მზის ალერგია იმუნური სისტემის რეაქციაა მზის სინათლეზე. მზეზე გასვლიდან 5-10 წუთში კანის ღია უბნებზე ვლინდება ურტიკარიული, წითელი, კანის ზედაპირიდან ამოწეული ელემენტები, რომელსაც შესაძლებელია ახასიათებდეს ქავილი და წვა. როგორ უნდა დავიცვათ პატარები მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან და როგორ შევამციროთ მზიის ალერგიის განვითარების რისკი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ნინო მჭედლიშვილი გვესაუბრება.
პანდემიასთან დაკავშირებით ბევრი დაიწერა იზოლაციაზე, ბევრიც ბავშვებისთვის გარეთ ყოფნის აუცილებლობაზე, როგორია თანამედროვე რეკომენდაცია ბავშვებისთვის მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებასთან დაკავშირებით ?
გარე აქტივობა ბავშვებისთვის განსაკუთრებით აუცილებელია, თუმცა გაზაფხულის და ზაფხულის პერიოდში უნდა გავითვალისწინოთ რომ დავიცვათ პატარები პირდაპირი მზის სხივების ზემოქმედებისგან, რადგან მათი კანი უფრო მეტად მგრძნობიარეა და მცირე პერიოდშიც კი ადვილად შეიძლება განვითარდეს დამწვრობა. როგორც სხვა დამწვრობის დროს, ნამზეურს ახასიათებს კანის გაწითლება, სიმხურვალე, მტკივნეულობა. მძიმე შემთხვევებში, შესაძლოა განვითარდეს კანზე ბუშტუკები, ცხელება, შემცივნება, თავის ტკივილი.
გთავაზობთ ამერიკის პედიატრიული აკადემიის რეკომენდაციებს, როგორ დავიცვათ ბავშვები მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან:
- 6 თვემდე ასაკის ბავშვები დაიცავით მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან, უმჯობესია ასეირნოთ ხის ჩრდილის ქვეშ ან გამოიყენოთ ქოლგა, ჩააცვით თხელი ქსოვილის ტანსაცმელი, რომელიც დაფარავს კიდურებს, დაახურეთ ფართოფარფლებიანი ქუდი რომელიც დაფარავს კისერს. თუ ამის საშუალება არაა, გამოიყენეთ მცირე უბნებზე მზისგან დამცავი კრემი SPF 15 , დაიმახსოვრეთ რომ დაახლოებით მხოლოდ 30 წუთის განმავლობაში იქნება ეფექტური.
6 თვის ზემოთ ასაკის ბავშვები:
- ათამაშეთ ჩრდილში, განსაკუთრებით 10 საათიდან 16 საათამდე.
- ჩააცვით ბამბის ქსოვილის ტანსაცმელი.
- დააფარეთ ფართოფარფლებიანი ქუდი, რომელიც დაიცავს სახეს, ყურებს და კისერს.
- გაუკეთეთ მზის ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი სათვალე.
- სახის და სხეულის ღია უბნებზე წაუსვით მზისგან დამცავი კრემი SPF 15 ან მეტი პოტენციის, ალერგიური რეაქციის შესამოწმებლად თავდაპირველად გამოიყენეთ მცირე უბანზე, ზურგზე, თუ განვითარდა გამონაყარი, დაუკავშირდით ექიმს.
- მზისგან დამცავი კრემი უნდა დაამატოთ ყოველ 2 საათში ერთხელ, ასევე ცურვის და გაოფლიანების შემდეგაც.
გვესაუბრეთ მზის ალერგიაზე. როგორ ვლინდება მზის ალერგია?
მზის ალერგია, „მზისმიერი ურტიკარია“ არის კანის მომატებული მგრძნობელობა მზის ულტრაიისფერ სხივებზე ან ხილვად სინათლეზე. მზეზე გასვლიდან 5-10 წუთში კანის ღია უბნებზე ვლინდება ურტიკარიული, წითელი , კანის ზედაპირიდან ამოწეული ელემენტები, შესაძლებელია ახასიათებდეს ქავილი, წვა, გამონაყარი სრულად ლაგდება დაახლოებით 24 საათში. უფრო ხშირად გვხვდება ე.წ. იდიოპათიური ფოტოდერმატოზების ერთ-ერთი ფორმა პოლიმორფული გამონაყარი სინათლეზე, რომელიც ასევე მზის ალერგიით მოიხსენიება. გამონაყარი არის პოლიმორფული, ანუ სხვადასხვა ტიპის – ვლინდება სიწითლის, პაპულის ( კანის ზედაპირიდან ამოზნექილი მცირე ზომის ელემენტი) შეშუპების, ვეზიკულების ანუ პატარა ბუშტუკების ან ბულების ( დიდი ზომის ბუშტუკი ) სახით. ახასიათებს კანის ძლიერი ქავილი. იშვიათად, ელემენტები შესაძლოა ჰგავდეს მწერის ნაკბენსაც.
