Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ამბები, რომლებიც ჩვენ გვეხება  – ჩვენია და თავად ვიღებთ გადაწყვეტილებას, მოვყვეთ თუ არა ამის შესახებ ინტერნეტში. მაგრამ, არის თუ არა ჩვენი შვილების ამბებიც ჩვენი, რომელსაც ყოველდღიურად ვაზიარებთ სოციალურ ქსელში? იზოლაციის პერიოდში არაერთი ვიდეო გავრცელდა, რომლის მთავარი ობიექტები ბავშვები არიან.  ერთი შეხედვით უწყინარი ეპიზოდები ბავშვების პირადი სივრციდან, შეიძლება სხვადასხვა საფრთხის მატარებელი გახდეს მათთვის. ფსიქოლოგი ელენე ქორიძე ბავშვების პირადი სივრცის დაცვის აუცილებლობაზე და მისი დაუცველობისგან მომდინარე საფრთხეებზე გვესაუბრება.

იზოლაციის  პერიოდში (და არა მარტო) ბავშვების არაერთი ვიდეო ვრცელდება ფეისბუქზე, რომელიც  ერთი შეხედვით უწყინარი, სახალისო მომენტებია მათი ცხოვრებიდან… რა საფრთხე შეიძლება მოუტანოს მოზარდს ან მცირეწლოვანს ამგვარი ვიდეოების გავრცელებამ მომავალში?

ერთ-ერთი პირველი, რასაც მინდა ხაზი გავუსვა, არის ის, რომ ბავშვის ფუნდამენტურ უფლებებს ვარღვევთ მაშინ, როდესაც მათგან დაუკითხავად ვაქვეყნებთ მათ პირად ფოტოს თუ ვიდეოს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ბავშვებს დაბადებიდან აქვთ უფლება, რომ მათი პირადი სივრცე, პერსონალური მონაცემები იყოს დაცული. ამიტომაც, აუცილებელია, როდესაც გადაწყვეტილებას მივიღებთ და გაგვიჩნდება სურვილი, რომ ჩვენს შვილთან დაკავშირებული რაიმე სიახლე გავაზიაროთ, პირველ რიგში მას ვკითხოთ და მხოლოდ მისი თანხმობის შემდეგ გადავდგათ ეს ნაბიჯი. ბევრი ბავშვისგან მომისმენია თუ როგორ ბრაზობს, როდესაც იგებს, რომ უფროსმა ადამიანმა მისგან დაუკითხავად მისი ისტორია ან ფოტო გამოაქვეყნა საჯაროდ და მაშინაც კი პროტესტის გრძნობა უჩნდება, როდესაც ვინმე დაუკითხავად უღებს ფოტოს. უფროსები ბავშვების “როლური მოდელები” ვართ. თუკი ჩვენ დავიცავთ და პატივს ვცემთ მათ პირად სივრცეს, დაინახავენ, რომ ეს მნიშვნელოვანია და ისწავლიან სხვების პატივისცემას.

ხშირად, როდესაც ვაზიარებთ ბავშვის ფოტოს, მათი თანხმობის შემთხვევაშიც კი, ეს შესაძლოა სხვადასხვა რისკთან იყოს დაკავშირებული და ამას უნდა ვაცნობიერებდეთ. შესაძლოა არც არაფერი მოხდეს, მაგრამ სოციალურ ქსელში დაცული არავინ ვართ. თავი შევიკავოთ ისეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც მოიცავს ბავშვის ადგილსამყოფელს, სკოლას/ბაღს, რომელშიც ის დადის, რა მოსწონს, რა უყვარს. ასევე, მშობლის მიერ გამოქვეყნებული ფოტო შესაძლოა მომავალში ბავშვისთვის ბულინგის სამიზნედ ქცევის რისკი იყოს. მომისმენია შემთხვევა, როდესაც სწორედ მშობლის გვერდიდან აღებული ადრეული ასაკის ფოტო მოხვდა თინეიჯერთა ერთ დახურულ ჯგუფში, სადაც ის გამოქვეყნდა სტატუსის ქვეშ – “ჩვენი სკოლის მახინჯები”. ცხადია მშობელს ეს გათვლა არ ჰქონია და ამაზე არც უფიქრია, თუმცა ფაქტია, რომ ის მოზარდს ბუმერანგივით უკან მოუბრუნდა და თან ძალიან მტკივნეულად. არც ბავშვის გატაცებების და ინტერესების აფიშირებაა უსაფრთხო, რადგან შესაძლოა კარგი სატყუარა აღმოჩნდეს რაიმე ნიშნით დაინტერესებული უფროსი ადამიანის ხელში, მითუმეტეს, რომ ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევების ზრდის ტენდენციაა. ალბათ, ჯობია ასეთ  რისკებზე დავფიქრდეთ სანამ რაიმეს დავდებთ, მოვეკიდოთ ამ საკითხს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით და დავიცვათ ჩვენი შვილები ყველა შესაძლო საფრთხისგან, რამდენადაც ეს შესაძლებელია. 

