Skip to content Skip to sidebar Skip to footer

დერმატოლოგ-ვენეროლოგი ნინო მოსაშვილი გვესაუბრება, როგორ დავიცვათ ბავშვები ზაფხულში მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან და მშობლებს სთავაზობს  რამდენიმე რეკომენდაციას. 

ზაფხული ის პერიოდია, როდესაც კანი მზის ზემოქმედების ქვეშ დიდი ხნით ექცევა და ბუნებრივი თავდაცვის მექანიზმი არასაკმარისი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ მზის სხივები აუმჯობესებს გუნება განწყობას, ამაღლებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს D ვიტამინის წარმოქმნას, ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას, მზეზე დიდხანს ყოფნა არცთუ უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის და განსაკუთრებით ბავშვებისთვის.

როგორ რეაგირებს ბავშვის კანი გარემოს ყოველდღიურ ზემოქმედებაზე?

ადამიანის კანს მრავალი ფუნქცია აკისრია, თუმცა მისი უმთავრესი ფუნქცია ბარიერული ფუნქციაა, შეინარჩუნოს ორგანიზმის ჰომეოსტაზი გარემოს ყოველდღიური ზემოქმედებისაგან. ბავშვის კანი გაცილებით უფრო დელიკატური და თხელია, ვიდრე ზრდასრულის, მასში მელანინის წარმოების პროცესები არასრულყოფილია, ბარიერული ფუნქცია კარგად არ არის განვითარებული და მეტად მგრძნობიარეა გარემოზე და განსაკუთრებით მზის სხივებზე.

როდესაც მზის სხივებზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ D ვიტამინის როლზე და სარგებელზეც…

D ვიტამინის უდავო როლი რაქიტისა და ოსტეომალაციის თავიდან ასაცილებლად კარგად არის ცნობილი. ულტრაიისფერი სხივი არის D ვიტამინის ერთ-ერთი საიმედო წყარო, ისინი მონაწილეობენ D ვიტამინის სინთეზში და იმისათვის , რომ მზის სხივების სასარგებლო გამოსხივება სახიფათოდ არ გადაგვექცეს, საჭიროა სიფრთხილე, რათა არ მოხდეს დოზის გადაჭარბება, რომელმაც მრავალი პრობლემა შეიძლება წარმოქმნას ბავშვებში და მოზრდილებშიც.

რა შეიძლება გამოიწვიოს მზეზე დიდხანს ყოფნამ და როგორ აისახება კანზე მისი ეფექტი?

მზის გამოსხივება ყოველთვის ერთნაირი არ არის, მის ინტენსივობას განსაზღვრავს წელიწადის დრო, გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და დღის მონაკვეთი. მზის სხივებს აქვთ აკუმულაციური ანუ შემკრები თვისება, თუ დიდი ხნის განმავლობაში ვართ მზის ქვეშ და ვიღებთ დასხივებას, მიღებული სხივები აკუმულირდება ჩვენს სხეულზე და ვითარდება გვერდითი ეფექტები: კანის დაზიანება, გამოშრობა, ელასტიურობის დაკარგვა, პიგმენტური ლაქების გაჩენა, დამწვრობა, კონტაქტური დერმატიტი და ა.შ.

რას იქნება თქვენი რეკომენდაციები მშობლებისთვის?

ეს ყველაფერი თავიდან  რომ ავიცილოთ,  გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:

  •  მკვეთრად განსაზღვრეთ ბავშვის მზეზე ყოფნის საათები. მზეზე ყოფნა შეგიძლიათ მხოლოდ დილით და საღამოს, როდესაც მზის სხივები ვერტიკალურად არ ეცემა, ანუ დარჩით გრილ ოთახში ან ჩრდილში 11- დან 17 საათამდე.
  • მზეზე ყოფნის დროს აუცილებელია გამოვიყენოთ მზისგან დამცავი საშუალებები, რომელიც იცავს კანს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისაგან. მზისგან დამცავი საშუალებების შეძენისას, დააკვირდით კონკრეტულ საშუალებას უზრუნველყოფს თუ არა ფართო სპექტრის დაცვას. ( UVA/ UVB დაცვა ) აბრევიატურა SPF ნიშნავს მზისგან დაცვას და დაცვის დონეებით განასხვავებენ: 10-15 ერთეული საბაზისოა,15-25 საშუალო დაცვა, ხოლო 30-50 მაღალი დაცვა . დამცავი საშუალებების არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ კანის ფოტოტიპი, რაც უფრო ღიაა კანის ფერი, მით უფრო მაღალი უნდა იყოს დაცვის ერთეული (მაგ : 50 + SPF) თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მზისგან დამცავი კრემები ვერ უზრუნველყოფს 100% დაცვას ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისაგან.
  • აუცილებელია ბავშვს თავზე ეხუროს ქუდი, რათა თავიდან ავიცილოთ მზის დარტყმა, უმჯობესია ფართო პანამას ტიპის ქუდი, რომელიც დაფარავს ბავშვის კისრის კანს. ასევე აუცილებელია თვალების დაცვა მზის სხივებისგან, რასაც უზრუნველყოფს სათვალე, თუ ბავშვი უარს ამბობს სათვალის ტარებაზე დაახურეთ პანამა.
  • ბავშვს და არამხოლოდ ბავშვებს, ასევე მოზარდებს ვურჩევ მიიღონ საკვები, რომელიც შეიცავს ბეტა კაროტინს – სტაფილო, ტკბილი კარტოფილი, გოგრა, გარგარი და  ისპანახი, თუ რა თქმა უნდა არ არსებობს ალერგია ამ საკვებზე. ბეტა კაროტინი აძლიერებს და იცავს სხეულს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისაგან. ასევე შესთავაზეთ თქვენს პატარას წყალი, წვენი, ხილის სასმელები.

თქვენი შვილის დასვენება, სუფთა ჰაერი, ცურვა, ზომიერი მზის აბაზანების დადებითი ეფექტი ხილული გახდება რამდენიმე კვირის შემდეგ.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5