საყურადღებოა, რომ გამონაყარი ძირითადად აღინიშნება სხეულის იმ ნაწილებზე, რომელსაც უშუალოდ ხვდება მზის სხივები და ტანსაცმლით არ არის დაფარული, განსაკუთრებით ზიანდება კისრისა და გულმკერის არე, ასევე ზედა კიდურები. ელემენტები ვითარდება მზის სხივის ზემოქმედებიდან როგორც რამდენიმე წუთში, ასევე 24 საათის გასვლის შემდეგაც, ასევე მისი სრულად ალაგების პერიოდი უფრო ხანგრძლივია და რამდენიმე დღეც კი შეიძლება დასჭირდეს. სიმძიმის მიხედვით, შესაძლებელია იყოს, როგორც მსუბუქი ფორმის სიმძიმე, თუმცა ასევე გასათვალისწინებელია, რომ მზის ალერგია არ უნდა აგვერიოს მზის დაკვრაში, თუ კანის გამოვლინებებს თან დაერთო გულისრევა, ღებინება, ტემპერატურა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
მზის ალერგია შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში შეგვხვდეს, თუმცა უპირატესად დამახასიათებელია 20-40 წლის ასაკობრივი ჯგუფისთვის, მზის ალერგიის მიმართ მიდრეკილები არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ ღია ფერის კანი და თმა. ასევე, ის პირები, რომელთაც აღენიშნებათ მშრალი კანი. კანის სიმშრალე წყლის შეკავების დარღვევასთან არის დაკავშირებული, შესაბამისად კანის ბარიერული შრე დარღვეულია და მზის ულტრაიისფერი სხივები განსაკუთრებით მავნედ მოქმედებენ მასზე.
არსებობს გარკვეული ჯგუფის მედიკამენტები, რომლებიც მკვეთრად ზრდიან მზის ალერგიის განვითარების რისკს. ასეთ მედიკამენტებს მიეკუთვნება: სხვადასხვა ჯგუფის ანტიბიოტიკები, ორალური კონტრაცეფტივები, შარდმდენი და ტკივილ გამაყუჩებელი პრეპარატები. ამიტომ მნიშვნელოვანია, თუ პაციენტი მკურნალობს აღნიშნული მედიკამეტებით, თავი შეიკავოს გარუჯვისა და მზის ზემოქმედებისგან, ეს უნდა გაითვალისწინოს როგორც პაციენტმა, ასევე ექიმმა მედიკამენტის დანიშვნის დროს, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოში, ზღვის სეზონზე.
როგორ ვმართოთ მზის ალერგია? რა იქნება თქვენი რეკომენდაციები?
იმისთვის რომ შევამციროთ მზის ალერგიის განვითარების რისკი, აუცილებელია ასაკის შესაბამისი, სწორი რეჟიმის დაცვა. დილის 10 სთ-დან 16 საათამდე მზის ულტრაიისფერი გამოსხივება განსაკუთრებით მავნეა ორგანიზმისთვის, შესაბამისად ამ პერიოდში უნდა მოვერიდოთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედების ქვეშ ყოფნას. სასურველია გამოიყენოთ ბამბის ქსოვილის ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი, რომელიც დაიცავს სახეს, ყურებს და კისერს. ღია უბნებზე გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალება მაღალი ფილტრით, რომელსაც ექნება ულტრაიისფერი A (UVA) და B (UVB) სხივების მიმართ დაცვა . მზისგან დამცავის დატანება უნდა მოხდეს დაახლოებით 20 წთ-ით ადრე მზეზე გასვლამდე და დღის მანძილზე აუცილებელია განმეორებითი გამოყენება, თუმცა დოზირება უმჯობესია დააზუსტოთ თქვენს ექიმთან, რადგან გასათვალისწინებელია პაციენტის ასაკი და მზისგან დამცავი საშუალების შემცველობა. მიმართეთ ექიმს რათა დროულად მოხდეს დიფერენციალური დიაგნოსტიკა, საჭიროების შემთხვევაში სიმძიმის შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობის დანიშვნა.