როგორ  ვასწავლოთ ბავშვებს მათი პირადი სივრცის დაცვა, რაც არაერთი ფაქტორის პრევენციასაც ახდენს მომავალში? 

პირადი სივრცის დაცვა და მისი სწავლება ადრეული ასაკიდან იწყება. როგორც უკვე აღვნიშნე, უფროსები ბავშვების “როლური მოდელები” ვართ. ისინი ჩვენგან ბევრ რამეს სწავლობენ. პირადი სივრცის დაცვა და პატივისცემა კი ერთ-ერთი მათგანია და ძალიან ბევრ რამეში ვლინდება, როგორიცაა: უცხო პირის მხრიდან მოფერება, ჩახუტება, შეხება. თუ დავაკვირდებით, კარგად დავინახავთ, რომ ჩვენს ქვეყანაში კულტურული ნორმაა, ნებისმიერმა უფროსმა ადამიანმა ეს დაუკითხავად გააკეთოს. ლოყაზე ვჩქმეტთ, რადგან საყვარელია, ხელს ვკიდებთ და ვეხუტებით, მაგრამ მნიშვნელოვანია, ბავშვს ვკითხოთ აქვს თუ არა ამის სურვილი. ბავშვისთვის ეს იქნება შემდეგი შინაარსის გზავნილი – “მე მისმენენ”, “ჩემს სურვილებს ითვალისწინებენ”, “მე პატივს მცემენ”, “ჩემი ნების საწინააღმდეგოდ არ იქცევიან”, რაც გავლენას ახდენს მის თვითშეფასებაზე, თავდაჯერებულობაზე და სწავლობს სხვების პატივისცემას. მოზარდობის ასაკში კი, პირადი სივრცის პატივისცემას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მისთვის ავტონომიურობა, უფროსების სამყაროსგან გამოყოფა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ბევრჯერ მომისმენია როგორ ბრაზობენ ისინი, როდესაც მშობლები მათ ოთახში დაუკითხავად შედიან, კარზე დაკაკუნების გარეშე. ეს მათთვის სიგნალია, რომ ჯერ კიდევ არ სცემენ პატივს მათ პირად სივრცეს. ალბათ, ყველა თინეიჯერის მშობელს შეუძლია მსგავსი “პრეტენზია” გაიხსენოს შვილის მხრიდან. ეს მათი ახირება არაა, ეს მათ სჭირდებათ საკუთარი პიროვნების საზღვრების საბოლოო ფორმირებისთვის. რაც შეეხება ონლაინ უსაფრთხოებას – ბავშვის პირადი მონაცემების, პირადი სივრცის დაცვას, სასურველია გვახსოვდეს, რომ ბავშვს ვთხოვოთ ნებართვა და მხოლოდ ამის შემდეგ გავასაჯაროოთ ის ფოტო თუ ვიდეო, სადაც მღერის, ცეკვავს ან უბრალოდ გახარებულია. ბავშვები მშობლებისგან, უფროსებისგან სწავლობენ, ჩვენ კი ყურადღებით უნდა ვიყოთ და გვახსოვდეს, სად გადის წითელი ხაზი. ვფიქრობ, მშობლობა – ეს არის ოქროს შუალედის პოვნა დადგენილი წესების, ლიმიტებისა და ბავშვის სურვილებს შორის, რომელიც მათთან ღია, გახსნილი და არაძალადობრივი კომუნიკაციით მიიღწევა.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5