ ბავშვს სრულად (დატოვეთ საფენში), გაიხადეთ თქვენც წელს ზემოთ და დაისვით პატარა შიშველ მკერდზე. კანით კანთან კონტაქტის მსგავსი ეპიზოდების შემდეგ, შესთავაზეთ მას ძუძუ. აუცილებლად დააკვირდით, როგორ ეჭიდება ის ძუძუს. ეს ძალიან ბედნიერი, ამაღელვებელი პროცესია დედისათვის, მაგრამ ეცადეთ, მაქსიმალურად მოთოკოთ ემოციები, რადგან თქვენი ღელვა პატარაზე უარყოფითად აისახება.
რაც უფრო ინფორმირებული ხართ იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს თქვენი სხეული რძის გამომუშავებისათვის, მით უფრო მეტ წარმატებას მიაღწევთ ამ პროცესში.
რაც უფრო მეტი დახმარება გექნებათ ოჯახის, მეგობრებისა და ჯანდაცვის მუშაკებისაგან, მით უფრო გაიზრდება წარმატების ალბათობა და არ დანებდებით.
რა დრო სჭირდება რელაქტაციას?
თითოეული ადამიანის სხეული განსხვავებულად რეაგირებს რელაქტაციის მცდელობებზე. მინიმუმ 2 კვირა და მაქსიმუმ 1 თვე – ეს ის დროა, რაც ძუძუში რძის კვლავ დაბრუნებას სჭირდება.
რელაქტაციის დროს აუცილებელია მკერდის სტიმულაცია მიუხედავად იმისა, გამოდის თუ არა გამოტუმბვის დროს რძე. გამოტუმბვის თოთოეული სესია ‘’ეტყვის’’ თქვენს სხეულს, რომ მეტი რძე უნდა გამოიმუშაოს. როგორც ზემოთ დავწერე, აუცილებელია მკერდის გამოტუმბვა ელექტრო ტუმბოთი დღეში 8-12-ჯერ, ყოველ 2-3 საათში. მინიმუმ, ერთხელ მაინც ღამით.
როდესაც ტუმბოს ბოთლში თქვენ წვეთებს დაინახავთ, ჩათვალეთ რომ წარმატებას მიაღწიეთ.
შეეცადეთ, გამოტუმბვასთან ერთად ბავშვს შესთავაზოთ ძუძუ ძილში, ძილის წინ, ახალგაღვიძებულს, აბაზანის შემდეგ. დააკვირდით მოჭიდებას. გაატარეთ ბევრი დრო ბავშვთან კანით კანთან კონტაქტში; ეს ზრდის პროლაქტინის დონეს, რამაც შეიძლება გაზარდოს თქვენი რძის გამომუშავება. მიიღეთ ძუძუთი კვების ან გამოტუმბვის დროს ნებისმიერი სითხე ლუდისა და შავი ჩაის გარდა.
რელაქტაციის დროს ხშირად მიირთვით შვრიის ფაფა, ცერეცო, კამა, ცერეცოსა და კამის ჩაი, მეძუძურის ჩაი. თუმცა, მათი ეფექტურობა სრულად დამტკიცებული არაა.
ეცადეთ, იყოთ მშვიდად. სტრესი ამცირებს პროლაქტინისა და ოქსიტოცინის (რძის გამომუშავებაზე პასუხისმგებელი ჰორმონები) გამოყოფას. მკერდის გამოტუმბვის დროს ამოაცვით საწურის ბოთლს ნაჭერი, რომ არ უყუროთ გრამებს, ჩართეთ სასიამოვნო ფილმი ან მუსიკა, უყურეთ ბავშვს ან ბავშვის ფოტოებს, გაიხსენეთ ცხოვრების ბედნიერი წუთები.
სანამ რელაქტაციას ცდილობთ, გააგრძელეთ ბავშვის გამოკვება ხელოვნური ნარევით. თუ თქვენი პატარა ძუძუს იდებს, შეუმცირეთ ხელოვნური ნარევის რაოდენობა ეტაპობრივად და ბოთლის შემდეგ შესთავაზეთ ძუძუ. ბოთლიდან აჭამეთ შესვენებებით, თითოეული ყლუპის შემდეგ ბოთლი წაართვით და რამდენიმე წამში დაუბრუნეთ, გამოიყენეთ წვრილნახვრეტიანი საწოვარა. როდესაც იგრძნობთ, რომ რძის რაოდენობა გაიზარდა, ამოუგდეთ თითო კვება ფორმულა.
თუ ბევრი მცდელობის შემდეგ ბავშვმა მაინც არ ჩაიდო ძუძუ, ხოლო თქვენ შეძელით რძის რაოდენობის დაბრუნება ან გაზრდა მკერდის ტუმბოთი, შესთავაზეთ პატარას საკუთარი რძე ბოთლით.
რაც მთავარია, გახსოვდეთ – არასოდეს დაელოდოთ მკერდის გადავსებას რძით. პირველი იმიტომ, რომ ბავშვებს უჭირთ გადავსებული მკერდის წოვა და ამის გამო შეიძლება ძუძუზე უარი თქვან. მეორე: ფიზიოლოგიურად, გადავსებულ მკერდში ნაკლები რძე დგება. ნორმალური ლაქტაციის დროს მკერდი ყოველთვის დაჩუტულია, ხოლო გადავსებული ძუძუ – ჰორმონალური დარღვევის ნიშანი. ძუძუთი კვების დროს, ცარიელ მკერდში პატარამ რძე წოვის პროცესში უნდა მოიყვანოს.